„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (19) - გალაკტიონი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ - გალაკტიონი

588263
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (19) - გალაკტიონი

„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ 

გალაკტიონი

დღეს ვისაუბრებთ ქართული პოეზიის უგვირგვინო მეფეზე გალაკტიონ ტაბიძეზე. გალაქტიონ ტაბიძე ფაქტობრივად XX საუკუნის უჩვეულო და განუმეორებელი პოეტური მოვლენაა. მან მიისაკუთრა არა მარტო თავისი საუკუნე, არამედ მომავალი საუკუნეების მისაკუთრებაც შეძლო.

ქართულ პოეზიაში სახელი გალაკტიონი მხოლო ერთია და ალბათ მის გამეორებასაც ვერავინ გაბედავს. გალაკტიონის დედამ შვილი გალაქტიკასთან და რაც მთავარია ბერძნულ სამყაროსთან თავიდანვე დააკავშირა. სახელი გალაქტიკა ბერძნული მითიდან მომდინარეობს. უცნაურია ის ფაქტი, რომ ვანის რაიონის პატარა სოფელ ჭყვიშში, სადაც გალაკტიონი 1891 წელს დაიბადა, 4 წლის შემდეგ იბადება გალაქტიონზე არანაკლები პოეტური ნიჭის მქონე ტიციანი. ამ პატარა სოფელმა ერთდროულად ქართულ პოეზიას ორი დიდი ბიძაშვილი პოეტი აჩუქა. შემდგომში ტიციანი „ცისფერყანწელების“ ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ხდება, ხოლო გალაკტიონი არცერთ ჯგუფს არ აკუთვნებს თავს და 1921 წელს ქართველი პოეტების „პოეტთა მეფის“ წოდებას იღებს. თუმცა ის სიცოცხლეში თავადვე ხვდებოდა თავის გენიალურობას, ეს ასე გამოხატა 1916 წელს ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“ გამოქვეყნებულ ლექსში „მთაწმინდის მთვარე“ : ... რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები...“

თუმცა ყველაზე დიდი აღიარება გალაკტიონს მოუტანა ლექსების კრებულმა, სახელწოდებით, „არტისტული ყვავილები“, რომელიც 1919 წელს გამოაქვეყნა.

გალაკტიონი ბგერწერის პოეტია. ის ლექსის მუსიკას ისე ქმნის, რომ მისი ლექსების თავიდან ამღერება არც თუ ადვილი საქმე ხდება ქართველი კომპოზიტორებისთვის. ალბათ ამ საქმეში ყველაზე მეტად იაკობ ბობოხიძემ იმარჯვა და გალაკტიონის პოეზია აამღერა.

გატუნია, ასე ეძახდა დედა გალაკტიონს. ერთხელ 37 წლის ასაკში გალაკტიონი დედას ეწვია სოფელში. დილით დედა შვილის ოთახში ასეთ სურათს წააწყდა. გალაკტიონი ფანჯარასთან იდგა და სარკმლიდან შემოსულ მზის სხივებს გატაცებით კოცნიდა. გალაკტიონი არ ჰგავდა ჩვეულებრივ მოკვდავებს, მას ესმოდა სხვა ხმები და ხედავდა სხვაზე მეტს. ალბათ სწორედ გალაკტიონი დარჩა ქართულ პოეზიაში და ის თავისი დიდი შემოქმედებით ვერ გავიდა მსოფლიო ლიტერატურის ასპარეზზე. მისი რითმების, ზოგჯერ უმნიშვნელო სიტყვებში დიდი ჰარმონიის ჩატევით და ათასი ვარიანტის მოსინჯვის შემდეგ წვალებით დაბადებული ლექსების თარგმნა ალბათ შეუძლებელია. თუმცა მსოფლიოს ხალხთა ენებზე მისი თარგმნის მცდელობა ბევრჯერ გამეორებულა.

მახსოვს ერთხელ გალაკტიონის ლექსების თურქულად მთარგმნელმა მწერალმა ქალბატონმა ქევსერ რუჰიმ ლექსის თარგმანის საერთაშორისო დღეზე ჯილდოს გადაცემის შემდეგ, გალაკტიონის შესახებ ერთი ამბავი გაიხსენა და მთელი დარბაზი მოინუსხა პოეტის „არა–ჩვეულებრივობით“. გალაქტიონის პირველი მეუღლე ოლღა ოკუჯავა გადასახლების შემდეგ მოკლეს და სხვა რევოლუციონერებთან ერთად ტყეში დიდ ორმოში მოათავსეს. ზემოდან კი დიდი ხეები დაარგეს, რომ იქ საფლავების არსებობის შესახებ არავის გაეგო. როგორც თვითმხილველნი გადმოგვცემენ, შემდგომში გალაკტიონი ტყეში ყოფნისას ხეებს ეკვროდა, იქნებ რომელიმე მათგანი ოლღა იყოსო, ამბობდა თურმე.  

გალაკტიონის შემოქმედებაში პატრიოტიზმის გაგებაც იმდენად პოეტურია, რომ ის რომ ყოველგვარ ძალდატანებულ და თავსმოხვეულ ფსევდოპატრიოტიზმს  ცდება და საოცარი ჰარმონიითა და სილამაზით გადმოსცემს თავის დამოკიდებულებას სამშობლოსადმი.

„არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში...

და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით, 

ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით. 

ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში, 

როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.“

და მაინც, გალაკტიონი XX და ალბათ შემდგომი საუკუნეების უდიდესი ქართველი პოეტია, რომელმაც პირველმა ასეთი ძალით მოახდინა ქართული ლექსის განახლება და აიყვანა ის მსოფლიო თანამედროვე პოეზიის მწვერვალზე. მართალია თავად გალაკტიონი თავს აკაკის, ბარათაშვილისა და ვერლენის პოეზიის შვილად თვლიდა, მაგრამ გალაკტიონის შემდეგ ალბათ ჯერ კიდევ გაგვიჭირდება ვთქვათ, თუ ვინ არის გალაკტიონის ღირსეული მემკვიდრე.



მსგავსი ინფორმაციები