„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (09)

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (09) ავთო ვარაზი

477223
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (09)

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (09)
ავთო ვარაზი

მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ცნობილი ქართველი მხატვრის ავთო ვარაზის პიროვნებასა და მის შემოქმედებაზე. ავთო ვარაზი ახალი სიტყვა იყო საბჭოთა პერიოდის ქართულ მხატვრობაში. მისი ნახატები ჯერ კიდევ მხატვრის სიცოცხლეში გამოჰფინეს უცხოეთის მუზეუმებში. დღეს კი ნამუშევრები ინახება თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, თბილისის ეროვნულ გალერეაში, ნიუ–იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში, ნიუ–ჯერსიში და სხვადასხვა კერძო კოლექციებში.

ავთო ვარაზი 1926 წელს თბილისში დაიბადა. მამამისი ვასილ ვარაზიშვილი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, ბიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგე გახლდათ. 1938 წელს გერმანულ ჟურნალ „ექსპერიმენტალურ მედიცინაში“ გამოქვეყნებული შრომების საფუძველზე ნობელის პრემიის კომიტეტმა იგი შესაძლო კანდიდატად ცნო და პირდაპირ დაუშვა მესამე ტურის კონკურსზე. ის შვედეთში მიიწვიეს პრემიის გადასაცემად. თუმცა მან ეს მოწვევა არაფრად ჩააგდო. სტალინის პერიოდში ამ საკითხზე ხმის ამოღება სიკვდილს უდრიდა.

ავთო ვარაზის დედა ელისაბედ გასპარიანი, ხატვის მასწავლებელი გახლდათ. თავად ავთო ვარაზმა ხატვა პატარა ასაკიდან დაიწყო. მას ნათლად ახსოვდა, როგორ ჩაეშალა თავისი პირველი გამოფენა 5 წლის ასაკში. ის თავისი მოგონებებიდან იხსენებს, თუ როგორ აარჩია თავისი ფერადი ნახატებიდან ერთი და კედელზე დაჰკიდა იმ იმედით, რომ მათთან სახლში მისული სტუმრები ნახატს შეაფასებდნენ. თუმცა პატარა ავთოს ნახატი ვერავინ შეამჩნია. მერე იყო იმედგაცრუება, თუმცა ხატვისადმი სიყვარული არ განელებია. „თუკი რამე გვაღელვებს ხელოვნების ნიმუშში, ეს ჩვენი ბავშვობაა“, ამბობდა შემდეგში უკვე შემდგარი მხატვარი. ის ხშირად დადიოდა მუზეუმებსა და გალერეებში, აგროვებდა რეპროდუქციებსა და მხატვრის ალბომებს. ხელოვნების მცოდნე რენე შმერლინგმა ახალგაზრდა ავთო ვარაზი სწორედ ბუკინისტურ მაღაზიაში შენიშნა, როცა ის ძველ წიგნებს გატაცებით ფურცლავდა, რენემ ავთო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში მიიყვანა.

1943–48 წლებში ავთო ვარაზი სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. საბოლოოდ ავთო პროფესიას არ გაჰყვა, სხვა გზა აირჩია, მან ფერწერაში იპოვა თავისი თავი, ხოლო მის ფერმწერად ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მხატვარმა ალექსანდრე ბაჟბეუქ–მელიქოვმა.

ავთო ვარაზი ძირითადად პორტრეტებისა და ნატურმორტების თემაზე მუშაობდა, მაგრამ მისი ხელოვნება განსხვავებული იყო იმდროინდელ საბჭოთა რეალობაში. მისი ნახატები ისევე როგორც მოდიალიანისა, სავსე იყო ტკივილითა და დიდი სულიერი განცდებით. ვარაზმა თავის დროზე დიდი მხატვრების ელ გრეკოს, პიკასოს, სეზანისა და მოდილიანის გავლენა განიცადა. თუმცა მხატვრის შემოქმედების დიდი მიღწევა მაინც მისი პოპ–არტი იყო. ავთო ვარაზი სიცოცხლეში გამოფენებში იშვიათად იღებდა მონაწილეობას, მას არ მოსწონდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაკვეთით მოწყობილი თემატური გამოფენები. ვარაზის პოპ–არტი გაუგებარი იყო იმდროინდელი ხელისუფლებისთვის. მისი კოლაჟური ნახატები კარგად გამოხატავდა მხატვრის დამოკიდებულებას გარემოსადმი. საინტერესო იყო გაზეთის ნაგლეჯზე დაწებებული თევზის ჩონჩხი თავისი სევდიანი თვალებით და კომპოზიცია „ნაგავი“, რომელსაც ვარაზმა პირობითად საბჭოთა კავშირი უწოდა. ეს იყო კომპოზიცია, რომელიც მიწიდან აღებული მტვრის, სიგარეტის ნამწვავებისა და ასანთის დამწვარი ღერებისგან შედგებოდა. ალბათ ეს იყო სწორედ მხატვრის მიერ დანახული რეალობა. თუმცა ვარაზის დიდ მიღწევად ალბათ, მაინც „ხარის თავი“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ კოლაჟი–კომპოზიციის შექმნას ასეთი ისტორია აქვს: ერთხელ მხატვარი სახელოსნოში ნასვამი დაბრუნებულა და შარვალი როგორც გაუხდია ისევე დაუგდია იატაკზე. დილით გამოღვიძებულ მხატვარს შეუნიშნავს, რომ ძირს დაგდებული შარვლიდან „ხარის თავი“ უყურებდა. მან ნანახი თაბაშირის ტილოზე გადაიტანა. ეს ნამუშევარი დღეს ნიუ–იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ინახება. ალბათ, სწორედ ხარის თავი გამოხატავდა იმ ცხოველურ ვნებასა თუ ბრმა ძალას, რომელსაც მოცული ჰქონდა მე–20 საუკუნე, ხარის თავი იყო სწორედ ფაშიზმიცა და კომუნიზმიც, რომელიც მშიერი ხარივით ტორტმანებდა და მძვინვარებდა. ვარაზი ჩანაწერებში ამბობს: „მასალა (მაგალითად შარვალი) კი არ უნდა განადგურდეს, არამედ შეინარჩუნოს თავისი მატერიალურობა და გარდაისახოს ხარად, ცხენად და ა.შ. ხოლო თუ მასალა კარგავს თავის ფაქტურას, მაშინ რაღა აზრი აქვს მის გამოყენებას?“

