თურქული პრესა 17.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1070368
თურქული პრესა 17.10.2018

 

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანმა გუშინ, მმართველი პარტიის ფრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკას კიდევ ერთხელ მოუწოდა, სირიის მენბიჩის რეგიონთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს და აქ განლაგებული ქურთი ტერორისტები რეგიონიდან გააყვანინოს. “აშშ-თურქეთს შორის 4 ივნისს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ამერიკას 90 დღის განმავლობაში მენბიჩიდან უნდა გაეყვანა ქურთული ტერ ორგანიზაციის PKK/PYD/YPG-ს ბოევიკები, მაგრამ, ეს შეთანხმება არ შესრულდა. “ახლა ჩვენ თვით უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საზღვრის უსაფრთხოებაზე, არამედ რეგიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებაზეც და ბოლო უნდა მოვუღოთ აქ ქურთების ტერორიზმს“, განაცხადა ერდოღანმა, წერს იენი შაფაკი

Hürriyet-ი მენბიჩის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს მხრიდან გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ისიც მოუწოდებს ამერიკას, გააყვანინოს ხსენებული არაბული რეგიონიდან ქურთი ტერორისტები, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთის არმია მათ წინააღმდეგ ოპერაციას დაიწყებს არა მხოლოდ ევფრატის დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთშიც და მთლიანად უსაფრთხოს გახდის თურქეთის საზღვრებს

Haber Türk-ი ეკონომიკის გვერდზე თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის აგვისტოს თვის სამრეწველო წარმოების მონაცემებს აშუქებს და წერს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მატებამ ამ სექტორში 1,7%-ი შეადგინა. ყველაზე მეტად ამ თვეში გაიზარდა სამთო სექტორი, რომლის ინდექსი წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 6.1% შეადგინა, ხოლო მას 2.9%-იანი მატებით ელექტრო წარმოება და განაწილების სექტორი მოჰყვებიან

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ თურქეთის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას უფრო და უფრო ზრდის და მის ფარგლებში დიდ შეკვეთებს იღებს უცხოეთიდანაც. სწორედ მისი ეგიდით ამ დღეებში პაკისტანის საზღვაო ფლოტს გადასცეს ზღვაში მომმარაგებელი გემი, რომლის საშუალო სიჩქარე საათში 20 საზღვაო მილია, სიგრძე 158 მეტრი, სიგანე 22 მეტრი, ტევადობა 15600 ტონა, აქვს ვერტმფრენების დასაჯდომი პლატფორმა და პაკისტანელებმა თურქული წარმოების ამ გემს "PNS MOAWIN"-ი დაარქვეს

Star-ი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ქიმიის დარგში, თურქმა პროფესორმა აზიზ სანჯარმა თავის მრავალრიცხოვან რეგალიებს კიდევ ერთი შეჰმატა. უზბეკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალურად მის სახელზე გამართულ კონფერენციაზე მას უზბეკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება და ორდენი გადაეცა



მსგავსი ინფორმაციები