"ლიტერატურა ჩაის თანხლებით" 8/2015

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ თარგმანი - ლიტერატურული მოვლენა

246338
"ლიტერატურა ჩაის თანხლებით" 8/2015

ლიტერატურა ჩაის თანხლებით“ 8/2015
თარგმანი - ლიტერატურული მოვლენა

მოგესალმებით, „ლიტერატურა ჩაის თანხლებით“ საინტერესო თემით დაგიბრუნდათ. წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ თურქული ლიტერატურის კრიტიკოსებზე და ზოგადად მათ მნიშვნელობაზე ლიტერატურისა და დრამატურგიის სფეროში. დღეს კი მინდა გესაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან პროფესიაზე, რომელიც უშუალო კავშირშია ლიტერატურასთან. ეს მთარგმნელის პროფესიაა.

მთარგმნელი მწერლის სულის ნათესავია. მთარგმნელობა ეს ერთგვარი ხელობაა, რომელსაც შესწავლა უნდა. მხოლოდ იმ ენების ზედმიწევნით ცოდნა, რა ენებზეც მთარგმნელი მუშაობს, საკმარისი არ არის. კარგი მთარგმნელი არა ხელოსანი, არამედ ხელოვანია. მარტივი და თანაც ბუნებრივი ფიქსატორი არსებობს იმის გასარკვევად თარგმანი როგორი შესრულებულია. გურამ დოჩანაშვილის ნოველის, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, პერსონაჟი კარგი ნაწარმოების შეფასებისას სწორედ ამ ფიქსატორს იყენებდა და საკმაოდ წარმატებულადაც. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი ნაწარმოების ან მისი თარგმანის წაკითხვის შემდეგ მაჯიდან იდაყვამდე თუ დაგბურძგლავთ, ეს უკვე ნიშნავს ნაწარმოების ან მისი კარგი თარგმანის გენიალურობას.
მთარგმნელისა და თარგმანის მნიშვნელობაზე და ლიტერატურის ამ დარგის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობდნენ ძველ საბერძნეთში, ჩინეთში, არაბეთში, რომში. რომაელების ხანაში სიტყვასიტყვით თარგმნა გულისხმობდა დედნის ტექსტის თითოეული სიტყვის (ძირითადად ბერძნულის) უახლოესი ლათინური გრამატიკული ეკვივალენტით ჩანაცვლებას. ეს იმით აიხსნებოდა, რომ რომაელები ტექსტს, ბერძნულ ტექსტებთან ერთად, მათ გვერდიგვერდ კითხულობდნენ.
თარგმანი საპასუხისმგებლო საქმეა, მისი მეშვეობით სხვა ენის კულტურა მთარგმნელის ენობრივ სივრცეში ექცევა. თარგმანის დახმარებით მსოფლიოს ქვეყნებისა და ერების აზროვნების მონაწილე და თანაზიარი ხდები. სხვა კულტურებთან თანაზიარობა კი პიროვნებად ჩამოყალიბების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. მთარგმნელი სხვა ენის საკუთარ ენაში ტრანსფორმაციის დროს თითქოს თავიდან ქმნის ახალ ენას. ეს შემოქმედებითი პროცესია. თუმცა ამ თემაზე საუბრისას მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის არა კომერციული ტექნიკური სახის თარგმანები, არამედ მხატვრული თარგმანი, როგორც ლიტერატურის განუყოფელი ნაწილი. თარგმანი ახალ სამყაროს უღებს ფანჯარას. თითქოს-და საზღვრები იხსნება და ისე მოგზაურობ შენთვის სრულიად უცხო სამყაროში, რომ თავს იმ კულტურის მემკვიდრედაც კი მიიჩნევ. ხდება პირიქითაც, როცა მთარგმნელის დედაენას სხვა კულტურის ერები ეზიარებიან ხოლმე. ეს მთარგმნელისათვის გაცილებით დიდი ბედნიერებაა. მთარგმნელები სიტყვით მოგზაურობენ სხვადასხვა კულტურებსა და ენობრივ სივრცეებში.

