აქტუალური თემის ანალიზი 14

თურქეთ - აბუ-დაბის ახლიდან დაახლოება

1742312
აქტუალური თემის ანალიზი 14

აქტუალური თემის ანალიზი 14

თურქეთ - აბუ-დაბის ახლიდან დაახლოება

არაბთა გაერთიანებული საემიროების დე ფაქტო ლიდერის, მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, მრავალმა ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებელმა თუ ანალიტიკოსმა დაიწყო მსჯელობა თურქეთ - სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ურთიერთობების მომავალზე. ცნობილია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ეს ორი მხარე ორ განსხვავებულ და დაპირისპირებულ ბანაკშია და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯებსაც კი დგამენ, რამაც საბოლოოდ ძალზედ გააცივა თურქეთ - ყურის ურთიერთობები. ამ ვიზიტით კი ურთიერთობების ახლიდან დათბობას ელიან. მართლაც, რამდენიმე დღის წინ ანკარაში მხარეებს შორის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო და საინვესტიციო ხელშეკრულებების გაფორმებამ, სამომავლო ურთიერთობებს დადებითი ხასიათი მისცა. მოკლედ, ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ორი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის მომავლისთვისაც. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფ. დრ. მურათ იეშილთაშის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს....

როგორც იქნა ორმა ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები დაახლოებისკენ და ნორმალიზებისკენ, რაც კარგა ხნის განმავლობაში მზადდებოდა. თუმცა, არავინ მოელოდა, რომ ნორმალიზება ასე სწრაფად მოხდებოდა. ორივე მხარისთვის ამ დაახლოების რამდენიმე მიზეზი არსებობს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს ვიზიტი უპირველეს ყოვლისა, რეგიონალური და გლობალური ცვლილებების პირდაპირი შედეგია. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ტრამპის ეპოქის დროინდელი პოლიტიკის გადახედვამ, ახლო აღმოსავლეთსა და ყურის ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით არაბეთის გაერთიანებული საემიროებში. ცნობილია, რომ როგორც კი ბაიდენი ხელისუფლებაში მოვიდა, მან გააუქმა ტრამპის მიერ  არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და საუდის არაბეთისათვის შეთავაზებული, ე.წ. „შეუვსებელი ჩეკის“ პოლიტიკა. გარდა ამისა, ბაიდენმა მიატოვა ასევე ტრამპის ეპოქაში, ბირთვული პოლიტიკის გამო ირანის მიმართ გატარებული „სრული ზეწოლის“ პოლიტიკაც და ამ ვითარებამ აიძულა ყურის ქვეყნები, მოეძებნათ ალტერნატიული გზები, რათა ირანის წინაშე კვლავ სუსტ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყვნენ.

სწორედ ამის გათვალისწინებით, რეგიონის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ჯერ შეემცირებინათ დაძაბულობა ამავე რეგიონის სხვა ქვეყნებთან. უფრო მეტიც, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის კონფლიქტიც, რომელიც იემენის გამო გრძელდებოდა, შედარებით ჩაცხრა. არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, რომელიც საკმაოდ პრაგმატული და რეალისტურია თავის საგარეო პოლიტიკაში, მეტად სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება რა, უარი თქვა ანკარასთან დაძაბულობის დიპლომატიის გაგრძელებაზე, ხოლო მასთან დაახლოებისა და ნორმალიზების მიზნით, ანკარაში ვიზიტით მეტად დადებითი ნაბიჯი გადადგა. ისიც უნდა ითქვას, რომ საერთოდ, ყურის რეგიონში ნორმალიზაციის ტალღას სათავე დაუდო კატარის მიმართ მათი მხრიდან დაწესებული ბლოკადის პოლიტიკის დასრულებამ.

ნორმალიზაციის რაციონალური დასაბუთება არსებობს თურქეთისთვისაც. ამიტომაც, მისი დაახლოების მცდელობებიც არ უნდა ჩაითვალოს ცალმხრივ პროცესად, რადგან, ანკარაც ეძებს ნორმალიზებას რეგიონის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც კარგა ხანია რაც სხვადასხვა მიზეზების გამო კონფლიქტები აქვს. მართალია ამ გზაზე პირველი ნაბიჯები გადაიდგა  ეგვიპტესთან, ისრაელთან და საუდის არაბეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისათვის და გარკვეული პროგრესიც არის მიღწეული, თუმცა, სრული და დადებითი შედეგი ჯერ-ჯერობით არ არის მიღწეული. ასე რომ, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ნორმალიზაცია, სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო სწრაფად მოხდა და ამას ხელი შეუწყო იმან, რომ თურქეთმა არ აირჩია ამ კუთხით, ე.წ. „ღია დიპლომატიის“ წინაშე დაბრკოლება. ე.ი. ანკარა ცდილობს დაარღვიოს ის ბლოკადა, რომელიც მის წინააღმდეგ შეიქმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნაბიჯი უნდა განიხილებოდეს, როგორც ანკარის სწრაფვის ნაწილი, საბერძნეთისა და სამხრეთ კვიპროსის გარშემო ჩამოყალიბებული ალიანსის, რაიმე ზედმეტი კომპრომისის გარეშე, დაშლით. აი, ასეთ პერიოდში მოხდა ანკარის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან დაახლოება.

ახლა მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს არის ის, ეს ნორმალიზაცია გამოიწვევს თუ არა თურქეთისა და ყურის ქვეყნების ახლიდან დაახლოებას. ეჭვგარეშეა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთს განსხვავებული პოლიტიკური გაგება აქვთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ლიბია, ეგვიპტე და სირია. მიუხედავად ამისა, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ურთიერთობების ნორმალიზებამ შეიძლება უზრუნველყოს ასევე თურქეთის მჭიდრო კავშირი ეგვიპტესთან და საუდის არაბეთთანაც, რითაც შეიძლება რეგიონალური დაძაბულობა საერთოდ განიმუხტოს. ეს ყველაფერი რომ მოხდეს, მინიმუმ 2022 წლის პირველ კვარტალს მაინც უნდა დაველოდოთ, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორი, პროფ. დრ. მურათ იეშილთაში.



მსგავსი ინფორმაციები