თურქული პრესა 12.06.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

750756
თურქული პრესა 12.06.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ SABAH-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ერდოღანი გუშინ თურქული ჰუმანიტარული ორგანიზაციის,  Kızılay-ის დაჯილდოების ცერემონიას შეუერთდა და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ თურქეთი მსოფლიოს ყველა წერტილში დაჩაგრულის ხმა არის. “თავის დროზე კიზილაი შეიქმნა ომის ველზე დაჭრილებისათვის დახმარების აღმოსაჩენად, მაგრამ, დროთა განმავლობაში იგი დაჩაგრულების იმედიც გახდა რა, დღეს იგი მსოფლიოს ოთხივ კუთხეში ქველმოქმედების და ჰუმანიზმის დიდ მაგალითებს აჩვენებს, რითაც ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც მილიონობით ადამიანის მადლიერება დაიმსახურა“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ დღეს, თუ  თურქეთი მსოფლიოს ყველაზე უდიდესი ოდენობის, მილიონობით სირიელის კვებას და ბინადრობას სხვების დაუხმარებლად უზრუნველყოფს,   ამაში უდიდესი წვლილი სწორედ კიზილაის შეაქვს

HABER TÜRK-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: კატარს 5 დღეში იზმირიდან 15 თვითმფრინავით ათასი ტონა სურსათი გაეგზავნა“ და მასში ვკითხულობთ: როგორც ცნობილია გასულ კვირას მრავალმა არაბულმა სახელმწიფომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა კატართან და მას შემდეგ ანკარა დღეში სამი თვითმფრინავით სხვადასხვა დასახელების კვების პროდუქტებს და წყალს უგზავნის კატარს. ეს დახმარება თურქეთმა ქვეყნის პრეზიდენტის, ერდოღანის განკარგულებით დაიწყო და მას კოორდინირებას უწევს ეკონომიკის მინისტრი ნიჰატ ზეიბექჩი. ასე რომ, იზმირის აეროპორტიდან პროდუქტებით და წყლით დატვირთული 15 თვითმფრინავი უკვე ჩავიდა დოჰას აეროპორტში, საიდანაც ეს დახმარება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში იგზავნება    

VATAN-ის სპორტული მიმომხილველის მიხედვით, კატარისადმი სრული მხარდაჭერა გამოთქვა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ. ფიფას თავჯდომარემ, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ კატარის კრიზისის მიუხედავად არ კარგავენ იმედს, ეს ქვეყანა აუცილებლად მოასწრებს და კარგად მოემზადება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისათვის. “FIFA ახლოდან აკვირდება ყურეში მიმდინარე პროცესებს და ამის პარალელურად მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით კატარის მაღალჩინოსნებთან. 5 წელი სრულიად საკმარისია მსოფლიო ჩემპიონატის მზადებისათვის და თუ ფეხბურთი კატარში ამჟამად შექმნილ ვითარებას გააუმჯობესებს, მაშინ, მზად ვართ მასში ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ“, განაცხადა ინფანტინომ

YENİ ŞAFAK-ი წერს, რომ დედამიწას ამ ბოლო ათწლეულებში თავს დამტყდარი ერთ ერთი ყველაზე უდიდესი ბუნებრივი უბედურება, გაუდაბნოება გრძელდება და დღეს იგი 168 ქვეყანაში მცხოვრებ 1,5 მილიარდ ადამიანზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ამავე სტატიით, ყოველ წელს 12 მილიონამდე ჰექტარი ფართობი ეროზიას განიცდის, ამიტომაც მომავალი ათი წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 2%-ი უვარგისი გახდება. გარდა ამისა, ყოველწლიურად 5,2 მილიონი ჰექტარი ტყეც ქრება და მისი საერთო ფართობიც მცირდება. თურქეთმა გაუდაბნოებასთან ბრძოლის უამრავი ღონისძიებები მიიღო და სპეციალური სამოქმედო გეგმებიც მოამზადა. ერთ ერთი ასეთი გეგმით, 2023 წლამდე თურქეთში, მთელი დედამიწის მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის, 7 მილიარდი კაცის სახელით ამდენივე ოდენობის ნერგს დარგავენ, ხაზს უსვამს იენი შაფაკი

“მილიონი დოლარის ღირებულების იახტებს ბოდრუმი უმასპინძლებს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს STAR-ი და მასში წერია, რომ 14-18 ივნისს შორის ბოდრუმის პალმარინაში კომფორტული იახტების გამოფენა სახელწოდებით, “Yachtshow Eurasla“ ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ადგილობრივი და უცხოური წარმოების იახტა. სწორედ ამ გამოფენაზე გასაყიდად გამოიტანება ყველა ზღვაოსნის საოცნებო იახტა, იტალიური  “San Lorenza 72, რომელიც 1 მილიონ 990 ათას ევროდ არის შეფასებული. ბოდრუმის გამოფენის ყველაზე ძვირად ღირებული იახტა კი “Serenity 2 გახდება, რომლის ფასი 32 მილიონი თურქული ლირა, ე.ი. დაახლოებით 8,5 მილიონი დოლარი იქნება



მსგავსი ინფორმაციები