„კუთხე-კუნჭული“  28 - 2023

კოოპერატივები თურქეთში

1959688
„კუთხე-კუნჭული“  28 - 2023

„კუთხე-კუნჭული“  28 - 2023

„კუთხე-კუნჭული“  28 - 2022-2023

კოოპერატივები თურქეთში

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

 

თურქეთში კოოპერატივების სისტემას წინ უძღოდა სხვადასხვა დასახელების გაერთიანებები, რომელთა მიზანი ურბანულ საზოგადოებაში სოლიდარობა, ურთიერთდახმარება და ერთმანეთისთვის თავდადება იყო. ეს რურალურ გარემოში უფრო მეტად „ნადი“ს პრინციპით გამოიხატებოდა. ანუ ერთ სოფელში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურ შრომას უადვილებდნენ და მოსავლის აღების პროცესში მორიგეობით ერთმანეთს ეხმარებოდნენ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთმა „ნადურმა“ კულტურამ ურბანულ გარემოშიც გადაინაცვლა და ასე შეიქმნა კოოპერატივები. კოოპერატივების გაძლიერება ათათურქის პერიოდიდან დაიწყო, თუმცა როგორც ვთქვით, მას ანატოლიის ტერიტორიაზე უფრო ძველი ფესვები აქვს. ჯერ კიდევ მე-13-ე საუკუნეში ანატოლიაში მცხოვრებმა სელჩუკებმა შექმნეს ე.წ. Ahi Birlikleri (აჰი ბირლიქლერი) ანუ ხელოსანთა სოლიდარული გაერთიანება, რომელიც უქონელ ადამიანებს საშუალებას აძლევდა ხელოვნების, ეკონომიკისა და ვაჭრობის დარგში ცოდნა მიეღოთ. ეს გაერთიანება არათანაბარი შემოსავლების რეგულაციას, უმუშევართათვის სამუშაოს უზრუნველყოფას, მწარმოებლისა და მომხმარებლის უფლებების დაცვას უწყობდა ხელს.

აჰი ბირლიქები მე-17-ე საუკუნეში კორპორაციებად (იგივე ლონჯებად გადაიქცა. (Lonca- პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც ერთ რეგიონში მცხოვრები ხელოსნებისა და ვაჭრების ჯგუფს წარმოადგენს). მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი ამ კორპორაციებმა დაღმავლობა განიცადეს. სწორედ ამ პერიოდიდან ჩაისახა კოოპერატიული სისტემა. პირველი კოოპერატივი 1863 წელს „სამშობლოს კიდობანი“ს სახელწოდებით მითჰათ ფაშამ ჩამოაყალიბა. ის სოფლის მეურნეობის საკრედიტო ორგანიზაციადაც (Tarım Kredi Organizasyonu) გაფორმდა. “სამშობლოს კიდობანი“ მიზნად ისახავდა ღარიბი ხალხის გამოხსნას მევახშეებისგან, გლეხების თვისსესხების გაცემას, სოფლის მოსახლეობისთვის მიერ წარმოებული პროდუქციის შეფასებას. თუმცა სამწუხაროდ, „კიდობანმა“ დიდხანს ვერ გასტანა.

„განმათავისუფლებელი ბრძოლის“ (Kurtuluş Savaşı) ათათურქის გამარჯვებით დასრულების შემდეგ, ეროვნული პარლამენტის ჩამოყალიბებისთანავე კოოპერატივის თემა თავიდან გადაიხედა და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაესვა ხაზი, როგორიცაა ადგილობრივი ფერმერების კოოპერატივებში გაერთიანება და ქვეყნის რურალურ ნაწილში გლეხების ცნობიერების ამაღლება. 1920-1938 წლებში გარდაცვალებამდე ათათურქი თავად ხელმძღვანელობდა ყველა იმ პროცესს, რაც კოოპერატივების დაარსებასა და განვითარებას ეხებოდა. ასევე ის იყო ისეთი პროექტის მომხრე, რომელიც კოოპერატივების მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებას ეხებოდა.

თურქეთში კოოპერატივები მოიცავდა ჩაიდან ბამბამდე, ხილის, მარცვლეულისა და სხვა ნედლეულის წარმოება-რეალიზებას. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა არ მიუღია, შესაძლო ომის სამზადისის გამო თანხები თავდაცვაში დაიხარჯა, მეურნეობა შეფერხდა და ყოველივე ამან ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა. კოოპერატივებმა არსებობა თითქმის შეწყვიტეს, სწორედ ამ მოვლენებმა კარგად აჩვენეს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კოოპერატივებს ქვეყნის ეკონომიკის, მეურნეობის განვითარების სფეროში.

უკვე 60-იანი წლებიდან (1961) კონსტიტუციის 51-ე მუხლში ჩაიწერა, რომ„სახელმწიფო კოოპერატივების განვითარების უზრუნველსაყოფად ზომებს იღებს“. ამან სახელმწიფო უფრო აქტიური და პასუხისმგებელი გახადა კოოპერატივების განვითარების საკითხში. უპირველეს ყოვლისა, იმდროინდელი სოციალური და ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, კოოპერატივები სასოფლო-სამეურნეო ზონებში გაჩნდა. მოგვიანებით, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურის ცვლილებებისა და გაჩენილი ახალი საჭიროებების გამო, ის გავრცელდა სატრანსპორტო, სამშენებლო სფეროებშიც.

რაც შეეხება ქალთა კოოპერატივებს, ის პირველად თურქეთში 1999 წელს შეიქმნა. მცირე კოოპერეტავები დღემდე იქმნება და მათი უმეტესობა არათუ დიდ ქალაქებში, არამედ საზღვაო დაბებშია. ამის მიზეზი ის არის, რომ ქალები, რომელთაც განათლება დიდ ქალაქებში მიიღეს, გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ისეთ ქალებს გაუზიარონ, რომლებიც დაბებსა და სოფლებში ცხოვრობენ, აწარმოებენ თავიანთ პროდუქტს, თუმცა არ იციან, როგორ გაუწიონ ამ პროდუქტს ისეთი რეალიზაცია, რომ მათი სარგებელი მხოლოდ მოსავალზე დამოკიდებული არ იყოს.

ამიტომაც კოოპერატივის დამაარსებელი აქტიური ქალები ცვლიან არა მარტო გარკვეული რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ სურათს, არამედ სახელმწიფო სისტემის ამ მხრივ უფრო მეტად ფემინიზებას უწყობენ ხელს, რაც ქვეყნის ეკონომიკის წარმატების გარანტის მაჩვენებლი ხდება.



მსგავსი ინფორმაციები