ვარაზი ნახევარ ტონებში ხატავდა. მას ისევე როგორც პიკასოს მოსწონდა ულტრამარინი იგივე მოლურჯო ფერი, რომელიც ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავდა მხატვრის სულიერ მდგომარეობას. ვარაზს მიაჩნდა, რომ ხატვის სწავლა არ შეიძლება, რადგანაც ის, რასაც ადამიანი გრძნობს და განიცდის, მხოლოდ მას ეკუთვნის და ამას ვერავინ ასწავლის ადამიანს. მისი აზრით, მხატვარმა დახმარება მხოლოდ ბუნებას უნდა თხოვოს, რომელიც უსასრულოა და რომელიც თვითონ კარნახობს მას, თუ როგორ უნდა ხატოს. მისი თქმით, „მხატვარი ბუნებისგან ღებულობს რჩევას, ივსება, იახლებს ხედვას, იაზრებს გარემოს. როცა ტილოს უჯდება თავად არ იცის მხატვარმა, რა გამოვა მისი ნამუშევრისგან, რადგან მხატვარი მხოლოდ მუშაობის დროს ცხოვრობს. მთავარია ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნახატის ბოლო ლურსმანია, რომელზედაც იგი უნდა ეკიდოს მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია.“

ავთო ვარაზის ნატურმორტებიც კი თითქოს სულიერებას ატარებენ. მისი განმარტებით, ნატურმორტი ადამიანის ისეთი პორტრეტია, რომელშიც იგი კი არ აისახება, არამედ შეიგრძნობა. საყურადღებოა მისი აზრი ნატურმორტში სივრცისა და საგნის დამოკიდებულებაზეც, ის ამბობს: „ნატურმორტის წერისას გახსოვდეს, საგნებს შორის სივრცე ისევე მნიშვნელოვანია როგორც თვით საგანი.“ ვარაზიც ასე ავსებდა ცხოვრებას, რომელიც ფიროსმანის ცხოვრებასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე თანამედროვე მხატვრებთან. ალბათ არც ის იყო შემთხვევითი, რომ გიორგი შენგელაიას ფილმში „ფიროსმანი“, ვარაზმა ფიროსმანის როლი შეასრულა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მან თავისი თავი ითამაშა. „ავაშენოთ დიდი ხის სახლი, ვიყიდოთ სამოვარი, ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე“, აი ვარაზის სათქმელიც ფიროსმანის მსგავსად. ისევე როგორც ნიკო ფიროსმანაშვილი, ვარაზიც თავისი მდიდარი უბრალოებითაა დიდი შემოქმედი.

„როცა მხატვარს არაფერი აღელვებს და შინაგანად დაცარიელებულია, იგი მაყურებლამდე ძლიერი ზემოქმედების სურვილით იწყებს, გარეგნული „ხრიკების“ ძიებას.“ ვარაზის ამ სიტყვებმა გამაცემინა პასუხი იმ გამოფენის შინაარსზე, რომელსაც ამასწინათ ვესტუმრე და ერთი შეხედვით მოვიხიბლე, თუმცა მერე აღმოვაჩინე, რომ როცა მხატვრობას ტექნიკა უწყობს ხელს მის უკეთ წარმოჩენაში და ნახატის შინაარსი მთლიანად გარეგნული ეფექტებითაა შექმნილი, ვარაზის შემოქმედებისგან განსხვავებით საქმე გვაქვს უსულო ხელოვნებასთან და ხელოვნებაა სხვა რა არის თუ არა მოძრავი სული, გამოხატული იქნება ის ნახატში თუ სკულპტურაში.

ვარაზი დაილია თითქოს თავის მხატვრობაში, ისიც მოდილიანივით მიიცვალა ფიზიკურად ახალგაზრდა, თუმცა შემოქმედებით დაბრძენებული. ვარაზი 1977 წელს გარდაიცვალა. მან უკვდავება ნახატებში მოიპოვა.

მარიამ გაფრინდაშვილი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის თანამედროვე თურქული ლიტერატურის ფაკულტეტის მაგისტრანტი



მსგავსი ინფორმაციები