ტურიზმი თურქეთში 26

ლეგენდარული ქალაქი ჩანაქკალე

1224294
ტურიზმი თურქეთში 26

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს, სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიის ქალაქ ჩანაქკალეს გაგაცნობთ, რომლის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ ძალზედ მდიდარია ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით

ეს ქალაქი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ჩანაქკალეს, იგივე დარდანელის სრუტეზე მდებარეობს და მისი ისტორია იწყება ჩ.წ.-მდე 3 ათასიანი წლებიდან. მისი გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობის გამო, აქ გაუთავებელი ომები ჰქონიათ სხვადასხვა ტომებს და ხალხებს

სრუტის ყველაზე ვიწრო ნაწილში, ოსმანმა სულთანმა, მეჰმეტ მეორემ, ევროპულ ნაწილში ქილითბაჰირის, ხოლო აზიურ მხარეში ჩანაქის სახელწოდებების ციხე-გალავნები ააშენა და სწორედ აქედან წარმოსდგება სახელი ჩანაქკალე, რაც ჩანაქის ციხეს ნიშნავს

ჩ.წ.-მდე ამ ადგილებში ტროელები ცხოვრობდნენ და არქეოლოგიური გათხრების შედეგად 9 კულტურული ფენა იქნა აღმოჩენილი. თვით ტროას ომის შესახებ კი, ჰომეროსის უკვდავი ნაწარმოებიც ბრწყინვალედ მოგვითხრობს განვითარებულ სცენებს, ხოლო ცნობილი “ტროას ცხენის“ მონუმენტური ძეგლი ტურისტების ერთ ერთ მთავარ სანახავს წარმოადგენს 

ტროას ლეგენდასთან ერთად ჩანაქკალე კიდევ ერთი ლეგენდით, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი გმირობითაც არის ცნობილი. კბილებამდე შეიარაღებულ ანტანტის ჯარებს და სამხედრო გემებს უდიდესი წინააღმდეგობა გაუწიეს თურქმა ჯარებმა და სტამბოლისკენ გასვლის საშუალება არ მისცეს მტრებს. ეს ბრძოლა ოქროს ასოებით შევიდა მსოფლიო ომის ისტორიაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქთა გმირობა და შემართება. დღეს, გალიპოლის ნახევარკუნძულზე მოქმედ ეროვნულ პარკში ამ ბრძოლის პანორამა, ცოცხლად აღადგენს იმ ბრძოლის დაუვიწყარ სისხლიან სცენებს. სხვათა შორის ჩანაქკალეში არსებულ მრავალ ძეგლებს შორის, ანტანტის რიგებში მებრძოლი ავსტრალიელი და ახალ ზელანდიელი ჯარისკაცების მემორიალებიც იპყრობენ ყურადღებას

ჩანაქკალეს ბრძოლის დიდი კვალია შემორჩენილი ასევე ანზაკის, ქილითბაჰირის, ჯონქბაირის, სედულბაჰირის მაღლობებზე, რომლებიც სამარედ გადაიქცნენ 10 ათასობით თურქი და ანტანტის ჯარებისთვის. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ჩანაქკალე და გალიპოლის ნახევარკუნძულის სანაპიროები ღია ცისქვეშა მუზეუმებს წარმოადგენენ

სხვათა შორის, ხსენებული ომის დროს, ახალზელანდიელი დესანტის გადასხმის ადგილზე, ე.ი. სოფელ ანზაკში, რომელიც თურქებმა სწორედ ახალზელანდიელი ჯარისკაცების საპატივსაცემოდ შეარქვეს, ყოველი წლის 25 აპრილს, აქ დაღუპული ზელანდიელი ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინება და ამიტომ, ამ ქვეყნიდან 10 ათასობით ტურისტი ჩამოდის და ამ დღეს მონაწილეობას იღებენ რა ამ წირვაში, თურქებთან ერთად კიდევ ერთხელ იგონებენ დაღუპულების სულებს და ერთმანეთის გლოვას იზიარებენ.  

ჩანაქკალეს ნახვის შემდეგ გირჩევთ, აუცილებლად ეწვიოთ  ტროას არქეოლოგიურ კომპლექსს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი, ხოლო ამის პარალელურად მოინახულოთ ასოსის ათენას ტაძარი, კაზდაღის, იგივე იდას მითოლოგიური მთა, სადაც მსოფლიოს პირველი სილამაზის კონკურსი ჩატარდა აფროდიტეს, ჰერასა და ათენას შორის, ასევე ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული გოქჩეადას და ბოზჯაადას კუნძულები, ედრემითის ყურე და ა.შ.

გპირდებით, რომ ამ ექსკურსიით მეტად კმაყოფილი დარჩებით. მაშ გელით ლეგენდარულ ჩანაქკალეში



მსგავსი ინფორმაციები