თურქული პრესა 09.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

268100
თურქული პრესა 09.05.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინაც გაიმეორა, რომ მხოლოდ იგი წარმოადგენს ხალხის მხრიდან არჩეულ პირველ პრეზიდენტს, რადგან, სხვა პრეზიდენტები პარლამენტის მიერ იყვნენ არჩეულნი, მაგრამ, მისივე თქმით თურქეთის დღევანდელი მდგომარეობა პრეზიდენტობის სისტემას ითხოვს და არა საპარლამენტოს. “საპრეზიდენტო სისტემით ქვეყნის მართვა უფრო ეფექტური და მოქნილი იქნება და ადგილი არ ექნება იმ ქაოსს აღმასრულებელსა და საკანონმდებლო სისტემებს შორის, რომლებიც დღეს არსებობს“, განაცხადა ერდოღანმა, წერს სტარი

იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი მიმდინარე წლის სამრეწველო ზრდის მაჩვენებლებს აშუქებს და აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად წარმოება მარტის თვეში გაიზარდა და 4,7%-ს მიაღწია, რაც ამ წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს, ხოლო თვით მრეწველობის ძირითად დარგებს შორის ყველაზე მეტი მატება არა გამძლე სექტორში დაფიქსირდა

საბაჰის მიხედვით სტამბოლის ევროპულ ნაწილში გრძელდება მესამე აეროპორტის მშენებლობა, რომელიც ძალზედ იზიდავს უცხოელ ინვესტორებს და ისინი არ ერიდებიან აქ კაპიტალის დაბანდებებს. ამ დღეებში უცხოელი ინვესტორების სიას მიემატა მსოფლიოს უდიდესი საჰაერო ფლოტი "Airbus“-იც, რომელმაც აეროპორტის მფლობელ თურქულ ფირმა Limak-ისგან 20 ჰექტარი მიწა მოითხოვა და მასზედ აერობუსების სარემონტო და ლოგისტიკურ ბაზას გააშენებს

ვათანი ინტერვიუს აქვეყნებს თურქულ ფირმა Limak-ის საინვესტიციო განყოფილების უფროს ებრუ ოზდემირთან, რომლის თქმითაც დღეს დღეობით მათ პარტნიორს წარმოადგენენ საფრანგეთის ქალაქ ლიონის და კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას აეროპორტები. მისივე თქმით ამჯერად ისინი ახლოდან აკვირდებიან საფრანგეთში მიმდინარე პრივატიზაციის პირობებს და თუ კონსენსუსს მიაღწევენ, მაშინ, შეიძლება საფრანგეთის ქალაქ ნიცას აეროპორტიც შეისყიდონ

ჰაბერთურქი იტყობინება, რომ წელს მეექვსედ ჩატარდება სტამბოლში მსოფლიო ბრენდების სავაჭრო ფესტივალი Shopping Fest-ი და როგორც განაცხადეს სტამბოლის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ ჩაღლარმა და სტამბოლის მერმა კადირ თოფბაშმა, გასულ წელს ასეთი ფესტივალის დროს 10,2 მილიარდი ლირის ღირებულების საქონელი და პროდუქცია გაიყიდა. მათივე განცხადებით წლევანდელი ფესტივალის სპონსორებს Coca Cola და Mercedes Bens-ი წარმოადგენენ და ამიტომ უფრო მეტ მოგებას ელიან

საბაჰი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ ბალკანური მუსიკის უდიდესმა წარმომადგენელმა გორან ბრეგოვიჩმა ანკარის შემდეგ კონცერტი გამართა სტამბოლშიც და მის ყოველ სიმღერას ანშლაგით შეხვდნენ თურქი სიმღერის მოყვარულები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები