კაპიტნის დღიური 06-2023

რიზეს პლატოები

1970802
კაპიტნის დღიური 06-2023

რიზეს პლატოები

კაპიტნის დღიური 06-2023

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

რიზეს პლატოები

ჩვენი იახტა, გეზგინი ნავსადგურში გაჩერდა. ჩვენი მოგზაურობა რიზეში გრძელდება. რადგან შეუძლებელია რიზედან გასვლა მწვანე და შთამბეჭდავი პლატოების ნახვის გარეშე. ცოტა რთული იქნება ამ პლატოებზე ასვლა და ღრუბლებზე შეხება. წინ მკვეთრი მოსახვევები და ვიწრო გზები გველოდება. ოღონდ არ ინერვიულოთ, ამ რეგიონების ძალიან კარგად მცოდნე ადამიანი მოგვყვება. თუ გსურთ რიზეს პლატოებზე ასვლა, აუცილებლად მიიღეთ გიდის დახმარება. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ავალთ 2000 მეტრზე სიმაღლეზე, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ ზამთარია.

სიურპრიზი მაქვს თქვენთვის, დღევანდელ მოგზაურობაზე. აგიყვანთ არა მარტო პლატოებში, არამედ ღრუბლების ზღვაშიც. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, „რა არის ღრუბლების ზღვა?“ არ გეუბნებით, თქვენივე  თვალით ნახეთ. თუ ყველა მზადაა, დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა რიზეს პლატოებში!

ჩვენ, მთებში სიმშვიდის და ბრწყინვალე ბუნებასთან მარტო დასარჩენად მივდივართ. თუმცა, შავი ზღვის რეგიონში არის მაღალმთიანეთის კულტურა და მაღალმთიანი ცხოვრება. ადგილობრივი მოსახლეობა ივნისიდან სექტემბრამდე სამი თვის განმავლობაში აგრძელებს სიცოცხლეს მაღალმთიანეთში. ამ პლატოებზე კი ფესტივალები სხვადასხვა პერიოდში იმართება. ფესტივალზე სოფლის მცხოვრებლები იცვამენ თავიანთ ულამაზეს სამოსს და მართავენ სხვადასხვა ღონისძიებებს. მოგზაურობა ფესტივალის თარიღების მიხედვით დავგეგმოთ. იმიტომ, რომ მინდა ნახოთ ეს ენთუზიაზმით სავსე ფესტივალები, სადაც ახლოდან გაეცნობით ადგილობრივ მოსახლეობას და მაღალმთიან ცხოვრებას.

რიზე ძირითადად მთაგორიანი რელიეფია. ძალიან რთულია სწორი ადგილის დანახვა. კაჩკარის მთიანეთში აღმართს ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით ვაგრძელებთ. გავივლით სოფლებში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ სოფლებში ხშირია საოჯახო სასტუმროები. დავამატებ იმასაც, რომ არის ჰოსტელები მათთვის, ვისაც არ სურს ამ სახლებში დარჩენა.

სოფლების გავლის შემდეგ პლატოებისკენ რომ მიდიხარ, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს ცისკენ მიდიხართ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე არ ვივლით. რელიეფისთვის შესაფერისი მანქანა მოვა და გადაგვიყვანს. სანამ ის მოვა, მოუსმინეთ შორიდან მომავალი ქამანჩას ხმას, დატკბით მუქი მწვანე ტყეებით და ღრუბლებით დაფარული კაჩკარის ბრწყინვალე პეიზაჟით...

ჩვენი პირველი პლატო არის ანზერი. მსოფლიოში ცნობილი ანზერის თაფლი მიიღება ამ პლატოზე მოსული თითქმის ხუთასი სახეობის ყვავილისგან. რაც ამ თაფლს უნიკალურს ხდის არის ის, რომ იგი შედგება მხოლოდ ყვავილებისგან, რომლებიც არ იზრდება მსოფლიოს სხვა არცერთ კუთხეში. სხვა ელემენტი, რაც ამ თაფლს განსაკუთრებულს ხდის, არის ფუტკარი. ანზერის თაფლს ამზადებს კავკასიური ფუტკარი. ანზერის თაფლი რეგისტრირებული პროდუქტია. ეს თაფლი აძლიერებს იმუნურ სისტემას და კარგია მრავალი დაავადების სამკურნალოდ. თავისი ფერადი ყვავილებით და ათობით მწვანე ჩრდილით, ანზერის პლატო, რომელიც ორ ათას მეტრზე მეტ სიმაღლეზეა, სამოთხეა ლაშქრობისა და ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის!

ჩვენი მეორე გაჩერება არის ფოკუტის პლატო. ეს არის პლატო, რომელიც გარშემორტყმულია ფიჭვის ტყეებით, მისი მწვერვალი ღრუბლებს ეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც მას სხვა პლატოებისგან განასხვავებს, არის რეგიონისთვის უნიკალური ხის სახლები. ამ სახლებიდან ყველაზე ძველი, რომელიც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების დიდ ყურადღებას იპყრობს, 250 წლისაა და ზოგიერთი მათგანი საცხოვრებლის მომსახურებას იძლევა. ფოკუტის პლატო ნისლში ფოტოგრაფების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია თავისი სახლებითა და პეიზაჟებით.

ახლა დროა წაგიყვანოთ ღრუბლების ზღვაში. ახლა, ჰუსერის პლატოზე წავალთ და ერთად დავაკვირდებით მზის ჩასვლას. რადგან ეს ბუნებრივი საოცრება მხოლოდ მზის ჩასვლისას ჩნდება. ჰუსერის პლატო ცნობილია, როგორც რიზეს „ღრუბლების ზღვა“. მალე თქვენი თვალით ნახავთ ღრუბლების ზღვას! ხეობიდან პლატოსკენ ნელ-ნელა ამომავალი ნისლი, ღრუბლების ამ ზღვას წარმოუდგენელ პეიზაჟს უქმნის. თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ შესანიშნავი ფოტოები საქანელაზე ქანაობის დროს, რომელსაც წინ ხედავთ, ან შეგიძლიათ თავად გადაიღოთ ეს ზღაპრული პეიზაჟი.



მსგავსი ინფორმაციები