აქტუალური თემის ანალიზი 68

თურქეთ-ლიბიის ურთიერთობები

1622140
აქტუალური თემის ანალიზი 68

 

ლიბიის ეროვნული ერთობის მთავრობის (MBH) პრემიერ-მინისტრმა აბდულჰამიდ დიბეიბემ და მისმა მთავრობამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი ანკარაში 2021 წლის 12 აპრილს განახორციელეს და ამ ვიზიტის დროს დიბეიბეს ანკარაში თან ახლდა 14 მინისტრი. ამავე ვიზიტის ფარგლებში თურქეთ-ლიბიის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომაც გაიმართა, რომლის დროსაც მთავრობებს შორის ხუთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორის მურათ იეშილთაშის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

ამ ვიზიტს, პირველ რიგში, სიმბოლური მნიშვნელობა და დანიშნულება ჰქონდა. 2021 წლის 5 თებერვალს დიბეიბეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მან და საპრეზიდენტო საბჭოს თავჯდომარემ მუჰამედ იუნუს ელ-მენეფიმ მიიღეს მრავალი ქვეყნის მთავრობების, სახელმწიფოთა მეთაურებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მილოცვები და მხარდაჭერის შეტყობინებები, რასაც მოჰყვა ვიზიტების დიდი ტრაფიკი. მოკლედ, ამ ორი თვის განმავლობაში  დიბეიბე და მენეფი ესტუმრნენ როგორც უცხოეთის მრავალ დედაქალაქს, ასევე თვით ტრიპოლშიც მრავალ უცხოელ დელეგაციას უმასპინძლეს.

მას შემდეგ, რაც ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობა შეიქმნა როგორც ლეგიტიმური სტრუქტურა, რომელმაც ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ ქვეყანაში დაყოფა აღმოფხვრა, მასთან ურთიერთობების დამყარებას ცდილობს ლიბიაში ჩართული ყველა მოთამაშე, მათ შორის არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე, რუსეთი და საფრანგეთი, რომლებიც თავის დროზე მეამბოხე გენერალ ჰაფთერის მეოხებით ცდილობდნენ ეროვნული თანხმობის მთავრობის დამხობას

დიახ, ამჟამად არა მხოლოდ ლიბიაში მოქმედი მოქმედი პირები, არამედ ყველა ის მოთამაშე, რომლებიც მომავალში ამ ქვეყანაში რაიმე სარგებელს მოელიან, ცდილობენ დაუკავშირდნენ და დაუახლოვდნენ ეროვნული ერთიანობის მთავრობას, განავითარონ მასთან კარგი ურთიერთობები, მოახდინონ მასზე გარკვეული ზეგავლენა და მიიღონ მომავალში პრივილეგიები და  დათმობები. აი სწორედ ასეთ გარემოში ეწვივნენ ანკარას დიბეიბე და მისი კაბინეტი რა, ეს არის ჯერჯერობით ყველაზე გახმაურებული ვიზიტი ლიბიაში მონაწილე მოთამაშეებს შორის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანკარული ვიზიტი "თანასწორთა შორის პირველ" პოზიციაზე დგას.

დიბეიბეს კაბინეტი ტექნოკრატიული ასპექტით გამოირჩევა და მისი მთავარი მიზანია 2021 წლის 24 დეკემბერისათვის დანიშნული არჩევნებისათვის მზადება და მის ფარგლებში დაყოფილი და მეტოქე ინსტიტუტებისა თუ ორგანიზაცია-დაწსებულებების აღდგენა-გაერთიანება, ხოლო საბოლოო ჯამში კი არჩევნებამდე საზოგადოებისათვის კარგი მომსახურების გაწევა, რათა გაიმარჯვონ ამ არჩევნებში. ცნობილია, რომ ლიბია მეტად სერიოზული პრობლემების წინაშე დგას თითქმის ყველა სფეროში, ჯანდაცვისგან დაწყებული განათლებით, ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოებით დამთავრებული, რადგან 2011 წლიდან აქ დაწყებული სამოქალაქო ომი, 2014 წლის შემდეგ მეამბოხე ჰაფტერმა გააგრძელა.  2019 წლის აქეთ მართალია შედარებით სიმშვიდე სუფევს, მაგრამ, ლიბიელი ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანია მათი ყოველდღიური ცხოვრების პირობების გააუმჯობესება თუნდაც მინიმალურ დონეზე, ვიდრე იდეოლოგიური ან პოლიტიკური ორიენტაციის არჩევანი

აი ამიტომ, ეროვნული ერთიანობის მთავრობამ, დიბეიბეს ხელმძღვანელობით უნდა გადადგას ისეთი პრაქტიკული ნაბიჯები და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნორმალურს გახდის ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას. ანკარაში პრემიერთან ერთად ჩამოსული 14 მინისტრი, თავის თურქ კოლეგას შეხვდა და დასახული მიზნის მისაღწევ გზებზე დეტალურად ისაუბრეს რა, დასახეს აქტიური თანამშრომლობის გეგმებიც, რათა წლის ბოლომდე ეფექტური და ნაყოფიერი ნაბიჯები გადადგან და დაიმსახურონ ხალხის ნდობა და პატივისცემა

ლიბიასა და თურქეთს შორის ანკარაში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ერთი თურქული კომპანია ერთდროულად სამ ელექტროსადგურს ააშენებს. მრავალწლიანმა სამოქალაქო ომმა ძალზედ დააზიანა ქვეყნის მიწისქვეშა თუ მიწისზედა ინფრასტრუქტურის მრავალი ელემენტი. მაგრამ დღეს, ლიბიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არის ელექტროენერგიის უწყვეტი გათიშვები. თურქული ფირმის მიერ აშენებული ელექტროსადგურები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ლიბიის ელექტროენერგიის წარმოებისა და მიწოდების პრობლემების მოგვარებაში. ეს თანამშრომლობა ელექტროენერგიის სფეროში მხოლოდ დასაწყისი იქნება, რასაც მოჰყვება სხვა სფეროებში თანამშრომლობანი, გამოცდილების გაზიარება და ა.შ.

პოლიტიკურ-სტრატეგიული თვალსაზრისით ლიბიის ახალი მთავრობა ხედავს, რომ თურქეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონში და ამას აღიარებენ სხვა საერთაშორისო აქტიორებიც. ევროპული ქვეყნებიც და აშშ-იც უკვე ხვდებიან, რომ თურქეთის ჩარევის გარეშე ლიბიაში სამშვიდობო თუ პოლიტიკური პროცესების შენარჩუნება რთული იქნება და საბოლოო სტაბილურობაც ვერ დამყარდება.  ამ თვალსაზრისით ლიბიის მთავრობამ თურქეთი სწორედ ამ სტრატეგიულ წერტილში განათავსა და ანკარული ვიზიტიც ამის მტკიცებულებად იქნა აღქმული, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორი მურათ იეშილთაში

 



მსგავსი ინფორმაციები