„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (08)

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (08) თარგმანები

471746
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (08)

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (08)

თარგმანები

მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემაში გადავწყვიტე ორიოდე სიტყვით ვისაუბრო იმ ქართულ-თურქული ლიტერატურული ურთიერთობის შესახებ, რომელსაც ჯერ კიდევ საქართველოში თურქოლოგიის დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი. ორი ქვეყნის ლიტერატურული ურთიერთობა, რა თქმა უნდა, თარგმანებს გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც ორი განსხვავებული ქვეყანა ერთმანეთის გაცნობას იწყებს. თუმცა როგორც მოგეხსენებათ ქართულ ენაზე თურქული ლიტერატურიდან უფრო მეტი ნაწარმოები შეიძლება მოვიძიოთ ვიდრე პირიქით. ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა - ჯერ-ჯერობით, ესეც შემიძლია ვთქვა, რადგანაც ალბათ ჩემი თაობა ამ საქმეს ნელ-ნელა წამოსწევს და თურქული საზოგადოებაც ქართულ ლიტერატურას ისევე შეიყვარებს, როგორც სულ მცირე ორჰან ფამუქი შეიყვარა დღევანდელმა ქართველმა მკითხველმა.

საქართველო-თურქეთის ლიტერატურული ურთიერთობის შესწავლა ჩემდა თავად თარგმანების მოძიებით დავიწყე, თუმცა ბევრ საინტერესო ფაქტსაც წავაწყდი. აღმოვაჩინე, რომ საბჭოთა პერიოდში გაცილებით ბევრი ნიმუში ითარგმნებოდა თურქული ლიტერატურიდან ქართულად ვიდრე ეს დღეს ხდება. უცნაურია, რადგანაც საბჭოთა რეალობაში თურქეთი როგორც მეზობელი ქვეყანა მივიწყებული იყო თითქოს და რკინის ფარდა კი იმდენად მძიმე იყო, რომ აჭარაში მცხოვრებ ადამაინს თავისი ძმის სანახავად ცხრა მთისა და ზღვის გადალახვა უწევდა, რომ სულ რამდენიმე კილომეტრში საზღვარს იქეთ მცხოვრები დედმამიშვილი მოენახულებინა. საბჭოთა ხელისუფლების მიერ დადგენილი მიმართულებით ასეთ ადამიანს თურქეთში სტუმრობა მოსკოვთან უნდა შეეთანხმებინა, ანუ ჯერ უნდა ჩასულიყო მოსკოვში, იქედან ანკარაში, ანკარიდან სტამბოლში და სტამბოლიდან სარფში, სადაც ბედის უკუღმართობის გამო თავისი სისხლი და ხორცი ცხოვრობდა. ეს რაც შეეხება, მგზავრობის თემას, ხოლო თუკი ამ ყველაფერს ლიტერატურას შევადარებთ ასეთ დასკვნამდე მივალთ. საბჭოთა პერიოდში თურქული ლიტერატურიდან ძირითადად ისეთი მწერლები ითარგმნებოდა, რომელთა შემოქმედაბში რაღაც სახით მაინც კომუნიზმი და სოციალიზმის თემები ცხადად თუ დაფარულად იკითხებოდა. მაგალითისთვის ნაზიმ ჰიქმეთი, აზიზ ნესინი, სუათ დერვიში, საბაჰათინ ალიც კმარა. სწორედ მათი შემოქმედების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 70, 80 –იან წლებში ითარგმნა ქართველი თურქოლოგების მიერ. როცა მე ამ თარგმანების შესწავლაზე ვმუშაობდი, თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდიკის ბიბლიოგრაფიაში ბევრ უცნაურობას წავაწყდი. თუნდაც იმას, რომ ნაზიმ ჰიქმეთის ლექსები და აზიზ ნესინის მოთხრობები გაზეთ „ლიტერატურული საქართველო“ს გარდა რაიონულ გაზეთებშიც ინტენსიურად იბეჭდებოდა. ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ფოთის ყოველკვირეულ თუ ყოველთვიურ გაზეთებში, რომელთა სახელწოდებებიც კი კომუნიზმს ეტრფოდა, მაგალითად `კომუნისტური დროშა` ან კიდევ `სოციალისტური შრომა` აღმოაჩენთ თურქული ლიტერატურის მარგალიტებს.

როგორც ჩანს საბჭოთა ცენზურა თარგმანებშიც კარგად მუშაობდა, რადგანაც მკაცრად კონტროლდებოდა ის თურქი მწერლებიც, რომლებიც ქართულად ითარგმნებოდა. თუმცა ამან კარგი შედეგი გამოიღო, რადგანაც თანამედროვე თურქული ლიტერატურა ქართველმა მკითხველმა გაცილებით ადრე გაიცნო.

საინტერესოა რა ითარგმნებოდა საბჭოთა პერიოდში ქართული ლიტერატურიდან თურქულად. მე, როგორც ეს არაერთხელ მითქვამს გადაცემაში, ვსტუმრობ ხოლმე წიგნების გამოფენა-გაყიდვას. ეს წიგნების დიდი სამყაროა, სადაც შეგვიძლია წარმოდგენა მარტივად შეგვექმნას ქვეყნის ლიტერატურული მდგომარეობის შესახებ. წიგნის გამოფენას აუარება ხალხი სტუმრობს და თურქეთი ყოველწრიულად გამომცემლობებისა და გამოცემების რაოდენობას არნახულად ზრდის ერთი სიტყვით, ამ გამოფენაზე როგორც ყოველთვის ქართული ლიტერატურის თურქული თარგმანებით ვინტერესდები და მოლოდინი ამართლებს ხოლმე. მაშინვე თვალში ოთარ ჭილაძისა და ერლომ ახვლედიანის წიგნები მოგხვდებათ, რომლებიც დღეს თურქეთში პოპულარობით სარგებლობენ. თუმცა ნოდარ დუმბაძე მაინც აუღებელი რჩება. დუმბაძეს თურქი მკითხველი კარგად იცნობს, მისი რომანების თურქულად თარგმანები გამოდიოდა ჯერ კიდევ 80 –იან წლებში და გამოდის დღესაც. თურქებს ესმით მისი იუმორი. თუმცა ცენზურა, რომელზეც წეღან ვსაუბრობდი მკაცრი იყო, მაშინ როცა დუმბაძე თურქი მკითხველის წინაშე პირველად წარსდგა. მაგრამ ნოდარ დუმბაძის შემოქმედება მიიღეს, როგორც სოციალური რეალიზმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომდროინდელ საქართველოს სინამდვილეს აღწერდა. ამიტომაც დუმბაძე თურქული ცენზურისტვის საშიში მწერალი არ იყო. `მარადისობის კანონი`, `მე ვხედავ მზეს`, `მზიანი ღამე` ის რომანებია, რომელთაც თურქი მკითხველი ხელიდან არ უშვებს, ეს სასიხარულო ამბავია.

მუხედავად იმისა, რომ თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდიკაში თურქული ლიტერტურის ნიმუშები თავმოყრილია და ადვილად შეგვიძლია მოვიძიოთ თუნდაც რომელიმე ლექსის თარგმანი, იგივე არ ხდება თურქულ სინამდვილეში. ქართული ენიდან თარგმნილი ლექსები თუ ნოველები მიმობნეულია ამა თუ იმ თურქულ ჟურნალ-გაზეთებში და მათი თავმოყრა ალბათ რთული იქნება. თუმცა ის ქართულ-თურქული ჟურნალები `ხიდი`, ფიროსმანი`, `ჩვენებურები` დღესდღეობით უნიკალური არქივია, რომელიც ცოცხლად ინახავს ქართული ენიდან თარგმნილ ყოველ ნიმუშს.

თარგმანები, ზოგადად ორი ქვეყნის ლიტერატურულ-ისტორიულ-კულტურულ საქმიანობას ემსახურება, ამიტომაც ამ საგანძურს შესწავლა, მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. როგორც საუბარში აღვნიშნე ზოგჯერ თარგმანების სერია ეპოქის სულსაც გამოხატავს და ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულებასაც, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა პერიოდში როგორი მწერალი ითარგმნება.

მარიამ გაფრინდაშვილი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის თანამედროვე თურქული ლიტერატურის ფაკულტეტის მაგისტრანტი



მსგავსი ინფორმაციები