თურქული პრესა 28.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

106164
თურქული პრესა 28.08.2014

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ანკარის არენას სპორტულ დარბაზში გამართულ პირველი რიგგარეშე ყრილობაზე პარტიის გენერალური მდივნის არჩევნები ჩატარდა. ყრილობის თავმჯდომარემ ჰალუქ იფექმა განაცხადა, რომ არჩევნებზე ხმა 1388 დელეგატმა მისცა, რომელთაგანაც 6 ბათილად ჩაითვალა, დარჩენილი 1382 ხმით კი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალურ მდივნად საგარეო საქმეთა მინისტრი და კონიის დეპუტატი აჰმედ დავუთოღლუ იქნა არჩეული.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, თურქეთის დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიერ (İŞKUR) დაწყებული პროექტის ფარგლებში, საკუთარი ბიზნესის წამოწყების მსურველ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს 36 ათას ლირამდე გრანტს გამოუყოფენ. პროექტში მონაწილეობისათვის განცხადებების მიღების ვადა 12 სექტემბერს იწურება. ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ემოციური და სოციალური უნარების სხვადასხვა ხარისხით დაკარგვის გამო, მუშაობის შესაძლებლობის მუნიმუმ 40 პროცენტით დაქვეითების თაობაზე ჯანდაცვის ორგანოებიდან აღებული ცნობით დამტკიცების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც მუშაობა შეუძლიათ, ჩაწერის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში შეეძლებათ გრანტის მიღება.

გაზეთ „საბაჰ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „ღაზის საავადმყოფოებს მსოფლიო ექიმებისაგან დახმარება“, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციამ „მსოფლიო ექიმები“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროსთან და ღაზის ისლამური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. „მსოფლიო ექიმების“ მმართველი გამგეობის წევრმა და სტამბოლის მედენიეთის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ორჰან ალიმოღოუმ, განაცხადა, რომ ღაზაზე ისრაელის შეტევების დაწყების შემდეგ 10-დან 17 აგვისტომდე რეგიონში იმყოფებოდნენ და დაამატა: „ამ ფარგლებში ღაზის ომის დროს დანგრეული საავადმყოფოების ინფრასტრუქტურისა და საავადმყოფოებში დიაგნოზის დასმისა და მკურნალობისათვის საჭირო ტექნოლოგიების და სპეციალისტების საგანმანათლებლო მხარდაჭერის, მომავალში ამის მსგავსი მკურნალობის უკეთესად ჩატარებისათვის საასისტენტო პროგრამების განხორციელების, უნივერსიტეტებს შორის პედაგოგებისა და სტუდენტების გაცვლის საკითხზე შევთანხმდით“.

და ბოლოს, გაზეთი „რადიკალი“-ს ცნობით, მყისიერი შეტყობინების პროგრამების ლიდერი ICQ უკან ბრუნდება. მთლიანად თურქული მობილური ICQ-ს აპლიკაციას ექნება უფასო SMS, ხმოვანი და ვიდეო საუბარის მსგავსი დამატებითი ფუნქციები.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები