„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (01)

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ სერგო ფარაჯანოვი – აშიკ ქერიბი

447646
„სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“  (01)

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „სახეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში“ (01)

სერგო ფარაჯანოვი – აშიკ ქერიბი

მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მსოფლიო დონის რეჟისორ სერგეი იგივე სერგო ფარაჯანოვის დიდი შემოქმედების ერთ ნაწილზე. ამ ნაწილს კი „აშიკ ქერიბი“ ჰქვია. ორი სიტყვით მინდა სერგო ფარაჯანოვის მრავალფეროვან ცხოვრებასა და მრავალსახოვან შემოქმედებას შევეხო.

სერგო ფარაჯანოვი თბილისში 1924 წელს თბილისელი სომხების ოჯახში დაიბადა. მუსიკალური და ქორეოგრაფიული განათლების მიღების შემდეგ ის ჩაირიცხა მოსკოვში კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, კინორეჟისურის ფაკულტეტზე ცნობილი საბჭოთა რეჟისორის იგორ სავჩენკოს კინოსახელოსნოში. ფარაჯანოვს დიდი წარმატება მოუტანა ფილმებმა „წინაპართა აჩრდილები“, „ბროწეულის ფერი“ და „აშუღ ყარიბი“. სერგო ფარაჯანოვი მეგობრობდა ცნობილ ფრანგ პოეტ ლუი არაგონთან, იტალიელ რეჟისორ ფედერიკო ფელინთან, ვლადიმერ მაიაკოვსკის მეუღლესთან ლილი ბრიკთან. 1974 წელს როცა საბჭოთა რეჟიმმა მას თავისუფლება 5 წლით აღუკვეთა, სწორედ ამ ადამიანების მოთხოვნით გაათავისუფლეს, ოღონდ მხოლოდ ვადაზე 1 წლით ადრე. რეჟისორმა ტყვეობაში და არა პატიმრობაში, როგორც თავად ამბობდა, დაწერა ნოველები და სცენარები, შექმნა მხატვრული კოლაჟები, მათგან გამოირჩევა სერია, სახელწოდებით, „მტირალა ჯოკონდა“.

სერგო ფარაჯანოვის ფილმები კინოსურათები უფროა ვიდრე მხატვრული ფილმები თავისი ე.წ. ჰეფიენდით. „ფარაჯანოვმა რამდენიმე კინოკამერის და მსახიობების მეშვეობით დასრულებული ფერწერული ტილოები დახატა ფირზე. იგი მთლიანად ვიზუალურ აღქმაზეა მიმართული, რომელიც გრძნობათა ყველა ორგანოზე ზემოქმედებს და კანითაც კი განიცდი. თითქოს ნახატების დიდი ალბომია, აუდიოვიზუალური ხატი. სიმბოლური მინიატურები კალეიდოსკოპურად ლაგდება ერთ მთლიანში, თითქოს ბროწეულის ნაყოფის გაბნეული კაკლებია, ერთი ცხოვრების ნამსხვრევები“ - წერდა ფარაჯანოვის კინო შემოქმედების შესახებ მიქელანჯელო ანტონიონი.

ფარაჯანოვისეული ფერებით აღქმული კინო სამყარო და ამასთანავე მისი იმპროვიზირებული ყოველდღიურობა საბჭოთა ადამიანის ცხოვრების ჩარჩოებიდან გამოდიოდა, ამიტომაც ის ყელში ეჩხირებოდა საბჭოთა ხელისუფლებას. როგორც ერთმა თქვა „იყო რა მასხარათა მეფე, იგი არასოდეს გახდა მეფეთა მასხარა“. სერგო ფარაჯანოვის ფილმები საბჭოელების მიერ აღქმული იყო, როგორც მკვეთრი გამოხატულება ნაციონალიზმისა. არადა თავად ფარაჯანოვი კითხვაზე თუ სადაური იყო, ასეთ პასუხს სცემდა: „მე გამაჩნია სამი სამშობლო - საქართველო, სადაც მე დავიბადე, უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე და სომხეთი, სადაც მსურს იყოს ჩემი უკანასკნელი სახლი და სადაც მსურს მოვკვდე“. მისი ფილმები კავკასიელ ხალხთა ურთიერთობის, რელიგიური რიტუალების ამსახველი ეთნოგრაფიულ-მხატვრული მინიატურაა, როგორც თავად ამბობდა, სპარსული მინიატურა, რაც ასე ძალიან ხიბლავდა მას, როგორც რეჟისორსა და კოლაჟების მხატვარს.

სერგო ფარაჯანოვის შემოქმედების ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს რაც შეეხება, ეს არის ფილმი სახელწოდებით „აშიკ ქერიბი“, თურქულად ასე გამოითქმის „ააშიქ გარიფ“, რაც ყარიბ აშუღს, საზზე დამკვრელ მომღერალს ნიშნავს. ფილმი აგებულია ერთ აღმოსავლურ ზღაპარზე, რომლის ქართული, თურქული, აზერბაიჯანული, რუსული და სომხური ვარიანტები არსებობს. თუმცა მისი წარმომავლობა აზერბაიჯანულია. ფარაჯანოვმა ამ ზღაპრის რუსი პოეტის ლერმონტოვისეული ვერსიით ისარგებლა. ლერმონტოვმა ეს აღმოსავლური ზღაპარი ხელში აიღო და 1837 წელს თავიდან დაწერა. ზღაპრის მიხედვით ახალგაზრდა აშუღს მდიდარი ქალიშვილი შეუყვარდება, მაგრამ ქალიშვილის მამა ღარიბ სასიძოს დაიწუნებს. ამიტომაც აშუღი ათას დღეს გამოითხოვს საცოლისგან და შორეულ აღმოსავლეთში გაემგზავრება. პირობა კი ასეთია: თუკი დროზე არ დაბრუნდება, მისი საცოლე სხვას გაჰყვება ცოლად. აშუღს გზად დაედევნება ერთი მდიდარი კაცი, რომელსაც აშუღის საცოლე მოსწონს. ის აშუღს წაართმევს ტანსაცმელს და სოფელში ამბავს ჩაიტანს, რომ აშუღი წყალში დაიხრჩო, ყველა დაიჯერებს ამ ამბავს აშუღის საცოლის გარდა. აშუღი უცხო მხარეში გამდიდრდება და მისი სიმღერით თავად ხალიფაც კი მოიხიბლება, ამასობაში მას გაახსენდება, რომ საცოლე ელოდება და წასვლას მოითხოვს, მაგრამ მას აღარ გაუშვებენ. ტყვეობაში დარჩენილი კი ვეღარ მღერის, ვერც საზზე უკრავს. ბოლოს მას აღმოსავლური მითის მიხედვით აშუღების მფარველი ედერლეზი დაეხმარება, ლერმონტოვის მიხედვით კი წმინდა გიორგი და ის თავისი ვადის ბოლო დღეს აღმოჩნდება სამშობლოში, მაგრამ ის გაიგებს, რომ მისი საცოლე საქორწილოდ ემზადება და ცოლად მიჰყვება ქურშუდ ბექს, იმ კაცს ვინც აშუღის სიკვდილის ამბავი მიიტანა სოფელში. აშუღი მიდის ქორწილში და უკრავს საზზე, თანაც სიმღერასაც წამოიწყებს. საცოლე მას იცნობს, შემდეგ მოჰყავთ აშუღის დაბრმავებული დედაც, აშუღი მას თვალს აუხელს. აშუღის დაც გახარებულია ამ ამბით, აშუღი საყვარელ საცოლეს ითხოვს და ზღაპარი კეთილად მთავრდება.

სწორედ ეს სიუჟეტია წარმოდგენილი ფარაჯანოვის ამავე სახელწოდების ფილმშიც. სერგოს ეს ზღაპარი ბავშვობაში დედისგან მოუსმენია და მას შემდეგ ჩარჩენია მეხსიერებაში. აზერბაიჯანული რიტუალები, ნიშნობის, ქორწილის, დატირების ცერემონიალები იმდენად ფერადოვნად და ემოციურად არის გადმოცემული, რომ ფილმი მაყურებელს გულგრილს ვერ დატოვებს. ფარაჯანოვმა ზუსტად დაიჭირა აღმოსავლური ზღაპრის სიბრძნე და ემოციურობა და ასევე შეუდარებლად გადმოსცა ის კინო სურათში. იქნებ ფარაჯანოვის ცხოვრების ერთგვარი გამოხატულებაცაა ტყვეობაში მყოფი აშუღის სიმბოლო, რომელიც ვერ უკრავს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხალიფას ბრძანებაა. გასაოცარი ისიცაა, რომ აშუღის როლში ფარაჯანოვმა არა მსახიობი, არამედ თავისი მეზობელი ნასამართლევი ქურთი ბიჭი აიყვანა, რომელიც აბსოლუტურად მოერგო მუსლიმი აშუღის როლს. ზოგადად ფარაჯანოვს ზღაპრების სიუჟეტები ხიბლავდა, მათში ის ფერებსა და სილამაზეს პოულობდა, რომლითაც თავიდან ქმნიდა მაყურებლისთვის სრულიად ახალ ვიზუალურ სამყაროს.

ფარაჯანოვმა კიდევ ერთ წარმატებულ ფილმში „ბროწეულის ფერი“ საითნოვას ცხოვრება აღწერა. მან შექმნა ქართული მინიატურაც, სახელწოდებით „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“, ის არ დარჩა ვალში აზერბაიჯანელებთანაც თავისი გენიალური შედევრით „აშიკ ქერიბი“, რომელიც მან ცნობილ რუს რეჟისორს ანდრეი ტარკოვსკის მიუძღვნა. ფარაჯანოვმა, ფაქტობრივად, თავისი შემოქმედებით ერთგვარი მისია აასრულა, საბჭოთა რთულ დაძაბულ რეჟიმში სულიერებას მოკლებულ კავკასიელ ხალხს მან ახალი ფერების მისტიური სამყარო უძღვნა.



მსგავსი ინფორმაციები