როგორი უნდა იყოს თარგმანი, უნდა მიჰყვებოდეს თუ არა ის დედანს ზედმიწევნით, თარგმანის თეორიასა და პრაქტიკაში მსგავსი კითხვები ისმებოდა და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია. ინგლისელი პოეტი და მთარგმნელი ჯ. დრაიდენის აზრით, მთარგმნელი უნდა იყოს ისეთივე გენიალური, როგორიც დედნის ავტორია, და ორივე ენას ბრწყინვალედ უნდა ფლობდეს. მან თარგმანი სამ კატეგორიაში მოაქცია: 1. მეტაფრაზა, ანუ სიტყვასიტყვითი თარგმანი (სიტყვასიტყვით, ყოველი ხაზი);
2. პარაფრაზა (მთარგმნელი ითვალისწინებს ავტორის ვერსიას, მაგრამ არ ცდილობს, შეინარჩუნოს მისი სიტყვები. ამგვარი თარგმანის შედეგად ტექსტი ოდნავ "გაუმჯობესებულია", მაგრამ არა შეცვლილი);
3. იმიტაცია, ანუ თავისუფალი თარგმანი (ამ შემთხვევაში იცვლება არა მხოლოდ სიტყვები და მნიშვნელობა, არამედ, საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება მათი უგულებელყოფა).
სიტყვასიტყვით თარგმანს დრაიდენი იწუნებს ლინგვისტურ-სტილისტური თვალსაზრისით, რადგან ენებს შორის არ არსებობს სიმეტრია.
მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი თარგმანი არის მთარგმნელის პოეტური უნარის გამოვლენის საუკეთესო საშუალება, დრაიდენი მასაც იწუნებს და მიაჩნია, რომ ის არ გამოდგება უკვე აღიარებული ავტორის ტექსტის შემთხვევაში;
პარაფრაზს იგი იწონებს, რადგან ამ დროს მეტი ყურადღება ექცევა შინაარსს, ვიდრე სიტყვებს; შინაარსი შეიძლება იყოს გადმოცემული, მაგრამ არა შეცვლილი. თარგმანის ეს სახეობა წარმოაჩენს, როგორ იქნებოდა დაწერილი ორიგინალი სათარგმნელ ენაზე.
 ა. ფ. ტაიტლერი გამოყოფს თარგმნის სამ ძირითად წესს:
1) თარგმანი სრულად უნდა მოიცავდეს ორიგინალი ტექსტის იდეებს;
2) წერის სტილი და მანერა ახლოს უნდა იყოს დედნის მსგავს მახასიათებლებთან;
3) თარგმანს უნდა ჰქონდეს ორიგინალის აგებულების მთელი თავისუფლება.
ა. ფ. ტაიტლერი მიიჩნევს, რომ მთარგმნელმა უნდა გადმოიღოს "ავტორის სული".
ა. ფ. ტაიტლერის წესებმა ზეგავლენა იქონიეს ჩინელი მოაზროვნისა და მთარგმნელის იან ფუს შემოქმედებაზე. ალდოს ჰაქსლი მისი თარგმანის მოკლე წინასიტყვაობაში გამოყოფს სამ მთარგმნელობით პრინციპს: ერთგულება, შეუფერხებლობა და სიკოხტავე, რომლებმაც დიდი ზეგავლენა იქონიეს მე-20 საუკუნის ჩინურ მთარგმნელობით თეორიასა და პრაქტიკაზე. იან ფუ მიიჩნევდა, რომ ერთგულება მეტია ამ საქმეში, ვიდრე შეუფერხებლობა.
