„კუთხე-კუნჭული“ 5-2022

კალანდა თუ კალანდარი

1771546
„კუთხე-კუნჭული“ 5-2022

„კუთხე-კუნჭული“ 5-2022

კალანდა თუ კალანდარი

კალანდა საქართველოში 13 იანვრის ღამეს, ანუ 14 იანვარს აღინიშნება. მას ძველით ახალ წელსაც ეძახიან, თუმცა გურიის, აჭარის რეგიონებში კალანდად მოიხსენიებენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საზღვრის იქეთაც თურქეთის შავიზღვისპირეთში 13 იანვრის ღამეს ამავე სახელით „კალანდა ან კალენდარი“ ახალ წელს დღესასწაულობენ. საიდან მოდის ეს სახელწოდება, რას უკავშირდება და რა საერთო აქვს გურულ-აჭარულსა და ტრაპიზონულ კალანდებს, ამის შესახებ ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში.

კალანდარი რომაული კალენდრის პირველი თვე ანუ იანვარია. ჩვ.წ.აღ.-ის მიხედვით იანვრის მე-14-ე დღე კალენდრის პირველ დღეს ემთხვევა. ამ დღესასწაულს ისტორიული და კულტურული ძირები აქვს. ტრაპიზონის იმპერიის პერიოდიდან შემორჩენილი ეს დღესასწაული განსაკუთრებით ტრაპიზონისა და მაჩკას (მაჩხა) რეგიონებში აღინიშნება. მთავარ აღსანიშნ ადგილად კი დღემდე ტყით გარშემორტყმული სოფელი ლივერა მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ტრაპიზონის მაღალმთიან რეგიონში ამ დღესასწაულის აღნიშნვა ყოველთვის დიდთოვლიანობას ემთხვევა, ადგილობრივები თოვლს არ უფრთხიან და მრავალფეროვან რიტუალებს სახლის გარეთ ასრულებენ.

ლათინურ ენებზე „კალენდარი ან კალანდარი“ ტრაპიზონში მცხოვრები ძველი ბერძნების იგივე რუმების ენაზე ფორმირდა, როგორც „კალანტარის“, თუმცა დღეს ამ დღესასწაულს „კალანდარად“ მოიხსენიებენ. ეს დღესასწაული აერთიანებს შავიზღვისპირეთის ქართველებს, თურქებს, ბერძნებს, ჰემშინებს, ლაზებს, ჩერქეზებს. „მუბადელეს“ პერიოდში შავიზღვისპირეთიდან საბერძნეთში გადასახლებულმა ბერძნებმა კალანდარის აღნიშვნის რიტუალებიც თან წაიღეს და იქ გააგრძელეს მრავალსაუკუნავი ტრადიცია.

კალანდარის მთავარი შემადგენელი ნაწილი მეკვლეა. ისევე როგორც საქართველოში ტრაპიზონის რეგიონის სოფლებსა თუ დაბებში მეკვლე ამ ღამის მთავარი პერსონაჟია. რიტუალისადმი დამოკიდებული რწმენის მიხედვით, ის ვინც ღამის 12 საათის შემდეგ სახლის ზღურბლს გადააბიჯებს, მთელი წლის განმავლობაში ამ სახლში მცხოვრებთა ბედს განსაზღვრავს. ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ ვინ იქნება სახლის მეკვლე.

კალანდარს ანტიკურ ღმერთებსაც უკავშირებენ. დიონისოს რიტუალებიც თითქოს წააგავს კიდეც ამ დღესასწაულის ადათ-წესებს. გარეთ უზარმაზარ კოცონს ანთებენ და ახალგაზრდები ერთმანეთს გადახტომაშიც ეჯიბრებიან.

რომაულ პერიოდში კალანდარს უფრო მეტად პაგანური ხასიათი ჰქონდა. ბიზანტიის იმპერიის დროს კი მან ქრისტიანული ხასიათი შეიძინა და „კალადოფოტა“-ს სახელით აღინიშნებოდა.

