აქტუალური თემის ანალიზი 04-2024

თურქეთ-ირანის ურთიერთობა და რაისის ვიზიტი თურქეთში

2093949
აქტუალური თემის ანალიზი 04-2024

აქტუალური თემის ანალიზი 04-2024

თურქეთ-ირანის ურთიერთობა და რაისის ვიზიტი თურქეთში

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, 2024 წლის 24 იანვარს თურქეთს ეწვია, მინისტრებისა და სხვა მაღალი დონის ბიუროკრატების დიდი დელეგაციის შემადგენლობით. ვიზიტი, რომელიც შედგა იმ დროს, როდესაც ანკარა-თეირანის ურთიერთობები ტრადიციულ კონკურენციასა და თანამშრომლობას შორის იყო და რეგიონულ საკითხებს რომლის გადადება არ შეიძლებოდა, აჩვენებს, რომ ორი ქვეყანა ღიაა დიალოგისთვის, პრობლემებისა და შესაძლებლობების საერთო შეხედულებებზე. რაისის ვიზიტი დაიგეგმა  2023 წლის პირველ თვეებში, რომელიც სამჯერ მაინც გადაიდო. ბოლო გადადება კერმანში მომხდარი ტერაქტის გამო მოხდა. თუმცა, რაისის ჩამოსვლა ანკარაში ამ თავდასხმიდან, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ცხადყოფს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ირანული მხარე ვიზიტს.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს ბევრ საკითხში განსხვავებული ხედვა აქვს, მათ ასევე აქვთ საერთო ინტერესები ბევრ საკითხში. ასეთი ვიზიტები მიზნად ისახავს საერთო დამოკიდებულებებისა და მიდგომების მაქსიმალურად გაზრდას და განსხვავებების მართვად დონემდე შემცირებას. ვიზიტის მნიშვნელობას, ორი ქვეყანის მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციები და ანალიზებიც ცხადყოფს.

ამ ვიზიტის დროს, თურქეთ-ირანის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს მერვე შეხვედრა გაიმართა, სადაც ეკონომიკის კუთხით მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული. როგორც ჩანს, განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგეტიკა, სასაზღვრო ზონებში ვაჭრობა, საბაჟო კანონმდებლობა და ორმხრივი ინვესტიციები, განსაკუთრებით ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მიზნით. ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის მეჰმედ შიმშექის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალფარსლან ბაირაქტარისა და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ჰაფიზე გაიე ერქანის ყოფნა თურქულ მხარეს, გვიჩვენებს მოლაპარაკებების მნიშვნელობას ეკონომიკური თვალსაზრისით.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, რეგიონული საკითხებიც იქნა განხილული, მათ შორის სამხრეთ კავკასიის, პალესტინის, სირიის, ერაყის, იემენის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის. შეხვედრებზე თურქეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის, შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიქაიას, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერის და MİT-ის პრეზიდენტის იბრაჰიმ ქალინის ყოფნა აჩვენებს, რომ რეგიონულ პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად იქნა განხილული. ამ საკითხებს შორის, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ორივე ქვეყანას ეხება, არის ტერორიზმის საკითხი, რომელიც საერთო საფრთხეს წარმოადგენს. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენ შევეხეთ PKK/PYD/YPG-სა და PJAK-ის წინააღმდეგ ირანთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას“. ირანის პრეზიდენტმა კი ასევე განაცხადა, რომ ტერორიზმს რეგიონის გარეთ არსებული ძალები კვებავენ და იყენებენ. რაისის თქმით, ამ ეტაპზე ვლინდება რეგიონალური ქვეყნების ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობა, რათა შეზღუდონ ექსტრარეგიონული ძალების ეფექტი.

ვიზიტის კონკრეტული შედეგი, ორ ქვეყანას შორის 10 სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებების გაფორმება გახლდათ. ეს შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს ბევრ სფეროს, განსაკუთრებით ვაჭრობას, ტრანსპორტირებას, კომუნიკაციას, კულტურას, მრეწველობას, ტექნოლოგიას, უსაფრთხოებასა და ენერგეტიკას, ხელი მოაწერეს მხარეთა შესაბამისი უმაღლესი დონის ერთეულების წარმომადგენლებმა. ვიზიტის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა ვაჭრობის მოცულობის, 30 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა რაისიმ განაცხადა: „ჩვენ მრავალი წელია, რაც გვაქვს კარგი ურთიერთობა თურქეთთან და გვინდა ამიერიდან ეს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ“. ანალოგიურად, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და თქვა: „ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას ჩვენს მეზობელ ირანთან ურთიერთობის გაღრმავებას, ურთიერთნდობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე“. როგორც ჩანს, ვიზიტი უკიდურესად პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა, იმ პერიოდში, როდესაც რეგიონი ძალიან რთულ ვითარებაშია.



მსგავსი ინფორმაციები