„ლიტერატურა ჩაის თანხლებით" - 22/2015 - აზიზ ნესინი - თურქი ეზოპე

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ - 22/2015 - აზიზ ნესინი - თურქი ეზოპე

408936
„ლიტერატურა ჩაის თანხლებით" - 22/2015 - აზიზ ნესინი - თურქი ეზოპე

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ - 22/2015 - აზიზ ნესინი - თურქი ეზოპე

მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ თურქ იუმორისტ მწერალზე აზიზ ნესინზე. აზიზ ნესინი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ესტუმრა საქართველოს. თურქეთში დაბრუნებისას კი მასთან ინტერვიუში კითხვაზე თუ როგორი ქვეყანაა საქართველო, მან უცნაური პასუხი გასცა: „საქართველოზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ქართულ სახლებში მაღალი და ლამაზი ჭერი აქვთ“ო. სინამდვილეში საქმე აი რაში ყოფილა. აზიზ ნესინის საქართველოში სტუმრობის პირველი დღიდანვე მისთვის ღვინის სმა დაუძალებიათ, ისიც უარს ვერ ეუბნებოდა სტუმართმოყვარე ქართველებს, რამდენიმე დღეში კი სმას ისე მიაჩვიეს თურქი მწერალი, რომ უკვე ყანწებსაც სცლიდა და იმის გამო, რომ მისი სიმაღლე ხანდახან ყანწის ზომას უტოლდებოდა, მოგეხსენებათ ტანდაბალი კაცი გახლდათ, ყანწის სმის დროს თავს სულ მაღლა სწევდა ხოლმე და ჭერის მეტს ვერაფერს ხედავდა, შემდეგ კი ქართული ღვინით გაბრუებულს ბევრი არაფერი ამახსოვრდებოდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა საქართველოზე მისი ამგვარი შეხედულება.

აზიზ ნესინმა ერთხელ თავის შემოქმედებას ასეთი შეფასება მისცა: „ტირილის სიცილად გადაქცევის ალქიმია“, შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტი განსაზღვრებაა და რაიმეს დამატებასაც არ საჭიროებს. ნესინი განუმეორებელი იუმორითა და ამასთანავე სარკაზმით პირსავსე ნაწერებით ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანისთვის ცდას არ აკლებდა. მის ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ: „ჩვენი ქვეყანა ლაფშია ახლა, და უფრო და უფრო ეფლობა, ჩვენი ვალი ვარდნარიანი ქვეყნის შველა კი არა ზუსტად ამ ლაფში ამოსვრილი სახელმწიფოსთვის საქმის კეთებაა... რატომ? ჩვენი ქვეყანაა და იმიტომ...“. როგორ მოუხდებოდა დღევანდელ ყოფის საქართველოსაც ამგვარი შეფასება. 

აზიზ ნესინმა სიცოცხლეში საკუთარი სახელობის სტამბა და საქველმოქმედო ფონდი დააარსა, სადაც ცხოვრობდა კიდეც თავის მრავალშვილიან ოჯახთან ერთად. ეს სტამბა დღესაც არსებობს და აზიზ ნესინის გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხით ირჩენს თავს.

ერთხელ ნესინს მკითხველისგან წერილი მიუვიდა, წერილში დაინტერესებული მკითხველი მწერალს კითხვებს უსვამდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გარემოში მუშაობდა ის და ზოგადად წერისთვის საჭირო იყო თუ არა სამუშაო გარემო. ნესინმა იუმორნარევი პასუხებისგან შემდგარი წერილი ნოველად გარდაქმნა და ისე გამოაქვეყნა. კითხვაზე თუ როგორ გარემოში წერს ნესინი თავის ნოველებს, ის პასუხობს: „როცა რაიმეს წერას ვიწყებ, კარებს და ფანჯრებს მაგრად ვხურავ, მაგიდაზე ადამიანის თავის ქალას ვდებ, შიგ სანთელს ვანთებ, რახ გარეულ არაყს ვსვამ და წერას ვიწყებ, სახლში კი ამ დროს სამარისებური სიჩუმეა. აი, ამგვარ გარემოში ვწერთქო მკითხველს რომ ვუთხრა, ისინი უფრო დამაფასებენ, უკვე ჩემი ნაწერებით კი არა ჩემი ცხოვრებითაც დაინტერესდებიან. მაგრამ რატომ მოვატყუო მკითხველი, მე სტამბადქცეულ სახლში ერთი ოთახი მაქვს ჩემთვის გამოყოფილი და ჩემი ცოლი ამასაც მაყვედრის, მეუბნება, რომელ თურქ მწერალს აქვს თავისი კაბინეტი, შენ რომ გქონდესო, წერას შევუდგები თუ არა, მაშინვე დააზარუნებენ კარზე, ჩემს მეტი რომ არავინ გააღებს, მე ვდგები, კარს ვაღებ და ასე გრძელდება, ფოსტალიონს, მერძევეს, ბაყალს ყველას მე უნდა გავცე პასუხი, მერე ახალგაზრდები მოდიან, თავიანთი პიესებისა თუ რომანების გამოქვეყნებას მთხოვენ, მერე საღამოს ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახი ისეთ რუზრუზს იწყებს, ვერაფერს ვწერ, აი შუაღამე კი იდეალური დროა წერისთვის, მაგრამ ამ დროს ძილი მერევა, ერთი სიტყვით ამ საქმეებს შორის დროს როცა ვპოულობ მაშინ ვწერ; ხოლო რაც დამიწერია, სადმე ზღვისპირა სასტუმროების ოთახებში კი არა, ციხის საკნების კუთხეებში მიწერია...“. საკმაოდ გულწრფელი და პატიოსანი ნესინი მკითხველს თავს ძირითადად ავტობიოგრაფიული სახის ნოველებით აცნობს. მისი ნოველები უმეტესად ზღაპრულ შინაარსს შეიცავს, ის რაიმე მოვლენის აღწერისას არ ასახელებს ქვეყანას, დროს, ადამიანთა სახელებს. თავის დროზე ზოგს ესმოდა მისი ეზოპესეული იგავები ზოგს კი ის უვარგის მწერლად მიაჩნდა. ფაქტი კი ერთია ის პირველი თურქი ეზოპეა.

აზიზ ნესინი უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ იმისთვის წერდა, რომ ოჯახი ერჩინა. თუმცა სწორედ მისი გენიალური იუმორის წყალობით ხელსწრაფად დაწერილი ნოველებიც კი დღესაც ღირებულია თურქული ლიტერატურისთვის.

მისი მოთხრობების კრებულები ქართულად ჯერ კიდევ 70-იან, 80-იან წლებში გამოქვეყნდა. დაინტერესებულმა მკითხველმა საჯარო ბიბლიოთეკებში შეუძლია მოიძიოს კრებულები, სახელწოდებით, „კაცს ძალად გააგიჟებენ“, აჰ, ჩვენ ვირები“, „ძაღლის კუდი“ და „ახლანდელი ბავშვები“. მოთხრობა, სახელწოდებით „აჰ ჩვენ ვირები“ იგავური შინაარსისაა. მასში მოთხრობილია ამბავი ერთ მოხუც ვირზე, რომელმაც მის დასაგლეჯად მოახლოებული მგელი მტრად არ ჩათვალა, თავი ინუგეშა, თუმცა მისი მგლობა მხოლოდ მაშინ დაიჯერა, როცა თავისი მოგლეჯილი ფეხი დაინახა.

ასევე საინტერესო მოთხრობაა „თაგვები ერთმანეთს ჭამენ“. ნოველის მიხედვით, ერთ-ერთ სახელმწიფო „საკუჭნაოს“ თაგვები შეესივნენ და მოსავალი გაანადგურეს, „საკუჭნაოს“ ე.წ. გამგებელმა ყველაზე დიდი თაგვები გალიაში გამოამწყვდია. მშიერმა თაგვებმა ერთმანეთი შეჭამეს. გამგებელმა გადარჩენილი თითო ოროლა ძლიერი თაგვი გალიიდან გამოუშვა და მათ „საკუჭნაოს“ თაგვებზე დაიწყეს ნადირობა. თაგვებმა ერთმანეთი გაანადგურეს. იგავი აქ მთავრდება. ნოველის ბოლოს მწერალი კითხვას სვამს: „ალბათ გაინტერესებთ, გამგებელმა ასეთი ხერხი როგორ მოიფიქრა... პასუხი: გამგებელიც ხომ ერთ-ერთი გადარჩენილი თაგვია, რომელმაც მეგობრები შეჭამა და ასე მიაღწია „საკუჭნაოს“ გამგებლობას.

ჩვენ ვსაუბრობდით თურქების მიერ თავის დროზე არ აღიარებულ თუმცა დღეს უკვე საყვარელ მწერლად ქცეულ აზიზ ნესინზე. 



მსგავსი ინფორმაციები