ტრაპიზონში კალანდარის წინა დღეს, 13 იანვარს სახლის კარსა და ფანჯრებს ღიად ტოვებენ, რადგანაც სჯერათ, რომ დღესასწაულის ბარაქის ანგელოზი მათ სახლში შევა. ასევე საღამოსთვის მხოლოდ ამ დღისთვის განკუთვნილ კერძებს ამზადებენ. სადღესასწაულო მენიუ კი ამ კერძებისგან შედგება: კომბოსტოს ტოლმა, მოხრაკული ლობიოს მწნილი, გოგრის ტკბილეული, ქუიმაქი (ჭადისფქვილისა და ყველის ნარევი - ელარჯის მსგავსი მასა), ჭადი, კალანდარის ღვეზელი, ხამსის პური, ხამსის ფლავი და ა.შ.

სოფლებში უზარმაზარ ქვაბებში სიმინდს იგივე ქოლივას ხარშავენ. საღამოს კი მთელი ოჯახი ერთად სხდება და საზეიმო ვახშამს მიირთმევს. ღამის 12 საათის დადგომისთანავე მოსახლეობა სახლიდან გარეთ ეფინება და კოცონზე თოვლით სავსე ვეებერთელა ქვაბს დგამენ. ერთმანეთზე ხელიხელჩაკიდებულნი ცეცხლის ირგვლივ ჰორონს (ხორუმის მსგავსი ცეკვა, რომელშიც ქალები და კაცებიც არიან ჩართულნი) ცეკვავენ. შემდეგ კი ბავშვები და ახალგაზრდები პატარა თეატრალურ სანახაობას აწყობენ, რომელსაც „ქარაქონქოლოს“ ან „მომოიერს“ ეძახიან, ( ეს სიტყვები ძველი ბერძნულიდან „მთის კაცს, დათვს“ ნიშნავს). მათ სჯერათ, რომ იმ ღამით გადაცმული, უშნო შესახედაობის მთის არსება დადის და ამიტომ კოცონს მის დასაფრთხობად ანთებენ. შემდგომ ერთმანეთს ეშაირებიან და  თურქუების იგივე ფოლკლორული სიმღერის შესრულებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ასევე კარდაკარ დადიან და კარის გამღებს ჭილოფის პატარა ტომარას შეუგდებენ ხოლმე სახლში, რაც იმას ნიშნავს რომ მასპინძელმა ტომარა სახლის სანოვაგით უნდა გაავსოს და მათ ანუ მეკვლეებს მისცეს. ხშირად მეკვლეები სახეებს მალავენ, რომ მასპინძელმა ისინი ვერ იცნოს, მაგრამ თუ მასპინძელი მარჯვე გამოდგა და ახალგაზრდები იცნო, მაშინ ხუმრობის მიზნით ტომარაში სანოვაგის ნაცვლად კატის კნუტს ან შეშის ნაჭერს ან კიდევ ძველმანებს ჩაუდებს ხოლმე. ხოლო თუ გაუმართლათ და სანოვაგით ტომრები შეუვსეს, მაშინ ზეიმის დასასრულს სოფლის შუაგულში (მოედანზე) ყველა მეკვლე ერთად იკრიბება და სანოვაგეს თანაბრად ინაწილებს.

მართალია კალანდარის დღესასწაულმა სახე იცვალა, თუმცა ის ძირეული რიტუალები რაც ოდითგანვე სრულდებოდა ტრაპიზონსა და მის შემოგარენში ძველით ახალ წელს იგივე კალანდრობას, დაცულია.

გადაცემის დასასრულს მინდა გირჩიოთ ადგილობრივი (თურქული) და უცხოური ფილმის ფესტივალების არაერთგზის გამარჯვებული თურქული ფილმი „კალანდარის სიცივე“, რომელიც 2015 წელს მუსტაფა ქარამ თურქულ-უნგრულ პროექტის ფარგლებში გადაიღო. ფილმის გადაღებები შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ იალაღზე, ასევე მაჩქას რაიონის სოფელ შიმშირლისა და ართვინის სოფელ მურღულში წარიმართა. მართალია ფილმში კალანდარის დღესასწაულის ფრაგმენეტები არაა მოცემული, თუმცა კალანდარის იგივე ძველით ახალი წლის განსაკუთრებით თოვლიანი და ცივი ზამთრის კადრებისა და ამ რეგიონების ვიზუალურად აღქმისათვის კარგი მაგალითი იქნება.



მსგავსი ინფორმაციები