თურქული პრესა 13.03.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1162500
თურქული პრესა 13.03.2019

                                       

                          

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა გუშინ, სტამბოლში საზეიმო ცერემონიით გახსნა ამ მეგა ქალაქის აზიური და ევროპული ნაწილების დამაკავშირებელი საგარეუბნო მატარებლის ხაზი გებზე-ჰალქალი და ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სწორედ ეს მონაკვეთი, რომელიც ბოსფორის სრუტის ქვეშ გაივლის, დააკავშირებს ასევე ე.წ. აბრეშუმის გზის მაგისტრალით გათვალისწინებულ, ლონდონ-პეკინის სარკინიგზო მაგისტრალს

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ TANAP-ით, ე.ი. ტრანს ანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენით, რომლითაც აზერბაიჯანის აირი ევროპაში ტრანსპორტირდება, გასული წლის 30 ივნისიდან, მიმდინარე წლის 1 მარტამდე, თურქეთში ტრანსპორტირებულ იქნა 1 მილიარდ 250 მილიონი კუბური მეტრი აირი, ხოლო 2019 წლის ბოლომდის ამ მილსადენით მთლიანობაში 4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება ტრანსპორტირებული. “სხვათა შორის, ამ ტანაპის პროექტის მშენებლობის დროს, თურქეთის ტერიტორიაზე 9 ახალი სახეობის არსება, 1 ახალი სახეობის მცენარე და 154 არქეოლოგიური ველიც იქნა აღმოჩენილი“, იტყობინება გაზეთ ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი    

“თურქეთის კურორტებს წელს მაღალი შემოსავლის მქონე რუსი ტურისტები ესტუმრებიან“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ტურიზმის სამინისტრო ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა რუსეთის მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფები, ევროპის ნაცვლად თურქეთში ჩამოვიდნენ და ამ მიზნით მრავალი ახალი ტურისტული და კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელთა საპატიო სტუმრები, რუსული ტურ ოპერატორები იქნებიან. სწორედ ამავე გეგმის ფარგლებში, რუსეთიდან სტამბოლის და ანტალიის გარდა, თურქეთის სხვა ქალაქებშიც დაინიშნება ავია რეისები,  ხოლო ტურიზმის პროფესიულ უმაღლეს სასწავლებლებში კი, რუსული ენის შესწავლა, სავალდებულო ენებში შევა

Sabah-ის მიხედვით, ამ ბოლო წლებში თურქეთისადმი დიდი დაინტერესება გამოიჩინეს ლათინური ამერიკის მოქალაქეებმაც. ასე მაგალითად, გასულ წელს ხსენებული ქვეყნებიდან 252 ათასზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 60%-ით მეტია და აქედან ყველაზე მეტი ბრაზილიიდან ჩამოვიდა. ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება, განსაკუთრებით რწმენის ტურიზმის კონტექსტში და ამან ხელი შეუწყო ასევე თურქეთის ავიახაზების მიერ ლათინური ამერიკის ქვეყნებში რეისების და მის ფარგლებში კი მგზავრთა რაოდენობის გაზრდაც. თურქეთის ავიახაზებიდან მიღებული ცნობებით, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში 21%-ით გაიზარდა ლათინური ამერიკიდან ჩამოსულთა რაოდენობა და 70 ათასს კაცს გადააჭარბა

Haber Türk-ი სპორტულ გვერდზე თურქეთის სუპერ ლიგაში მოთამაშე სტამბოლური საფეხბურთო კლუბის, “Medipol Başakşehir”-ის წარმატებას ეხება და აღნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში ამ კლუბის, რომელიც ამჟამად სუპერლიგას ლიდერობს, განსაკუთრებით დაცვა კარგად თამაშობს, რის გამოხატულებაა 25 თამაშში მხოლოდ 12 გოლის მიღება, რაც ევროპის მასშტაბითაც ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელია, ვინაიდან, თითო მატჩში საშუალოდ 0,48 გოლი აქვს მიღებული. მას ევროპაში მხოლოდ ლივერპული უახლოვდება, რომელსაც 30 თამაშში 17 გოლი აქვს კარში მიღებული, რაც თითო თამაშში 0,56 გოლის ეკვივალენტია



მსგავსი ინფორმაციები