თურქული პრესა 25.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

536952
თურქული პრესა 25.07.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ფეტულაჰელების აზრით 15 ივლისის სამხედრო გადატრიალებას დიდი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი უნდა გამოეწვია თურქეთში, მაგრამ, ეს კრიზისიც ხალხმა აღკვეთა, რადგან, იმის მაგივრად რომ პუტჩით დაშინებულებს ფულები გაეტანათ ბანკებიდან, პირიქით გააკეთეს, ე.წ. ბალიშების ქვეშ არსებული ოქრო ძვირფასეულობანი და დოლარები გადაახურდავეს და ანაბრების სახით შეიტანეს ბანკებში. ამას ადასტურებს პრემიერ ილდირიმის განცხადება, რომლის თქმითაც, მარტო გასულ კვირაში ხალხმა 8 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გადაახურდავა და ლირის სახით შეიტანეს საბანკო ანაბრებში, რათა სახელმწიფო დაეცვათ ფინანსური კრიზისისგან. “მოკლედ, ფასდაუდებელია თურქი ხალხის წვლილი პუტჩის აღკვეთაშიც და ფინანსური კრიზისის დაძლევაშიც“, ხაზს უსვამს პრემიერი, წერს სტარი

ვათანის ცნობით კი პუტჩის მიუხედავად თურქეთის საქმიანი სამყაროც იმედიანად არის განწყობილი და ამას ადასტურებს მათი მხრიდან გავრცელებული ოპტიმისტური განცხადებები. ეს კი თავისდათავად დადებით ზეგავლენას ახდენს საფონდო და სავალუტო ბირჟებზეც და ამიტომ, სამხედრო გადატრიალების მცდელობის მიუხედავად, ხსენებულ ბაზრებს შოკის მომგვრელი გამოწვევები არ გადაუტანიათ და ყველგან სიმშვიდე სუფევს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით თურქეთმა შეიძლება ეს პროცესი გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქად გადაიტანოს და შემდეგ ნახტომისებურ ეკონომიკურ ზრდაზე გადავიდეს  

“პუტჩის შემსწავლელი კომისია შეიქმნება“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს ჰაბერთურქი, რომელშიც ვკითხულობთ: 15 ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის კვალდაკვალ თურქეთის პარლამენტი აპირებს პუტჩის შემსწავლელი კომისიის შექმნას, რომელშიც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებიც შევლენ და ისინი შეხვდებიან რა პუტჩის მცდელობაში ეჭვმიტანილ და დაკავებულ, დაპატიმრებულ, ან განთავისუფლებულ პირებს, ზუსტად დაადგენენ გადატრიალების მცდელობების მიზეზებს, მოთავეებს, მონაწილეებს და მიზნებს. იგივე კომისია ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთა ჩვენებაზე დაყრდნობით დაადგენს, თუ როგორ და რა გზებით შეაღწიეს ფეტულაჰელებმა სამხედრო, სადაზვერვო და სახელმწიფო სტრუქტურებში და რა როლი მიუძღვის თითოეულ ფეტულაჰელს 15 ივლისის სამხედრო გადატრიალებაში

ჰურრიეთი იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაღის ტელეარხ Kanal 7-სათვის მიცემულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ ასი პროცენტითაა დარწმუნებული, პუტჩი სწორედაც რომ ფეტულაჰ გულენის ხელმძღვანელობით განხორციელდა და ამის შესახებ უეჭველად იცოდნენ ამერიკის სადაზვერვო სამსახურშიც და სახელმწიფო დეპარტამენტშიც

საბაჰი იტყობინება, რომ თურქეთის დიდ ქალაქებში კვლავ გრძელდება ე.წ. დემოკრატიის დაცვის მიტინგები და სახელმწიფო დროშებით გამოსული ხალხი გმობს და აპროტესტებს რა სახელმწიფო პუტჩს, მეორეს მხრივ ხელისუფლების გვერდით თანადგომას აგრძელებენ და სანამ პუტჩის საშიშროება მთლიანად არ ჩაივლის, მანამდის აპირებენ მოედნებზე დარჩენას


საკვანძო სიტყვები: #თურქული , #პრესა , #მოკლე , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები