პენტაგონის შეფი ირანს დაემუქრა

„თუ ვენის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ჩვენ სხვა ვარიანტებს მივმართავთ“

1745868
პენტაგონის შეფი ირანს დაემუქრა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ  ოსტინმა, პენტაგონის ოფისში უმასპინძლა თავის ისრაელელ კოლეგა ბენი განცს და შეხვედრის დაწყებამდე პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები შეაფასა რა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იცავს "ისრაელის ხარისხობრივ უპირატესობას“ რეგიონში და ამიტომ, თუ ირანთან მიმდინარე ეს ბირთვული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, მაშინ, ისინი სხვა ვარიანტებს მიმართავენ. “ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის ღრმა შეშფოთებას ირანის მთავრობის დესტაბილიზაციურ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის ტერორიზმის, სარაკეტო პროგრამისა და საგანგაშო ბირთვული მიღწევების მხარდაჭერის გამო“, აღნიშნა ოსტინმა. მისივე თქმით, აშშ-ი და ისრაელი "სრულიად შეთანხმდნენ" ირანის მხრიდან ატომური იარაღის მოპოვების აკრძალვაზე. "მე ღრმად ვარ შეშფოთებული ირანის მთავრობის ბოლო თვეების ბირთვული ქმედებებით, როგორც მისი მუდმივი პროვოკაციებით, ასევე კონსტრუქციული დიპლომატიური ჩართულობის ნაკლებობით. პენტაგონი, ირანული საფრთხეების წინააღმდეგ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონში ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით ისრაელთან. ჩვენ დავიცავთ რეგიონში ჩვენს თავსაც, ჩვენს მეგობრებსაც და ჩვენს ინტერესებსაც,“ აღნიშნა პენტაგონის შეფმა და იქვე დაამატა: “მოუთმენლად ველი ამ საკითხზე ჩვენი დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ირანის წინააღმდეგ ერთობლივ სამხედრო მომზადებასაც, რათა მან შეწყვიტოს რეგიონალური აგრესია და ამასთან ბირთვულ ამბიციებსაც ბოლო წერტილი დაუსვას. თუ ეს ბირთვული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, მაშინ, ჩვენს არჩევანში იქნება  სხვა ვარიანტებიც.“


საკვანძო სიტყვები: #ლოიდ ოსტინი , #მუქარა , #ირანი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები