თურქული პრესა 02.06.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1427776
თურქული პრესა 02.06.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტტინ ქოჯამ გუშინ, Twitter-ის ანგარიშიდან ახალი მესიჯი გაავრცელა კორონავირუსის (კოვიდ-19) ბოლო მონაცემების შესახებ და თქვა, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტთა საერთო რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობა კი სავარაუდოს დონეზეა. “მძიმე ავადმყოფთა და რესპირატორული დახმარების გამომყენებელთა რიცხვიც დღითიდღე მცირდება, ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ჰიგიენის დაცვაზე, ნიღბის ტარებაზე და სოციალური დისტანციის დაცვაზე, ასე რომ, მკაცრი ღონისძიებების გატარება, უკეთესი შედეგების გარანტიია,” აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი, წერს სტარი

Sabah-ი იუწყება, რომ თურქეთის მმართველი იუსტიციის და განვითარების პარტიის პრეს-სპიკერმა ომერ ჩელიქმა, ძალზე მკაცრი რეაგირება მოახდინა სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ მხარეში მდებარე ლიმასოლის ქოპრილის სახელობის მეჩეთის დაწვის მცდელობის მიმართ. Twitter-ზე გამოქვეყნებულ მესიჯში ჩელიქი წერს: "კვიპროსის ბერძნულმა ადმინისტრაციამ მკაცრი სიფრთხილის ზომები უნდა მიიღოს როგორც ანტი-ისლამური ფაშისტების წინააღმდეგ, ასევე უნდა იბრძოლოს იმ პოლიტიკისა და ენის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უწყობს ისლამის და თურქების მიმართ მტრული განწყობის შექმნას, ხოლო ამის პარალელურად, სამხრეთ კვიპროსის ადმინისტრაციამ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოძებნოს და დასაჯოს დამნაშავეები.“

Hürriyet-ის ცნობით, "Fatih/ფათიჰ“-ის სახელწოდების საბურღი გემი, რომელიც გუშინწინ სტამბოლიდან გავიდა და შავ ზღვაში შევიდა, უკვე ტრაპიზონშია და აქ მოემზადება პირველი საბურღი საქმიანობის დასაწყებად. ამ მიზნით გემზე დამონტაჟდება სპეციალური ამწე, რომლის ნაწილები უკვე ჩატანილია ტრაპიზონის ნავსადგურში. ენერგეტიკის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობისა და ბუნებრივი აირის საძიებო პირველი გაბურღვა Tuna-1 შელფში, რომელიც მდებარეობს ერეგლის მახლობლად, 15 ივლისს დაიწყება და  ამ გაბურღვის მიმართ იმედიანად არიან განწყობილი

"თურქეთის ავიახაზებმა შიდა ფრენები დაიწყო", ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Haber Türk-ი და მასში ვკითხულობთ: კორონავირუსის ეპიდემიის გამო მიღებული მკაცრი შეზღუდვები თურქეთში გუშინ გაუქმებულ იქნა და ქვეყანა ნორმალიზაციის გზას დაადგა. სწორედ მის ფარგლებში თურქეთის ავიაკომპანიამ მომსახურება დაიწყო და პირველი რეისი სტამბოლი-ანკარას შორის განახორციელა. ”ჩვენ არასოდეს არ წავალთ  ნიღბების ტარების, სოციალური დისტანციის სრული დაცვისა და პირადი და ინსტიტუციური ჰიგიენის ზომების მიღების კომპრომისზე,”-განაცხადა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ, რომელიც ხსენებული რეისის მგზავრი იყო, აღნიშნავს ჰაბერთურქი

Vatan-ი, გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-დან გადმოთარგმნილ სტატიას ბეჭდავს, რომლის მიხედვითაც,  თურქეთი, ახალი თაობის საიდუმლო შეიარაღებული უპილოტო თვითმფრინავის მფლობელი ძალა გახდა. გერმანულ ჟურნალში აღნიშნულია, რომ ანკარა, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ (სირიისა და ერაყის ჩრდილოეთი) აქტიურად და წარმატებით იყენებს “Bayraktar/ბაირაქტარ TB2“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს. “შეიძლება ითქვას, რომ ეს უპილოტოები, თურქეთის თავდაცვის მრეწველობაში ყველაზე ეფექტურ იარაღს წარმოადგენენ“, ასკვნის Der Spiegel-ი, წერს ვათანი



მსგავსი ინფორმაციები