თურქული პრესა 05.06.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

745803
თურქული პრესა 05.06.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც სირიის ქალაქ რაკკის დეაშელებისგან განთავისუფლების მიზნით ოპერაცია 3 ივნისს დილით ადრე დაიწყო. ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა და დაამატა, რომ ამ ოპერაციის დაწყების წინ აშშ-მა საჭირო ინფორმაციები მიაწოდა ანკარას. “ამერიკამ რაკკის განთავისუფლება ქურთულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიულ სამხედრო ფრთა PYD/YPG-თან ერთად დაიწყო, რის გამოც თურქეთის ხელისუფლებამ ვაშინგტონს თავისი შეშფოთება აცნო. ამის საპასუხოდ ამერიკამ ანკარას განუცხადა, რომ ქურთებთან დაახლოება მხოლოდ ტაქტიკურ ხასიათს ატარებს და არ აპირებენ მათთან გრძელვადიან კავშირს, ხოლო ამის პარალელურად გარანტია მისცა, რომ რაკკის ოპერაციის დასრულების შემდეგ ქურთებისთვის გადაცემულ მსხვილკალიბრიან იარაღებს და მძიმე ტექნიკას, რომელთა ინვენტარიზაცია და რეგისტრაციაც  გაკეთებული აქვთ, ისევ დაიბრუნებენ“, აღნიშნა პრემიერმა, წერს ჰურრიეთი    

Star-ი იუწყება, რომ დღეს ანკარას ეწვევა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი. ამჟამად ორ ქვეყანას შორის დაძაბული მდგომარეობაა გერმანიის მხრიდან პკკ-ას და ფეტოს ტერორისტებისათვის თავშესაფრის მიცემის გამო და ვიზიტის წინ გერმანელმა დიპლომატმა სცადა რა დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, თქვა, რომ პკკ-ას გერმანიაც ტერორისტულად აღიარებს და ამიტომ მათი ფინანსური წყაროებიც უნდა გადაკეტონ და გერმანიაში მათი მოღვაწეობაც უნდა აკრძალონ, რასაც დაჟინებით და სამართლიანად ითხოვს მათგან ანკარა

Sabah-ის ეკონომიკურ გვერდზე ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, "საბაჟო კავშირის ხელახალი გადასინჯვა თურქეთის შემოსავალს 1,3%-ით გაზრდის" და მასში ვკითხულობთ: ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კრისტიან ბერგერმა. მისივე თქმით, თურქეთთან საბაჟო შეთანხმების გადახედვის საკითხს ერდოღანის 25 მაისს ბრიუსელში ვიზიტის დროს მიაღწიეს. “ერდოღანის ვიზიტმა ახალი ფურცელი გახსნა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში და ჩვენ შორის პრობლემად ქცეული “ტერორის ცნობის“ ფორმულირებაშიც შეთანხმებას მივაღწევთ, რადგან, არ გვინდა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე თურქეთის ხელი შევასუსტოთ“, განაცხადა ბერგერმა, წერს საბაჰი

“ჰუმანიტარულმა გემმა გეზი სომალისკენ აიღო“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებასYeni Şafak"-ში, რომელშიც წერია: პრეზიდენტ ერდოღანის განკარგულებით თურქეთში მორიგი ჰუმანიტარული კამპანია დაიწყო სახელწოდებით: “გახდი იმედი“ და მის ფარგლებში თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება Kızılayı-მ, კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების სამმართველო AFAD-მა და თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო  TİKA-მ ერთობლივი მცდელობით 13 ათასი ტონა კვების პროდუქტები მოაგროვეს და ისინი გემ “სებათ“-ზე დატვირთეს რა, ეს გემი უკვე მერსინიდან გავიდა და სომალისკენ აიღო გეზი. გემის გასვლის ცერემონიას ვიცეპრემიერი ვეისი ქაინაქიც დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ გაახშირებენ სომალელი და სხვა აფრიკელი დამშეულებისათვის ასეთი ჰუმანიტარული დახმარებების გაგზავნას, ვკითხულობთ იენი შაფაკში

Habertürk-ის მიხედვით, ინდური კინო ინდუსტრიის მწარმოებელმა გიგანტმა  Bollywood-მა და დიდმა ირანულმა ფილმის მწარმოებელმა ფირმებმა კარგა ხანია რაც დიდ ბიუჯეტიანი ფილმებისა და სერიალების გადაღება დაიწყეს თურქეთში  და ახლა მათ რიგებს რუსეთიც შეემატა. როგორც განაცხადეს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროდან, რუსეთი და თურქეთი ერთობლივი ფილმებისა და სერიალების გადაღებას მალე დაიწყებენ. სტატიის მიხედვითვე, გასულ წელს უცხოელმა კინემატოგრაფებმა 30 ფილმი და სერიალი გადაიღეს თურქეთის პლატოებზე, ხოლო წელს მათი რიცხვი 50-ს გადააჭარბებს

 



მსგავსი ინფორმაციები