თურქული პრესა 05.10.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

387666
თურქული პრესა 05.10.2015

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ ”ვათან”-ში გამოქვეყნებული სტატიით ”53 წლის შემდეგ პირველი სომხური სკოლა” და მასში ვკითხულობთ: თურქეთის განათლების სამინისტრო ეთნიკური უმცირესობებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. თურქეთის სომხურ დიასპორას 53 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება სომხური სკოლა გაეხსნა და ასეც მოხდა. ”დადიანი”-ს სახელწოდების სკოლა სტამბოლში ბაქირქოის რაიონში ამოქმედდა.

გაზეთი ”იენი შაფაქი” წერს, რომ ეკონომიკის განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაცია OECD-ს წარმომადგენლები წლიური შეჯამების გასაკეთებლად სტამბოლში იმყოფებიან. ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანგელ გურიას განცხადებით, თურქეთის ეკონომიკა წინსვლას განიცდის. მან ასევე მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდა შენელებულია. ამის პარალელურად კი თურქეთის ეკონომიკის, რომელმაც მიმდინარე წელს 3%-იანი ზრდა განიცადა, მომავალ წელს 4%-იან ზრდას ელოდებიან. ამიტომ ნათლად უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის ეკონომიკა წინსვლას განიცდის.

გაზეთი ”ჰაბერ თურქი” იტყობინება, რომ ართვინის იუსუფელის რაიონში ჭოროხზე მიმდინარე ართვინის კაშხლის მშენებლობის გამო მიმდებარე სოფლები შესვლისათვის აკრძალულ ზონად იქნა გამოცხადებული. მათ შორისაა სოფელი სებზეჯილერი, ინანლი და ჰავუზბაში. ამ სამივე სოფელში 120 მოსახლე ცხოვრობდა და ისინიც თანდათან ტოვებენ საკუთარ კერას.

გაზეთი ”საბაჰ”-ის მიხედვით, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე საერთაშორისო კომედიური ჟანრის ფილმების ფესტივალში 10 ქვეყნიდან 10-ზე მეტი ფილმი იღებს მონაწილეობას რომელთა შორისაცაა ”Gırgıriye”-ს სახელწოდების თურქული ფილმიც. თურქული ფილმი ფესტივალის მესამე დღეს იქნა ნაჩვენები და მან დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

გაზეთი ”ჰურრიეთი” წერს, რომ მარსზე წყლის აღმოჩენამ ადამიანებს იქ ცხოვრების იმედებიც გაუჩინა. სწორედ ამის ფარგლებში NASA-მ ”მარსის კოლონიები”-ს სახელწოდების საინჟინრო კონკურსი ჩაატარა. კონკურსში 168 პროექტს შორის თურქი ინჟინრის გუვენჩ ოზელის პროექტიც იყო წარდგენილი. ოზელის პროექტმა კონკურსში მეოთხე ადგილი დაიკავა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები