თურქული პრესა 05.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

332471
თურქული პრესა 05.07.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრემიერი დავუთოღლუ ორშაბათიდან კოალიციური მთავრობის შექმნის მიზნით შეხვედრებს დაიწყებს ოპოზიციურ პარტიებთან და მისი მიზანია პირველ რიგში თუნდაც ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც მინიმუმ 2 წელი მაინც იარსებებს, რადგან, თუ ახლა მთავრობას ვერ შექმნიან, მაშინ, ვადამდელ არჩევნებზე წასვლა მოუწევთ, რაც არ აწყობს არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას

“თურქული ფირმა ნავთობს ტეხასში აწარმოებს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰურრიეთში და მასში ვკითხულობთ: როგორც განაცხადა თურქეთის პირველი კერძო ნავთობ ფირმის ხელმძღვანელმა გუნთექინ ქოქსალმა, მათ გეზი მსოფლიო ნავთობის ცენტრად ცნობილ ტეხასისაკენ აიღეს, სადაც ყოველდღიურად 700 ათასი ბარელის ნავთობს აწარმოებენ. “ჩვენი სარეწი ჯერჯერობით პატარაა, მასში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ, მაგრამ, უახლოეს ხანებში აქ ინვესტიციის საგრძნობლად გაზრდას ვაპირებთ“, განაცხადა ქოქსალმა, წერს ჰურრიეთი

ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში მიმდინარე წლის 15-18 სექტემბერს მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე უდიდესი სამშენებლო გამოფენა, “Bauma Conexpo“ ჩატარდება და მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ თურქული სამშენებლო კომპანიებიც, რომელთა მიზანია აფრიკის კონტინენტის სამშენებლო სექტორში ინვესტიციების გაზრდა

ჰაბერთურქის კულტურის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: აგერ უკვე რამდენი წელია რაც თურქეთის ეგეოსის და ხმელთაშუაზღვისპირა სამოთხეებს თავიანთი იახტებით სტუმრობენ მსოფლიოს ისეთი განთქმული მილიარდერი, როგორიცაა რომან აბრამოვიჩი, ანდა ჰოლივუდის მრავალი კინო ვარსკვლავი და მათ აქ უპირველეს ყოვლისა იზიდავთ ხელშეუხებელი ბუნება თავისი პირვანდელი სახით, შეუდარებელი ბუხტები, ოქროსფერი პლიაჟები და ლურჯი სანაპიროები

და ბოლოს სტარი იუწყება, რომ ჩინეთის სინძიანის უიღურ თურქთა ავტონომიური რესპუბლიკიდან ჩინელების ჩაგვრა-შევიწროებისაგან თურქეთში გამოქცეული კინო რეჟისორი უიღურ ოზთურქი სტამბოლში “თეთრი ზვიგენი“-ს სახელწოდების ფილმის გადაღებას იწყებს, რომელშიც საუბარი იქნება ჩინეთიდან თურქეთში გამოქცეული უიღურელი ბავშვების დაუჯერებელი და ტანჯვით სავსე თავგადასავალი, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები