„კუთხე-კუნჭული“ 20-2022

მარდინი

1828211
„კუთხე-კუნჭული“ 20-2022

„კუთხე-კუნჭული“ 20-2022

მარდინი

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.

 

თანამედროვეობისა და წარსულის სინთეზის გეოგრაფიულ არეალში მოგზაურობა თუ გსურთ მაშინ ქალაქი მარდინი თქვენთვის გამოწვევა იქნება. თურქეთში სირიის საზღვარზე, ანატოლიის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით დიჯლეს რეგიონში მდებარე მარდინი ერთი შეხედვით ქვის ქალაქია. იქ თითოეული შენობა თიხისფერი ქვითაა ნაგები და ბუნებასთან სრულ არქიტექტურულ ჰარმოანიას ჰქმნის. მთლიანი ქალაქი ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს. მარდინი ყველაზე მეტად კი იმითაა ცნობილი, რომ იქ ოთხივე მთავარი რელიგიის სამლოცველო იყრის თავს. ამ მრავალკულტუროვან, მრავალეროვან და მრავალენოვან ქალაქში მოსახლეობა ერთმანეთისადმი სამაგალითოდ შემწყნარებლურად და ურთიერთგაგებით ცხოვრობს. ყველა თავის ენაზე აღავლენს თავისი ღმერთის ლოცვებს და მეზობელსაც განსხვავებულად არ აღიქვამს. მარდინის ასეთი მულტიკულტურულობა მისმა აბრეშუმის გზაზე მდებარეობამაც განაპირობა. საუკუნეების მანძილზე აქ ბევრი კულტურა იყრიდა თავს. აბრეშუმის გზის მაგისტრალის ერთ-ერთი გაჩერების ფუნქციის მქონე ეს ქალაქი სტუმარს მასპინძლობდა და მისგან ახალ კულტურასაც ითვისებდა.

მდინარეების ევფრატსა და ტიგროსს შორის, ძველი მესოპოტამიის რეგიონში მდებარე მარდინი დღემდე ინარჩუნებს ტოლერანტობის სტატუსს.

დღევანდელ გადაცემაში მარდინის ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბების პროცესს მივადევნებთ თვალს.

მარდინი არაბული ენაში მარიდინი, ასურელთა ენაზე კი მარდედ იწოდება. ამ ეტიმოლოგიის შესახებ სხვადასხვა ცნობა არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით მარდინი სასანიანთა იმპერატორის არდეშირის მიერ მე-3-ე საუკუნეში ბრძოლით განთქმული ერის მარდელებისაგან მომდინარეობს.

მიუხედავად მარდინში მშვიდობიანი მოსახლეობისა, ის ყოველთვის თავისი თანხმობის გარეშე სხვადასხვა ცივილიზაციის ბრძოლის ცენტრად ქცეულა. არსებობს არქოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები, რომლებიც პალეოლითის ხანას მიეკუთვნება. მარდინი ზემო მესოპოტამიის ყველაზე ძველ ქალაქად მიიჩნევა. მოსახლეობა ურბანულ განსახლებას აქ ძვ.წ.აღ-ით 4500 წელს იწყებს. აქ ერთად თავსდება სუბართუს, შუმერის, აქადის, ბაბილონის, მითანის, ასურების, სპარსეთის, ბიზანტიის, არაბების, სელჩუკების, ართუქლების და ოსმალების პერიოდის ნაგებობები. ისინი ყველაზე ნათელი ნიშნულებია იმისა, თუ როგორი ისტორიული „ფენები“ გამოიარა მარდინმა და როგორ მოაღწია დღემდე იმავე სახელითა და უტყუარი არტეფაქტებით.

 

მარდინი ჩრდილოეთ სირიის არქიტექტურას ზედმიწევნით იმეორებს. თეთრი და მოყავისფრო-მოყვითალო კირქვისგან ნაგები სახლები უდაბნოს მსგავს გეოგრაფიულ მდებარეობას ჰარმონიულად ერწყმის. თაღოვანი კარები და ფანჯრები კი უმეტესწილად ხის მასალითაა შესრულებული. თითქმის ყველა სახლის პარმაღის წინ აივანი, რომელიც ნაწილობრივ მის ქვემოთ მდებარე სახლის სახურავიცაა, ისეა განლაგებული რომ დაისის პეიზაჟის ცქერაა შესაძლებელი, თანაც ისე რომ ერთმანეთის ხედს არავინ ეფარება. ასეთი არქიტექტურული განლაგება შეიძლება საუკუნეების მანძილზე აქ მცხოვრებთა ტოლერანტულობითაც იყოს გამოწვეული.

მულტიკულტურულობამ მარდინში მრავალფერი და მრავალგემოიანი გასტრონომიაც წარმოშვა. მარდინული სამზარეულო უფრო მეტ სიახლოვეს არაბულ, კერძოდ კი სირიულ სამზარეულოსთან იჩენს, თუმცა მისი ავთენტურობა მაინც გამოირჩევა.

აქ კერძები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ისტორიული მნიშვნელობის მატარებელიცაა. მარდინის გასტრონომიის სიმდიდრე მის მრავალსუნელებიანობაშია. კერძების შესუნელება უხსოვარი დროიდან დაწყებული საქმეა და დღემდე გულგრილს არ ტოვებს მის დასაგემოვნებლად ჩასულთ. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ამ ნახევრად უდაბნო ადგილას მწვანე ფერის საკვები იშვიათია, ამიტომაც ბოსტნეულზე უფრო მეტად აქ ხორცს მიირთმევენ, მესაქონლეობა მარდინის რეგიონის მიმდებარე სოფლებისათვის მთავარი შემოსავლის წყაროა. ამიტომაც სამზარეულოც ხორციანი კერძების ირგვლივ ტრიალებს. იჩლი კოფთე, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ კოტლეტი შიგნეულით ერთი შეხედვით უცნაური კერძია, რომლის მომზადებას ოსტატი და გამოცდილი ხელი სჭირდება. მას მოსდევს სებსუბექი, იროქი, ქიბე, ქითელი, რაჰა, ლებენიე და ყველის ნაირსახეობები, რომელიც ისევ და ისევ მარდინის რეგიონში მოსული ათასგვარი გამხმარი ბალახეულისა და სუნელებითაა წარმოდგენილი.

მარდინის ქუჩებსა და ბაზრებში ადგილობრივების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენებსაც წააწყდებით. იქ შეგიძლიათ შეიძინოთ ცნობილი მარდინული თელქარის სახელით ცნობილი ვერცხლის წვრილი მავთულებით დაწნული ხელოვნების ნიმუშები; თიხისა და სპილენძის საყოფაცხოვრებო ნივთები, თვალისმომჭრელი ბუნებრივი ფერადი ქსოვილები, მოსადაფებული ნივთები და ა.შ.

მხოლოდ მოინდომეთ და ესტუმრეთ მარდინს, ადგილობრივების სტუმართმოყვარული დამოკიდებულება და მზით გამთბარი ქვის ნაგებობების ცქერა დაგარწმუნებთ, რომ მარდინში ჩასვლა კიდევ მოგინდებათ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #მარდინი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები