„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (13) - სლავოი ჟიჟეკი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ - სლავოი ჟიჟეკი - რამდენიმე ფრაგმენტი კომუნისტურ ეპოქაზე

578110
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (13) - სლავოი ჟიჟეკი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“

სლავოი ჟიჟეკი - რამდენიმე ფრაგმენტი კომუნისტურ ეპოქაზე

მოგესალმებით. დიდხნიანი კვლევისა და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ეს გადაცემა ცოტათი განსხვავებულ თემაზე მომემზადებინა.  საქმე იმაში გახლავთ, რომ ძველი წიგნების ბაზრობაზე წავაწყდი ერთ მეტად საინტერესო პატარა მოცულობის წიგნს, რომლის ავტორი სლოვენიელი თანამედროვე მოაზროვნე, ფილოსოფოსი და კულტუროლოგი სლავოი ჟიჟეკია. წიგნს ერთი შეხედვით უცნაური, თუმცა ქართველთათვის ალბათ მეტად საყურადღებო სათაური აქვს: „სტალინიზმი - ანუ როგორ გადაარჩინა სტალინმა ადამიანის ადამიანობა“. წიგნი თურქულ ენაზე წავიკითხე, თუმცა მასში განხილული საკითხები ძალიან გასაგებად არის გადმოცემული პირველ რიგში ჟიჟეკის მიერ, მერე კი მისი თურქულად მთარგმნელის მხრიდან.

თავად ჟიჟეკი კომუნისტურ ოჯახში დაიბადა. თუმცა ამ ფაქტს მისთვის არ შეუშლია ხელი შემდგომში თავის სტატიებსა თუ გამოსვლებში გაეკრიტიკებინა და განეხილა სოციალიზმის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები. ჟიჟეკი თავის ერთ სტატიაში მსჯელობს იმაზე, თუ რა დაგვიტოვა ჩვენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს კომუნიზმმა და ამ დასკვნამდე მიდის: „ერთადერთი რამ, რაშიც ჩვენ ვართ კომუნისტები - ეს არის ის, რომ ჩვენ ვნერვიულობთ "საერთოსა და საყოველთაოზე" (the commons), საერთო-საყოველთაო ბუნებაზე, საერთო-საყოველთაო პრივატიზირებულ ინტელექტუალურ საკუთრებაზე, საერთო-საყოველთაო ბიოგენეტიკაზე. მხოლოდ ამისათვის, მხოლოდ ამ ყველაფრისათვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ. კომუნიზმმა განიცადა კრახი - მაგრამ პრობლემები, რომელსაც ჰქვია "საერთო-საყოველთაო" დარჩა უცვლელი.“ თუმცა მანამდე, ჟიჟეკი ზემოთ ნახსენებ წიგნში ნათლად აყალიბებს თუ რა იყო დასაწყისში კომუნიზმის, როგორც იდეოლოგიისა და შემდგომში მმართველობის ფორმის მიზანი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ იდეოლოგიას სურდა ადამიანის თავიდან დაბადება, მაგრამ არა იმ გაგებით, რასაც ცნობილი აღმოსავლური სიბრძნე ამბობს, რომ ადამიანი ორჯერ იბადება, როცა ბიოლოგიურად ევლინება ამ ქვეყანას და მეორედ როცა საკუთარ თავს შეიცნობს. არა, კომუნიზმის იდეოლოგიის მოძღვრების მიხედვით ადამიანები, კოლექტივიზაციის ანუ უკეთ რომ ვთქვათ ბრბოს ნაწილნი უნდა გამხდარიყვნენ, ერთად მათი მართვა კი ამ იდეოლოგიის შემქმნელებისთვის გაცილებით ადვილი იქნებოდა. ჟიჟეკს ამასთან დაკავშირებით მაგალითად მოჰყავს ტროცკის ჩანაწერი: „რა არის ადამიანი? წერს ტროცკი, ის ერთგვარი ცხოველია, რომელიც თვითონ ჩამოყალიბდა. ხოლო მის სულიერ და ფიზიკურ განვითარებაზე, ცოდნის დაუფლებაზე ზრუნვა მხოლოდ სოციალიზმის საძირკველში დევს. კომუნიზმის მომავლის იდეა არის, ადამიანის განვითარებული ვერსიის შექმნა. ამიტომაც ჯერ საჭიროა შევისწავლოთ ყველაფერი, რაც ადამიანს ეხება, მისი ანატომია, ფიზიოლოგია და ფიზიოლოგიის ის ნაწილი, რასაც ფსიქოლოგიას ეძახიან. ადამიანმა თავის თავს უნდა შეხედოს, როგორც მასალას, რომელსაც ეტყვის: „ძვირფასო ჰომოსაპიენსო, დადგა დრო მე შენზე ვიმუშაო“. ეს რაც შეეხება ამ იდეოლოგიის მთავარ მიზანს. თუმცა შემდგომში ყველასათვის ცხადი გახდა, რომ მათ ადამიანი კი ვერ განავითარეს, არამედ მენტალურად იმდენად მოწამლეს, რომ ეროვნულობისა და ზოგადად ადამიანობის ფასეულობა დააკარგვინეს. თუმცა არც სტალინი დარჩენია ვალში ამ იდეოლოგიის საფუძვლებს, მან უფრო განავითარა ადამიანის შეცვლის მეთოდები. ლენინის გამოსამშვიდობებელ საღამოზე სტალინმა ხმამაღლა განაცხადა: „ამხანაგებო, ჩვენ კომუნისტები გამორჩეული ადამინები ვართ. კომუნისტური პარტიის წევრობა ეს უკვე ჩვენს განსაკუთრებულობაზე მიუთითებს.“ თუმცა ალბათ სტალინმა ადამიანთა გარდაქმნა იქედან დაიწყო, რომ პიროვნებებს, რომელთაც ჰქონდათ გაცილებით მეტი შესაძლებლობა ადამიანის დანიშნულებაზე ეფიქრათ და რომელთაც ე.წ. მაღალი საზოგადოება ერქვათ, ციმბირში მიუჩინა ადგილი და ამით საბჭოთა ქვეყნების საზოგადოებების ინტელექტუალურად განვითარებას შეუშალა ხელი. კომუნიზმმა უარყო სოციალური ფენები და ადამიანები თანასწორად გამოაცხადა, მაგრამ ალბათ სათავეში მყოფებმა თავადაც ვერ შეამჩნიეს, ისე წარმოქმნეს ახალი სოციალური ფენები: მუშათა კლასი და უმაღლესი კლასი – თავად კომუნისტები. თუმცა გაანადგურეს ინტელიგენტთა სოციალური ფენა. ალბათ კომუნიზმის საფუძველს წყალი სწორედ ამან შეუყენა, რადგანაც ამ იდეოლოგიის რესურსებმა დიდხანს ვეღარ გასტანა, მან ერთ საუკუნესაც ვერ გაუძლო.

კომუნიზმის ყველაზე დიდ მიღწევად ალბათ ე.წ. ფაბრიკების მუშაობა მიიჩნეოდა. მექანიზაცია, აი რა იყო კომუნისტების აზრით მათი ძირითადი წარმატების საფუძველი. სულ მახსენდება ცნობილი თურქი პოეტის ნაზიმ ჰიქმეთის ლექსი სახელწოდებით „მსურს მექანიზაცია“. როგორც მოგეხსენებათ ნაზიმ ჰიქმეთმა განათლება რუსეთში, მოსკოვში მიიღო და სწორედ სწავლის პერიოდში გაეცნო  სოციალიზმის საფუძვლებს, ასევე დაუახლოვდა კონსტუქტივისტებსა და ფუტურისტებს. გაიზიარა კომუნისტური იდეები და სიცოცხლის ბოლომდე ამ იდეოლოგიის ერთგული დარჩა. მან ლექსი „მსურს მექანიზაცია“ 1923 წელს დაწერა. ბწკარედის სახით გაგაცნობთ ლექსის რამდენიმე ტაეპს, რომ შთაბეჭდილება შეგექმნათ პოეტის ახალ იდეოლოგიასთან ზიარებაზე. ლექსში პოეტი მანქანად ქცევის მძაფრ სურვილს გამოხატავს.

 „ენა გამიხდა როგორც სპილენძის მავთული...

...ბედნიერი ვიქნები იმ დღეს, როცა

მუცელზე ტურბინას დავიმაგრებ

და ზურგზე ორ წყვილ პროპელერს.“

როგორც ლიტერატურის კრიტიკოსები აღნიშნავენ ნაზიმ ჰიქმეთის პოეტური ჩავარდნა სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება, როცა მან კომუნისტურ თემებზე დაიწყო ლექსების შექმნა. ალბათ ერთადერთი პოეტი იყო გალაქტიონი, რომელიც ამ საკითხშიც ტოლს არავის უდებდა, მისი კომუნისტური ლექსებიც ისეთივე შედევრებია, როგორიც დანარჩენი სხვა, რადგანაც პოეტი მათშიც ჩვეულ მუსიკასა და სიტყვათა საუცხოო წყობას იყენებს. ასე იყო თუ ისე, თურქი პოეტიც „მოიწამლა ამ იდეოლოგიით, თუმცა ცხოვრების ბოლო პერიოდში, როცა ის რუსეთში ცხოვრობდა, გააცნობიერა რომ ეს არ იყო იდეალური იდეოლოგია და ეს იყო რეჟიმი, რომელიც შემოღობილი სივრცე იყო თავისი ავი ძაღლებით. ნაზიმი თურქეთში პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, რადგანაც მას თურქეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს და პერსონა ნონგრანტად გამოაცხადეს. ნაზიმმა ცხოვრების ბოლო პერიოდში ავტობიოგრაფიული რომანი დაწერა, სადაც მოსკოვში ცხოვრების პერიოდს აღწერს. მისი ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ მისი იდეალურ იდეოლოგიად დასახული კომუნიზმი არც ისეთი უცოდველი აღმოჩნდა როგორც დიდ პოეტს ეგონა. ერთგვარი ენთუზიაზმით იყო მაიაკოვსკიც განწყობილი კომუნიზმის ჩასახვის პერიოდში, ის ამყარებდა იმედებს რომ ეს იდეოლოგია შეცვლიდა თავისი ჰუმანურობით მსოფლიოს. მაგრამ მოხდა პირიქით, ჰუმანურობით შენიღბულმა რეჟიმმა იმსხვერპლა მაიაკოვსკი, იმსხვერპლა, რადგანაც ის თვითმკველობამდე მიიყვანა. აი დაახლოებით ასეთი იყო იმ მოაზროვნე ხალხის ბედი, რომლებმაც თავიდან საკუთრად სცნეს სოციალიზმი, მერე კი ნათლად დაინახეს, რომ ამ იდეას ჭეშმარიტი განხორციელება არ ეწერა.

ჟიჟეკი წიგნს ასე ამთავრებს: „ფაშიზმი ბოლშევიზმის გამეორება იყო. ნიცშეს ტერმინი რომ გამოვიყენო, ფაშიზმი მხოლოდ საპასუხო მოვლენა იყო.“ ნებისმიერი იდეოლოგია ინიღბება ჰუმანურობით, მაგრამ თავის ბრჭყალს ადრე თუ გვიან მაინც აჩენს. ჟიჟეკის ეს პატარა წიგნიც კომუნისტური რეჟიმის ერთგვარი ბრჭყალის წარმოჩენის მცდელობაა და ვფიქრობ არც თუ ისე წარუმატებელი.

კომუნიზმის შესახებ საუბარი სხვადასხვა ასპექტში შეიძლება, მე შევეცადე პატარა ბროშურა–წიგნის მიხედვით კომუნისტური ეპოქიდან რამდენიმე ფრაგმენტი წარმომეჩინა.

 



მსგავსი ინფორმაციები