თურქული პრესა 11.05.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1825291
თურქული პრესა 11.05.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ ჯომერთ ტოკაევი ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში თურქეთსა და ყაზახეთს შორის 15 ხელშეკრულება გაფორმდა ტრანსპორტის, თავდაცვის მრეწველობის, სამხედრო დაზვერვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კულტურის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტირების, ვაჭრობის, საბაჟო, გარემოს დაცვის, განათლების, ახალგაზრდობის, კომუნიკაციისა და არქივის სფეროებში.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციაში სოლიდარობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ერდოღანმა თქვა, რომ მათ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ ჯომერთ ტოკაევთან ერთად კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, შეინარჩუნონ თურქეთ-ყაზახეთის სოლიდარობა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაცია, ასევე გაერო, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია.

რიზე-ართვინის აეროპორტი განისაზღვრა, როგორც მუდმივი საჰაერო სასაზღვრო კარი, რომელიც ღია იქნება საერთაშორისო შესვლა-გასვლისთვის. - წერს გაზეთი „საბაჰი“. რიზე-ართვინის აეროპორტის გახსნა 14 მაისს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მონაწილეობით გაიმართება.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, 26-29 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მსოფლიოში ყველაზე დიდი საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიების ფესტივალი „ტექნოფესტი“ გაიმართება. „ტექნოფესტი“ ბაქოს „კრისტალ ჰოლში“ და ზღვისპირა ბულვარის ეროვნულ პარკში 4 დღის მანძილზე გაგრძელდება.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, Eti Maden İşletmeleri-ის მმართელი საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, სერქან ქელეშერმა განაცხადა, რომ თურქეთი ფლობს ბორის მსოფლიო მარაგის 73 პროცენტს და დაამატა: „თურქეთს მარტო შეუძლია მიაწოდოს მსოფლიოს დაახლოებით ათასი წლის სამყოფი ბორი“. ბორი განიხილება, როგორც მომავლის ენერგიის ერთ-ერთი წყარო.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები