„კუთხე-კუნჭული“ 40/2020

ბერგამა

1502421
„კუთხე-კუნჭული“ 40/2020

„კუთხე-კუნჭული“ 40/2020

ბერგამა

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

თურქეთში ბერგამაში მცხოვრებთა შესახებ ამბობენ, რომ მათ ძალიან გაუმართლათ, რადგანაც ანტიკური ლეგენდებისა და ცამდე აწვდენილი აწ უკვე ნახევრად ჩამონგრეული აკროპოლისის ქვების გვერდით უწევთ ცხოვრება. ამ მისტიურ ქალაქში დღეს შერეული მოსახლეობა ცხოვრობს. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იორუქები (yörükler) შეადგენენ. იორუქები თურქმენული წარმოშობის ეთნოსია, რომელიც მომთაბარე ცხოვრებითაა ცნობილი. თავი მესაქონლეობით გააქვთ, თუმცა ბერგამაში მათი ძირითადი შემოსავლის წყარო თუთუნის ყანებია. მართალია ისინი ისტორიული ბერგამას ე.წ. გაღმა მხარეს არიან დასახლებულნი, თუმცა აკროპოლისსა და სხვა ღირსშესანიშნაობებს, როგორც სანუკვარ საკუთრებას სიამაყით მოიხსენიებენ.

 

ისტორიული ბერგამას ისტორია კი ასე განვითარდა. ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად ბერგამა სიტყვა „პერგამონის“ იგივე პერგამენტისგან წარმოდგება. მართებულია, რომ ქალაქს ეს სახელი შეერჩა, რადგანაც ჯერ კიდევ პერგამონის სამეფოს პერიოდში პაპირუსის შემდეგ საქონლის ტყავის საწერად გამოყენებისა და მისი განვითარების შემდეგ სერიული ქაღალდის გამოშვებითაც გახდა ცნობილი. დღესაც ბერგამაში წააწყდებით თანამედროვე დიზაინით შესრულებულ ბუტიკ-მაღაზიებს, სადაც ძველი მეთოდით დამუშავებულ ტყავზე წარწერებსა და სურათებს დაატანენ ხოლმე.

ისტორიული ბერგამას ტერიტორია დღევანდელი ჩანაქქალედან ანტალიამდე, ხოლო იზმირიდან აფიონამდე ნაწილს მოიცავდა. ელინისტური ხანის კულტურული ცენტრის მატარებელი ეს ძველი სამეფო ჯერ სპარსელების ხელში, შემდეგ კი ალექსანდრე მაკედონელის სპარსელებთან გამარჯვების შედეგად მის სამფლობელოში გადავიდა. შემდგომში ეგვიპტის დინასტიიდან პტოლემაიოსის დახმარებით პერგამონის სამეფომ ტერიტორიები გააფართოვა და ჩრდილოეთით ქაზის მთიდან სამხრეთ გედიზის ხეობამდე გაიზარდა. პერგამონს ოქროს ხანა ძვ.წ.აღ.-ით მე-2-ე საუკუნეში, ეუმენე მეორის პერიოდში დაუდგა. მეფეს ეფესელი მეუღლე და მისგან ერთი ვაჟი არისტონიკოსი ჰყავდა. სწორედ მან გამეფებისთანავე რომის იმპერიას ომი გაუჩაღა, თუმცა ამ ომიდან ის დამარცხებული გამოვიდა. ამის შემდეგ პერგამონი რომის კუთვნილებაში გადავიდა.

რომის იმპერიის ორად გაყოფის შედეგად პერგამონი იგივე ბერგამა აღმოსავლეთ რომის შემადგენლობაში გადანაწილდა. ბიზანტიის პერიოდში ბერგამა ეფესოს საეპისკოპოსოს დაექვემდებარა. მე-7-ე საუკუნეში აქ მოსახელობის ძირითად ნაწილს სომხები და ებრაელები შეადგენდნენ. მე-15-ე საუკუნიდან ბერგამა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი გახდა.

1922 წლიდან კი ბერგამას რეგიონი ოფიციალურად შევიდა თურქეთის წინარესპუბლიკური ტერიტორიების სიაში.

დღეს ბერგამას არა მარტო ელინისტური ხანის აკროპოლისის სანახავად ჩასული ტურისტები არამედ მომლოცველებიც სტუმრობენ, რადგანაც სწორედ აქ მდებარეობს პირველი შვიდი ქრისტიანული ეკლესიიდან ერთ-ერთის ნიმუში. ბერგამას ცენტრში დღემდეა შემორჩენილი უზარმაზარი კოლონები, ხოლო ტერასებად შეფენილი ძველი ქალაქის ნანგრევებს შორისაა ამფითეატრი, რომელიც დღევანდელ ბერგამას  ზემოდან გადაჰყურებს. ბერგამას მუზეუმში დამთვალიერებლებს ელინისტური ხანიდან მოყოლებული განუმეორებელი სინატიფისა და დახვეწილობის მქონე ქანდაკებების ხილვა შეუძლია. ხელოვანთათვისაც ქანდაკებების სიმრავლით გამორჩეული ეს მუზეუმი უძველესი ესთეტიკის გასაცნობად იდეალური ადგილია.

 

 


საკვანძო სიტყვები: #ბერგამა , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები