თურქული პრესა 16.02.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

673668
თურქული პრესა 16.02.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ HÜRRİYET-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში მოგზაურობის ტურის ფარგლებში ერდოღანი ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის შემდეგ კატარს ეწვია, სადაც მას ოფიციალური მიღება მოუწყო ამ ქვეყნის ემირმა შეიხ თემიმ ბინ ჰამად ალ სანიმ რა, განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები. ერდოღანმა მადლობა გადაუხადა კატარს გასული წლის 15 ივლისის პუტჩის მცდელობის დროს თავიდანვე თურქეთის ხელისუფლების გვერდით დადგომის გამო და ხაზი გაუსვა, რომ არ დაივიწყებენ მათ ამ თანადგომას. “კატარმა ამ ქმედებით გვიჩვენა, რომ იგი გაჭირვების დღის მეგობარია“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა, წერს ჰურრიეთი

YENİ ŞAFAK-ი იტყობინება, რომ 25 თებერვლიდან თურქეთში 16 აპრილისათვის დანიშნული საკონსტიტუციო რეფერენდუმის კამპანია იწყება და მანამდე, კონკრეტულად კი ამ შაბათს, პრემიერი ბინალი ილდირიმი გერმანიას ეწვევა და სიტყვით გამოვა ქალაქ ობერჰაუზენში შეკრებილი 15 ათასამდე თურქი ემიგრანტის წინაშე რა, მათ გააცნობს საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადავლის მიზეზებს და გერმანიაში მცხოვრებ თურქებს ამ პლებისციტისადმი მხარდაჭერას მოსთხოვს. იმავე დღეს ილდირიმი მიუნხენში გადავა და მონაწილეობას მიიღებს გლობალური უსაფრთხოების სამიტში, რომლის ფარგლებში პირისპირი შეხვედრა ექნება აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსისთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან, იუწყება იენი შაფაკი

HABER TÜRK-ი აშუქებს  ბელგიის და ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში გუშინ დაწყებულ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეკრებას და წერს, რომ ამ ბოლო დღეებში რუსეთ-აშშ-ს შორის უკრაინისა და ყირიმის კრიზისის გამო დაძაბულობა შავ ზღვაშიც გაიზარდა, ამიტომაც ბრიუსელში საბრძოლო მოქმედებების წარმოების წესების ვარიანტებსაც განიხილავენ და მის ფარგლებში დღეს შავ ზღვაში ნატოს ძალების შესაძლო მოქმედებებზეც გაამახვილებენ ყურადღებას

SABAH-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: სტამბოლის 45-ე მუსიკალური ფესტივალი 29 მაისს დაიწყება და მასში ვკითხულობთ: წლევანდელი ფესტივალის თემა “უჩვეულო“ იქნება და მას 29 მაისს გახსნის 2015 წლის ჩაიკოვსკის სახელობის ჩელოს კონკურსის გამარჯვებული, 23 წლის ვიოლონჩელისტი ანდრეი იონიტა. ამავე ფესტივალის ფარგლებში სტამბოლის სცენაზე გამოვლენ სანკ-პეტერბურგის ფილარმონიის კამერული ორკესტრი, ვენის კამერული ორკესტრი, ლონდონის კამერული ორკესტრი, სულ 600-მდე ადგილობრივი და უცხოელი ხელოვანი, მათ შორის ალინა პოგოცკინა, მატიას გოერნე, ჰუსეინ სერმეტი და ა.შ. საფესტივალო კონცერტები ჩატარდება სტამბოლის 15 სხვადასხვა სცენაზე, იტყობინება საბაჰი  

 



მსგავსი ინფორმაციები