ლექსის მთარგმნელები ხშირ შემთხვევაში თავადაც პოეტები არიან, მაგრამ რაც შეეხება პროზას აქ საქმე სხვაგვარადაა. სრულიად შესაძლებელია, რომ პროზის მთარგმნელი მწერალი არ იყოს. ლექსის თარგმნის სპეციფიკა სხვაგვარია პროზასთან შედარებით. ლექსში მთარგმნელი შედარებით თავისუფალია, მას შეუძლია პოეტის შეგრძნებები ან განავრცოს თავისი დედაენის რითმული საზომის მიხედვით, ან კიდევ სათქმელი ერთი სიტყვით გამოხატოს. თუმცა ეს თარგმანის ტექნიკური მხარეა და ყველა მთარგმნელისთვის ინდივიდუალურია. ვახუშტი კოტეტიშვილი (მთარგმნელის) ურთულესი მისიის ოსტატურად შესრულებას სასწაულს ადარებდა. მართალიცაა, რადგანაც ერთია იცოდე და ფლობდე ორ ან მეტ ენას, მაგრამ მეორეა ის, რომ შეგეძლოს ამ ენათა იმ სიღრმეებში წვდომა ისე რომ მწერლის სუნთქვის რიტმიც კი დაიჭირო და მკითხველსაც შეაგრძნობინო ის.
ჩვენი გადაცემის თემა ზოგადად ლიტერატურას ეხება, თუმცა უმეტესწილად მასში წამყვან ადგილს თურქული ლიტერატურა იჭერს. ალბათ ეს გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი მსმენელისათვის, რადგანაც რადიო მაუწყებლობა თურქეთის სახელმწიფოდან გადაიცემა. თქვენი მონა-მორჩილი, ამ გადაცემის ტექსტის შემქმნელი, გადაცემის ყოველი თემის შერჩევისას თურქული ლიტერატურის წყაროების ძებნისას ანკარის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებულ მასალებს იყენებს. თითოეულ გადაცემაში თურქული ფოლკლორისა თუ თანამედროვე ლიტერატურის საკითხების განხილვისას ქართული რეალობიდან და შესაბამისად ქართული ლიტერატურიდან მაგალითების მოყვანით თითქოსდა აფართოვებს გადაცემის ჩარჩოს. ამიტომაც მინდა მსმენელს ვთხოვო, თუკი თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არის თითქმის ყველა გადაცემაში საუბარი თურქული ლიტერატურის ამა თუ იმ საკითხებზე, პასუხად ზემოთ ნათქვამი გამოდგება. კარგი იქნება თუ რამდენიმე უცხო ქვეყნიდან მსგავსი რადიო გადაცემები შეიქმნება. იმ ქვეყნის ლიტერატურის შესახებ უფრო მეტად გაუღრმავდება ცოდნა მსმენელს. ეს შესავალი, რომელიც გადაცემის შუაშიც კი მოექცა, საჭირო არის იმისათვის, რომ თარგმანზე საუბრისას თქვენი ყურადღების გამახვილება ისევ და ისევ თურქ მთარგმნელებზე მომიწევს. ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ თურქი მთარგმნელების უმეტესი ნაწილი თავად მწერალი ან პოეტი გახლდათ, ამიტომაც მათი მოსაზრებები თარგმანის მშრალ დახასიათებასთან შედარებით გაცილებით საინტერესო იქნება. თუმცა თარგმანის პრაქტიკული წესების სისტემატიზაციის მოწინააღმდეგე სულაც არ ვარ, პირიქით. თქვენი მონა - მორჩილი ამავე დროს მთარგმნელობით მუშაობასაც ეწევა და ეს საკითხები მისთვის უცხო არ არის. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო საკუთარ თავზე საუბარი, სჯობს მოვისმინოთ მთარგმნელების აზრი, ზოგადად ამ საქმიანობაზე და მის მნიშვნელობაზე ლიტერატურაში.

