თურქული პრესა 10.07.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1233267
თურქული პრესა 10.07.2019

                                         

      

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, სარაევოში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, თავის გუშინდელ გამოსვლაში მნიშვნელოვანი მესიჯები გაავრცელა. "ევროკავშირის ქვეყნები, თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ლტოლვილთა კვოტებზე და მათ მიღებაზე ერთმანეთს არ ეთანხმებიან და კინკლაობენ, როცა თურქეთი 8 წელია რაც 4 მილიონზე მეტ ლტოლვილს მასპინძლობს. გარდა ამისა, სწორედ თურქეთი იცავს ყველაზე მეტად ევროპის უსაფრთხოებასაც, მაგრამ, ამ რთული პროცესის დროს, ჩვენი მეგობარი და მოკავშირე ევროპელებისგან რაიმე ხელმოსაკიდი დახმარება და მხარდაჭერა არ მიგვიღია, თანაც, თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებში. ამიტომაც მათგან, ჩვენს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ვითხოვთ", განაცხადა ერდოღანმა, წერს ჰურრიეთი

“თურქეთი მსოფლიოს ლოგისტიკური ცენტრი ხდება“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული აბრეშუმის გზის თანამედროვე პროექტის დიდი მონაკვეთი თურქეთზე გაივლის და ფაქტიურად იგი, ახლიდან  გზაჯვარედინი ხდება ამ ორ კონტინენტს შორის. სწორედ მის ფარგლებში, ჩინეთიდან დაწყებული ინგლისამდე გამავალი რკინიგზის მარშრუტზე, მარტო თურქეთის ტერიტორიაზე 21 ლოგისტიკური ცენტრი გაშენდება, რომელთაგანაც ცხრა ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია და როცა ყველა ეს ცენტრი გადაეცემა ექსპლოატაციაში და ლონდონ-პეკინის დამაკავშირებელი რკინიგზის მაგისტრალიც სრული დატვირთვით იმუშავებს, ამ ლოგისტიკურ ცენტრებში ყოველდღიურად, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი და პროდუქცია გაივლის    

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთის ხელისუფლების მიერ გუშინ გამოცხადებულ მე-11 აღორძინების სახელმწიფო გეგმას აანალიზებს და წერს, რომ ხსენებული ეროვნული განვითარების პროგრამის  ფარგლებში, თურქეთში ინსტიტუციონალურად ძლიერი სტრუქტურის მქონე ფინანსური სექტორის შექმნის მიზნით, მრავალფეროვნულ ინსტრუმენტებს გამოიყენებენ და მის კონტექსტში, საერთო  ჯაჭვურ ბაზაზე დაფუძნებულ, ციფრული ცენტრალური ბანკის ფულად პოლიტიკასაც განახორციელებენ

Star-ი, თურქი მეცნიერ-მკვლევარის, დოცენტი დოქტორის, სადი ვურალის მიერ გამოგონებულ და განვითარებულ ე.წ. "სახის ამოცნობის სისტემას“ ეხება და ხაზს უსვამს, რომ ეს ტექნიკა უკვე მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში გამოიყენება. “ეს სისტემა პირველად გასულ წელს, არგენტინაში ჩატარებულ დიდ ოციანთა სამიტზე გამოიყენეს და ამით უნდოდათ გამოევლინათ, მსოფლიოს რომელიმე ლიდერი იყო თუ არა წარმოდგენილი დუბლიორით. მას შემდეგ კი, ამ სისტემას იყენებენ ასევე გაეროს სასაზღვრო უსაფრთხოების საქმიანობაშიც“, აღნიშნავს სტარი

Yenişafak-ი კულტურისა და ხელოვნების გვერდზე წერს, რომ

სტამბოლში სტარტი აიღო საერთაშორისო ფესტივალმა სახელწოდებით, "საერთაშორისო ხელოვნება, ცივილიზაციათა სინათლეა". ეს ფესტივალი წელს პირველად იმართება და მას ესწრება რა 25 ქვეყნიდან 250-ზე მეტი ხელოვანი, მისგან მიღებული ყველანაირი შემოსავალი სირიელ ლტოლვილებზე დაიხარჯება, წერს იენი შაფაკი



მსგავსი ინფორმაციები