თურქული პრესა 27.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1347915
თურქული პრესა 27.01.2020

      

       

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გუშინ, აფრიკის ქვეყნებში გამგზავრების წინ სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა და დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. იგი ელაზიღის მიწისძვრასაც შეეხო და თქვა, რომ მიწისძვრის პირველი საათებიდანვე ქვეყნის ყველა ორგანიზაცია-დაწესებულება დაზარალებულების გვერდით დადგა და სასწრაფოდ გაუგზავნეს მათ საჭირო და აუცილებელი მასალებიც და სურსათ-სანოვაგეც

Yeni Şafak-ი თურქეთის ვიცე პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის მიწისძვრასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას უთმობს, რომელშიც იგი ამბობს, რომ მიწისძვრის კვალდაკვალ ნამდვილი პროფესიონალური მიდგომა გამოიჩინა თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველომ, AFAD-მა, რომელმაც სასწრაფო ჩარევის გეგმა შეადგინა და მის ფარგლებში კრიზისის კოორდინაციის ცენტრი შექმნა. ვიცე-პრეზიდენტმა აფადს მადლობა გადაუხადა სწრაფი რეაგირებისათვის და თქვა: "ჩვენ მიწისძვრის ზონაში ყველაფერს ვაკონტროლებთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ძალიან მაღალი პროფესიონალური მუშაობა გამოვიჩინეთ."

Sabah-ი შინაგან საქმეთა მინისტრ სულემან სოილუს გუშინდელ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ ელაზიღში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო და საძიებო ეკიპაჟების  სწრაფი მობილიზება მოახდინეს და მათაც, თავდაუზოგავი მცდელობების შედეგად ნანგრევებისაგან იხსნეს 45 ადამიანი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მინისტრის თქმითვე, მიწისძვრის ზონაში უკვე 10 ათასზე მეტი კარავია გაგზავნილი.

“სარკინიგზო მანქანების ექსპორტი 147%-ით გაიზარდა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი ეკონომიკურ გვერდზე და მასში ვკითხულობთ: თურქეთში 2019 წელს სარკინიგზო მანქანების ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 147 პროცენტით გაიზარდა. ულუდაღის საავტომობილო მრეწველობის ექსპორტიორთა ასოციაციიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საავტომობილო სექტორის ქვეჯგუფებიდან სარკინიგზო მანქანების ექსპორტი 2018 წელს თუ 27,6  მილიონი დოლარი იყო, 2019 წელს იგი 68,4 მილიონამდე გაიზარდა

Haber Türk-ი სპორტულ გვერდზე მიწისძვრით დაზარალებულთათვის მეტად საინტერესო და სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი მიხედვით, კალათბურთში თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრმა გედი ოსმანმა, რომელიც ამერიკის საკალათბურთო ლიგა NBA-ში, Cleveland Cavaliers-ში თამაშობს, კლივლენდ-ჩიკაგოს გუშინდელი მატჩის მსვლელობის დროს დახმარების კამპანია მოაწყო ელაზიღში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისათვის. მან ყოველი სამქულიანი კალათისთვის 200 დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა და მატჩის ბოლოსათვის შეგროვილმა დახმარების კამპანიამ 385 ათას დოლარს გადააჭარბა

 



მსგავსი ინფორმაციები