უცხოური პრესა 29.06.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

520644
უცხოური პრესა 29.06.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ კატარული ალ ჯაზირას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ, ერდოღანმა სტამბოლში მომხდარი ტერაქტი დაგმო და განაცხადა, რომ უდანაშაულო ადამიანების სისხლით თურქეთის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის წარმოება ხდება. ერდოღანმა მთელი მსოფლიოს ქვეყნებს “ტერორისტული ორგანიზაციების გეგმების“ წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის გამოხატვა მოსთხოვა დაამატა, რომ თურქეთს ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის აღსაკვეთად საკმაო შესაძლებლობა და ძალა გააჩნია მიუხედავად იმისა, რომ მძიმე საფასურს იხდის. თურქეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა, რომ  თუ ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომა არ იქნება, ტერორისტული აქტები შესაძლოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდეს.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP იუწყება, რომ თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, სამშაბათს საღამოს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარო სამი ტერაქტის დროს 36 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეებიც და დაამატა, რომ კვალი დეაშზე მიუთითებს. მისივე თქმით, ბევრი ადამიანია დაშავებული. პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელთა ვინაობაც არ დაასახელა, აფეთქებამდე ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა. მისივე თქმით, საჰაერო მიმოსვლა ღამის სამი საათიდან ისევ აღსდგა.  

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა: „მინდა მთელს თურქ ხალხს ვუთხრა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათთან ერთად ვართ და ერთმანეთს მხარდაჭერას გავუწევთ.“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა კი აღნიშნა, რომ შეშფოთებულები არიან ტერაქტის გამო და დაამატა: „ტერაქტის უკანა მხარე ჯერ გაურკვეველია, თუმცა ყველა მინიშნება კიდევე ერთხელ იმაზე მიუთითებს, რომ მეტროპოლს თავს ტერორისტები დაესხნენ. ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ.“

ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრი“-ს თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ათათურქის სახელობის აეროპორტში გუშინ ღამით მომხდარი ტერაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ტერორიზმი საერთაშორისო საფრთხეა და მას საჭიროა ყველა ებრძოლოს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯევად ზარიფმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი დილით გაკეთებულ განცხადებაში „ტერორის მახინჯ სახედ“ შეაფასა. ზარიფმა „ტვიტერით“ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ტერორმა მახინჯი სახე მეგობარი და მეზობელი ქვეყნის აეროპორტში კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ექსტრემიზმის მომხრე ძალადობა საერთაშორისო საფრთხეა და საჭიროა მას ყველა ებრძოლოს.“ თურქეთის პოლიციის აზრით, პირველადი მტკიცებულებები მიუთითებს რომ აფეთქების უკან დეაში დგას.  


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები