კუთხე-კუნჭული 8/2019

კუთხე-კუნჭული 8/2019

1153809
კუთხე-კუნჭული 8/2019

კუთხე-კუნჭული 8/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

გამარჯობათ. ჩვენს გადაცემებში ხშირად ვსაუბრობ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ კულტურულ და სოციალურ მსგავსებებსა და განსხვავებულობაზე. დღევანდელი გადაცემის თემა ცხოველებს ეხება, უფრო კონკრეტულად კი განსაკუთრებული ჯიშის ძაღლებს, რომლებიც ორივე ქვეყანაში ერთგვარ ეროვნულ სიმბოლოდაც კი იქცა. თურქეთის მაგალითით რომ დავიწყოთ, ათასი წელია ძაღლი, რომლის ჯიშის სახელწოდებაა ქანგალი, ანატოლიის ტერიტორიაზე ცხოვრობს და მეცხვარეების მეგობარია. რამდენიმე საუკუნეა რაც ქანგალი ცხვრების დიდ ფარებს იცავს და ყველაზე საშიშ გარეულ ცხოველებსაც კი იგერიებს. მათი წარმოშობისა და გავრცელების არეალი სივასია, თუმცა, ისინი შიდა ანატოლიის რეგიონებშიც იოზგათში, ქაისერში, ჩორუმსა და თოქათშიც გვხვდება. ოსმალეთის იმპერიის პერიოდში ქანგალის ჯიშის ძაღლებს განსაკუთრებულად უვლიდნენ და სხვა ჯიშთან შერევას არიდებდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში მათი სუფთა სისხლი მაინც აირია, მაგრამ დღემდე დიდი ისტორიის მატარებელმა ცნობილმა თურქულმა მეცხვარე ძაღლებმა ჯიში გადაირჩინეს.

ქანგალის ჯიშის ძაღლები გარეგნულად ქართულ კავკასიურ ნაგაზს მოგვაგონებს. ქანგალის ძაღლების ფერი, ზოგადად, ნაცრისფერია, მათი თავის მოშავო შეფერილობა მათ შეურეველ, სუფთა სისხლზე მიუთითებს. წონა 50-დან 100 კგ.-მდე მერყეობს, უკანა ორ ფეხზე  მდგარი კი უკვე საშუალო ზომის ადამიანის მოცულობისაა. მათ ხასიათს რაც შეეხება, საკმაოდ ამაყნი და ჭკვიანი არსებები არიან. თვალები სულ წყლიანი აქვთ და გამომეტყველება სევდიანი. თუმცა სიხარულსაც  ძლიერი ემოციებით გამოხატავენ.

მსოფლიოს საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის  (FCI) გადაწყვეტილებით ქანგალის ძაღლები გამოცხადდა, როგორც „თურქული ქანგალის სახელწოდების განსკუთრებული ჯიში“. თურქეთში მათ იცნობენ, როგორც სივასის ქანგალს, ხოლო უცხოეთში როგორც თურქულ მეცხვარე ძაღლს. ისინი თურქეთის ერთგვარ კულტურულ სიმბოლოდაც კი იქცნენ.

ქართულ ეროვნულ არამატერიალურ მემკვიდრეობას კავკასიური წარმოშობის ძაღლები თავიანთი მედიდურობით წარმოადგენენ. ისტორიული წყაროების მიხედვით ისევე როგორც თურქეთში ქანგალი, ასევე კავკასიური ნაგაზის წარმოშობა საუკუნეებს ითვლის. ეს ჯიში, ქართველური ტომების მიერ გამოყვანილი უძველესი ჯიშია. „საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების“ სახელწოდების ინტერნეტ გვერდის თანახმად „ძაღლების ეს ჯიში პირველად, XIX საუკუნის დასაწყისში, გერმანელმა ზოოლოგმა მიულერმა საქართველოს მთიანეთში აღწერა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით არის განსაკუთრებით დიდი, „გვარიანი“ და გულადი ძაღლი. 1990 წელს ეს ძაღლი რუსმა „კინოლოგებმა“ მსოფლიო კინოლოგიურ საზოგადოებებში წარადგინეს ,კავკაზკაია ოვჩარკა”-ს სახელით, რაც ოფიციალურად დარეგისტრირდა საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში (FCI)  დამტკიცებული სტანდარტით“.

1992 წელს თერჯოლის რაიონის სოფ. სიქთარვაში წმიდა გიორგის მონასტრის ძმობამ დააფუძნა კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი „ტაბაკინი“, რომლის მიზანია ქართული პოპულაციის ნაგაზის სელექცია და პოპულარიზაცია.

ის რაც კავკასიურ ნაგაზსა და თურქულ ქანგალს აერთიანებს, მათი საქმიანობისადმი ერთგულებაა. ისინი, ცხვრების ფარების დამცველად და დარაჯად მსახურობენ. მათი საერთო მახასიათებელი ასევე ამტანიანობა და ბრძოლისუნარიანობაა. მათ საცხოვრებლად დიდი სივრცე სჭირდებათ, ამიტომაც ისინი მთებსა და დიდ, გაშლილ ველებზე მეცხვარე პატრონებთან ერთად იდებენ ბინას.

ეროვნული არამატერიალური კულტურის სიმდიდრის მახასიათებელია ის ფაქტი, რომ დღეს მსოფლიოში თურქული ქანგალისა და კავკასიური ნაგაზის იდენტიფიცირება მხოლოდ თურქულ და ქართულ კულტურასთან შეხებაში მოიხსენიება.

 

 



მსგავსი ინფორმაციები