თურქი მოაზროვნე, მწერალი და ლიტერატურის ისტორიკოსი აჰმედ ჰამდი თანფინარი როგორც ამბობს, ამა თუ იმ ერის ენის გაღარიბება თარგმანის შეწყვეტიდან იწყება. ვეთანხმები. თარგმანისას ისეთი სიტყვების გამოყენებაც შეიძლება, რომელიც შედარებით ახალგაზრდა თაობაში მივიწყებულია, მთარგმნელს აქვს იმის შესაძლებლობა რომ ეს სიტყვა გააღვიძოს და თავიდან დაბადოს ის. თანფინარის თქმით, „თარგმანში ენის ცოდნა მთავარი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ეს საქმე ხელოვანებას მოითხოვს. სიტყვასიტყვით ტექსტის თარგმნა საქმის დასრულებას არ ნიშნავს. იტალიელებს ასეთი აფორიზმიც კი აქვთ თარგმანთან დაკავშირებით: „Traduttore, traditore” - ყველა მთარგმნელი ორიგინალი ტექსტის მოღალატეა. მთარგმნელმა უცხო სიტყვებს საკუთარი ენის შესაბამისი ცნებები უნდა შეუთავსოს. წინადადებები მძევლად კი არ უნდა აიყვანოს, არამედ უნდა გაათავისუფლოს ისინი და ემოცია უნდა შემატოს.“
წინა გადაცემაში ჩვენს მიერ მოხსენიებულ ლიტერატურის კრიტიკოსს ნურულაჰ ათაჩს თარგმანის შესახებაც აქვს მოსაზრებები გამოთქმული. ის წერს: „ჩვენში ცნობილ მწერლებს არ სურთ სხვა უცხოელ მწერალთა ნაწარმოებების თარგმნა. თითქოსდა ამით თავიანთ საქმეს ჩამორჩებიან. მე არცერთ მწერალს არ მოვუწოდებ იმისაკენ, რომ წერა მიატოვონ და თარგმანი დაიწყონ. მათ ვეტყვი მხოლოდ იმას, რომ თარგმანიც ერთგვარი შემოქმედებაა, თავიანთ ენაზე ნაწარმოების თარგმნა ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენს ენაზე რაღაც ახალს ქმნი. მწერლებმა მთარგმნელებს გზა უნდა უჩვენონ. ის მთარგმნელი, რომლსაც შემოქმედებითი სული არ გააჩნია, ღირებულად ვერაფერს თარგმნის. „
თურქი პოეტი ნაზიმ ჰიქმეთიც გამოთქვამს თავის აზრს თარგმანთან დაკავშირებით. ძმასთან მიწერილ წერილში ის ამბობს: „თარგმანი არ გულისხმობს იმას, რომ ტექსტი მთლიანად გავათურქულოთ. უცხოური რომანის წაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა დამრჩეს, თითქოს რომელიმე თურქი მწერლის ნაწარმოებს ვკითხულობდე. მე ახლა ტოლსტოის ნაწარმოებების თარგმანებზე ვმუშაობ. ტოლსტოისა და გორკის ენა ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება, რომ თუკი მე ორივე მათგანს მთლიანად გავათურქულებ, მათ ენებს შორის სხვაობას ვეღარ დავინახავთ.“
ცნობილი მოაზროვნე და პოეტი ჯემალ სურეია ლექსის სხვა ენაზე თარგმნის წინააღმდეგია. მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ ლექსის თარგმნის შემთხვევაში ახალი ლექსი იბადება. როგორც წეღან ვთქვით, მთარგმნელი ლექსში გაცილებით თავისუფალია.
50, 60-იანი წლების თურქი მწერლების მუზად აღიარებული მთარგმნელი ქალი ტომრის უიარი სათარგმნი მასალის შერჩევისას მწერლის ბიოგრაფიითა და მისი ფოტოსურათითაც კი ინტერესდებოდა. თარგმნის დაწყებამდე მწერლის პიროვნება ძალიან ახლობელი უნდა გამხდარიყო მისთვის. ის ერთგან წერს: „გარსია მარკესი ჯინსებიანი მწერალი იყო, ვირჯინია ვულფი თვალწინ მაქმანებიანი ბლუზით წარმომიდგება, კაფკა კი შარვალ-კოსტიუმითა და ყელსახვევით. აი, ამ წარმოდგენებს მოჰყვებიან შემდეგში სიტყვები.“
ენის არმცოდნე მკითხველის წინაშე მთარგმნელი პატიოსნად და სიმართლით უნდა წარდგეს. გულწრფელობა სიტყვაში და პერსონაჟების ხასიათის დაჭერა - აი, რა უნდა იყოს, ჩემი აზრით მთარგმნელის ამოსავალი წერტილი. შემოქმედებითობა და ამის შემდეგ ტექნიკური სამუშაოს შესრულება, სწორედ ეს აქცევს მთარგმნელს მწერლის მონათესავე სულად.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები