„კუთხე-კუნჭული“ 4/2021

"ბროწეული"

1574595
„კუთხე-კუნჭული“ 4/2021

„კუთხე-კუნჭული“ 4/2021

"ბროწეული"

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში ბროწეულს კულტურული დატვირთვა ჰქონდა. ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ხანაში  ნაყოფიერებისა და გამრავლების ნიშნად ბროწეულის სამკაულს ამზადებდნენ; ხოლო ქრისტიანულ ეპოქაში კი მას იკონოგრაფიაში, ტაძრის ფრესკებზე ბარაქის სიმბოლოდ გამოსახავდნენ. „ბროწეული ნაყოფიერების, უკვდავებისა და განახლების სიმბოლო, რომელიც გავრცელებული იყო ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხებში, ქრისტიანულ რელიგიაში უნდა შესულიყო ერთის მხრივ, ძველი აღთქმის, ხოლო მეორეს მხრივ, ელინურ-რომაული სამყაროს გავლენით. წარმართულ სამყაროში უძველესი დროიდან ეს მცენარე ნაყოფიერებისა და გამრავლების სიმბოლო გახლდათ და, შესაბამისად, ნაყოფიერების კულტებს, კერძოდ ქალ ღვთაებებს უკავშირდებოდა. ძველი შუამდინარეთის სამყაროში იგი ღმერთების ქორწინების ცერემონიის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტს წარმოადგენდა“

(წყარო: http://old.press.tsu.ge/GEO/internet/disertaciebi/digmelashvili%20%20disertacia.pdf).

ბროწეულს, როგორც მხატვრულ მეტაფორას ძეგლი სერგო ფარაჯანოვმა დაუდგა ფილმში „ბროწეულის ფერი“. ფილმში თბილისელი აშუღის საიათნოვას ცხოვრების ქრონოლოგიური აღწერა რეჟისორის წარმოსახვის შედეგად ერთ მთლიან პოეტურ ნაწარმოებად იქცა. ამ ფილმის ინსპირაცია, ფარაჯანოვის თქმით, სომხური ილუსტრირებული მინიატურები იყო. „მე მინდოდა შემექმნა შიდა დინამიკა, რომელიც სურათიდან, ფორმებიდან და ფერთა დრამატურგიიდან მოდის“. 1968 წელს გადაღებულმა ფილმმა ჯერ კიდევ თავის დროზე მსოფლიოს დიდი რეჟისორების მოწონება დაიმსახურა და მან აქტუალურობა დღემდე შეინარჩუნა. პოპის კაშკაშა ვარსკვლავმა ლეიდი გაგამ გასულ წელს გადაიღო „911“ სახელწოდების კლიპი, რომლის სიუჟეტიც მთლიანად ფარაჯანოვის ამ ფილმზე იყო აგებული. კლიპის დასაწყისში ბროწეული ისევ დომინირებს. ბროწეული აქ პერსონაჟის დაღვრილი სისხლის ფერის ეფექტს აძლიერებს.

ბროწეულს ირანში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში საკულტო დატვირთვა აქვს. უნდა ითქვას, რომ ამ რეგიონებში განსაკუთრებული ჯიშის, თითქმის ბავშვის თავის ხელა, ტკბილი და არომატული ბროწეულის ჯიშები მოჰყავთ.

ირანში უკვე 2000 წელზე მეტია რაც 21 დეკემბრის ღამეს დღესასწაულობენ, როგორც ყველაზე გრძელ ღამეს და მას „იელდას“ სახელით მოიხსენიებენ. დღესასწაულის ძირი მზის ღმერთის მითრას დაბადებიდან იღებს სათავეს. ამ დღესასწაულს რომაელებიც აღნიშნავდნენ. სწორედ წლის ყველაზე გრძელ ღამეს ტრადიციულად ოჯახის წევრები იკრიბებიან და სპარსი პოეტის ჰაფეზის ლირიკის „დივანის“ კითხვის თანხლებით დამარცვლულ ბროწეულს მიირთმევენ. ამ ღამის ჯადოსნური ნაწილი სწორედ ბროწეულით გამასპინძლებაშია.

ბროწეულსა და იელდას კლასიკურ თურქულ პოეზიაშიც დაეთმო ადგილი. ირანული პოეზიის კულტურულ ისნპირაციასთან ერთად ეს ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ თურქულ კლასიკურ ლექსში დრო აღიქმება, როგორც დაუნაწევრებელი, უსასრულობიდან ამოჭრილი ნაწილი რომელიც ისევ მარადიულობას უნდა შეუერთდეს; დრო ისეთი რამაა რაც არ გადის. ალბათ, სწორედ ამიტომაც ამ პოეზიაში იელდას ანუ წლის გრძელი ღამის მოხსენიება დროის ფიზიკურ შეგრძნებასთან ასოცირდება. სწორედ ეს ღამე ახსენებს ადამიანებს რომ დრო გადის. შესაძლოა ამიტომაც ქრისტიანობამდელ ხანაში უკვდავებისა და მარადიულობის სიმბოლოდ ქცეული ბროწეული აქ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.


საკვანძო სიტყვები: #ბროწეული , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები