თურქული პრესა 26.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

393192
თურქული პრესა 26.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ისლამური ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მუდმივი კომიტეტის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მიზეზი იმისა, რომ გუშინდელ დღემდე ამგვარ მოვლენას ადგილი არ ჰქონია, არის თურქეთის მოთმინება და კარგი განზრახვა. თურქეთი დაძაბულობის, კრიზისა და მტრობის მხარეს კი არა, ყოველთვის მშვიდობის, დიალოგისა და დიპლომატიის მხარეზეა. არავინ უნდა ელოდოს, რომ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოების მუდმივად დარღვევაზე, სუვერენული უფლებების არად ჩაგდებაზე, უფლებებისა და ჩვენი იურისპრუდენციის დარღვევაზე გავჩუმდებით და რეაქციას არ გამოვხატავთ. ამ ფაქტის გამწვავების მსგავსი განზრახვა არ გაგვაჩნია“.

„იენი შაფაკი“ იუწყება, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მხარებს შორის პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება. პრეზიდენტი ერდოღანი და რუსეთის სახელმწიფოს მეთაური პუტინი ორშაბათს პარიზში გასამართ კლიმატურ სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს, რომელსაც ასევე 147 ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობების ხელმძღვანელებიც დაესწრებიან. სამიტის ფარგლებში ერდოღანსა და პუტინს შორის ოფიციალური პირისპირი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ შესაძლოა პარიზში შეხვედრა გამართონ.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, თურქეთის საჰაერო სივრცე ბოლო თვეებში რუსულმა თვითმფრინავებმა სამჯერ დაარღვიეს. დარღვევები 2, 3 და 29 ოქტომბერს მოხდა, რის შემდეგაც რუს უფლებამოსილებთან ხუთჯერ შედგა საუბარი. ბოლო გაფრთხილება რუსეთს 29 ოქტომბერს ტელეფონით მისცეს და განუცხადეს, რომ განმეორების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ე. წ. ჩართულობის წესები. მეოთხე დარღვევის შემდეგ კი თურქულ F-16-ებს ცეცხლის გახსნის ბრძანება მიეცათ.

ევროკავშირსა და თურქეთს შორის 29 ნოემბერს ბრიუსელში გასამართი სამიტის შემდეგ გამოსაქვეყნებელი რეზოლუციის პროექტი დასრულებულია - წერს გაზეთი „ჰურიეთი“, რომლის მიხედვითაც, ვიზის გაუქმების საკითხზე მხარეების მიერ განსაზღვრული თარიღი 2016 წლის ოქტომბერია. პროექტში სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებით თურქეთის ტვირთის გადანაწილების მიზნით 3 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფაზე დეტალების გარეშეა საუბარი.

და ბოლოს, გაზეთი „იენი აქითი“-ს ცნობით, ანტიკურ ქალაქ სტრატონიკეაში მდებარე ოსმალური პერიოდის შაბან აღას მეჩეთი რესტავრირებული იქნება. არქეოლოგიური გათხრების ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფესორმა ბილალ სოღუთმა განაცხადა, რომ მუღლას დაბა იათაღანში მდებარე ანტიკურ ქალაქში მიმდინარეობს მუშაობა მნიშვნელოვანი ნაგებობის აღსადგენად. მისი თქმით, მეჩეთი დაახლეობით 150 წლის წინ შაბან აღამ ააგებინა, მას დროდადრო რესტავრაცია უტარდებოდა და ამჯერად კი მისისი სრული აღდგენა მოხდება.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები