ევროკავშირის, ნატოს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

მათ მოსკოვისადმი გასაგზავნი წერილის შინაარსი განიხილეს

1772375
ევროკავშირის, ნატოს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელიდან გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის, ნატოს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილეს საპასუხო წერილის ტექსტი, რომელიც უნდა გააგზავნონ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაგზავნილი წერილის საპასუხოდ. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ოფისიდან გავრცელებული განცხადებით, ოთხმხრივი სატელეფონო საუბარი შედგა ბორელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ეუთოს როტაციურ თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შორის და განიხილეს როგორც  უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხები, ასევე მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და დიპლომატიური აქტივობები მოსკოვის მოთხოვნებთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი ევროპის უსაფრთხოების რეორგანიზაციის შესახებ, რომლის შესახებაც ნათქვამია სერგეი ლავროვის მხრიდან გამოგზავნილ 31 იანვრით დათარიღებულ წერილში. ”საპასუხო წერილის შედგენისას ბორელმა, ბლინკენმა, სტოლტენბერგმა და რაუმ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხში ძირითადი პრინციპების შენარჩუნების აუცილებლობა,” აღინიშნა სატელეფონო შეხვედრაზე და ამასთან ხაზი გაესვა ეუთოს, როგორც სწორი პლატფორმის მნიშვნელობას მსგავს დისკუსიებში. როგორც ცნობილია მოსკოვმა, დეკემბერში აშშ-სა და ნატოსადმი გაგზავნილ წერილში მოითხოვა, რომ ნატოს უარი ეთქვა აღმოსავლეთით გაფართოებაზე და გაეყვანა თავისი ძალები აღმოსავლეთ ევროპიდან. გასულ კვირას ნატომ და აშშ-მა წერილობითი პასუხები გასცეს მოსკოვს და აღნიშნეს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გაგრძელდება და მზადაა მოლაპარაკებებისთვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და განიარაღება. ამერიკულ პრესაში გუშინ გავრცელებული ინფორმაციით კი, აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთისგან 31 იანვარს წერილი მიიღო, რომლის შინაარსზე რაიმე კომენტარი არავის არ გაუკეთებია.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #ეუთო , #აშშ , #ნატო , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები