თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 109

საბერძნეთში სირიზამ გაიმარჯვა

211044
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 109

 

როგორც ცნობილია მიმდინარე წლის 25 იანვარს საბერძნეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველასაგან მოულოდნელად რადიკალურმა მემარცხენე პარტიამ სირიზამ გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 36,3%-ი მოაგროვა და 159 სავარძელი მოიპოვა პარლამენტში რა, ამით უკან ჩამოიტოვა მმართველი ახალი დემოკრატიული პარტიაც და ცენტრისტული მემარცხენე პარტია პასოკიც. მაგრამ, მას მხოლოდ 2 სავარძელი დააკლდა მარტოდ მარტო ახალი მთავრობის შექმნისათვის და რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოს მან კოალიცია შექმნა მემარჯვენე დამოუკიდებელ ბერძენთა პარტია ანელთან. მოკლედ, სირიზას გამარჯვებამ საბერძნეთი ახალ რადიკალურ ღერძზე და ახალ ისტორიულ ეტაპზე გადაიყვანა გადაიყვანა, რაც მეტად კრიტიკულ მდგომარეობას ჰქმნის ევროკავშირისთვისაც და საერთოდ მთელი მსოფლიოს სისტემისთვისაც, რადგან, საბჭოთა კავშირისა და საერთოდ სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ პირველად სირიზას ლიდერმა ალექსის ციპრასმა გამოაცხადა სოციალისტური პროგრამა და მასში შედის ღარიბებისათვის უფასო ჯანდაცვა და განათლება, ელექტრო და სხვა სოციალური დახმარებები, უმუშევრებისათვის დასაქმება და ხელფასი და ყველაფერს ამას აპირებს მდიდრებისათვის დამატებითი გადასახადების დაწესებით. ყველაზე შოკის მომგვრელი დაპირება კი ევროკავშირისათვის და სხვა საერთაშორისო ფინანსური სტრუქტურებისათვის საბერძნეთის არსებული ვალების არ გადახდა და ამ საკითხზე ხსენებულ ორგანიზაციებთან სასწრაფო მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნა იყო. თუმცა, ციპრასისვე თქმით ჯერ ჯერობით ევროკავშირიდან გასვლაზე და მის დატოვებას არ ფიქრობენ

მართალია სირიზას მიზნები მთლად მარქსისტული არ არის, მაგრამ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით მათი დაპირებები ძალიან ახლოსაა კომუნისტურ იდეოლოგიასთან. საბოლოო ჯამში სირიზას გამარჯვებამ მრავალი კითხვები წარმოშვა, რომელთა შორის წინა პლანზე გამოდის მაგალითად: საბერძნეთი სირიზას ლიდერობით მარქსისტულ-კომუნისტური მიმართულებით ხომ არ წავა?, რა ზეგავლენას მოახდენს ხსენებული არჩევნების შედეგები ევროკავშირზე?, ანდა საბერძნეთის არჩევნების შედეგები რა გზავნილს მისცემს ნეოლიბერალებს? ახლა ამ საკითხზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

მრავალი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სირიზას და მისი ლიდერის ზომიერი სოციალისტური დაპირებები გამომდინარეობს არა მარქსისტული იდეოლოგიიდან, არამედ უკუ რეაქციაა ქვეყანაში ბოლო წლებში მიმდინარე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის მიმართ. ამის დასტური კი ის არის, რომ სირიზამ კოალიცია შექმნა არა კომუნისტურ პარტიასთან, არამედ მემარჯვენე დამოუკიდებელ ბერძენთა პარტია ანელთან. ეს არჩევანი კი იმაზეც მიუთითებს, რომ ორივე პარტია ქამრის მოჭერის პოლიტიკისათვის ბოლოს მოღებას აპირებს, რაც რა თქმა უნდა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან საბერძნეთის გამოსვლით და კიდევ ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკის მიერ წარმოქმნილი გამოწვევებისათვის ბოლო წერტილის დასმით. აქ არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ სირიზაც ანელიც ყოველთვის უარყოფითად ეკიდებოდნენ გერმანიისა და სსფ-ის მხრიდან საბერძნეთისათვის კრედიტების შეზღუდვას, ე.ი. ბერძენმა ამომრჩეველმა ამ პარტიებისათვის ხმის მიცემით უარყოფითი რეაგირება მოახდინა ხელფასის დაცემის, ინფლაციის გაზრდის, მძიმე ეკონომიკური პირობების და რაც მთავარია, ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის სრული დაკარგვის მიმართ.

ახლა ფიქრობენ, რომ სირიზას ეს რეაქცია ასახვას ჰპოვებს ქვეყნის რეგიონალურ და გლობალურ პოზიციებზეც, მაგრამ, თუ რა დოზით და როგორ, ეს ჯერ ჯერობით უცნობია და გამოვლინდება სირიზას მთავრობის მოლაპარაკებების შედეგებთან ევროკავშირთან, ნატოსთან და სსფ-სთან. მოკლედ, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ უპასუხებენ სირიზას მოთხოვნებს ხსენებული ორგანიზაციები, დააკმაყოფილებენ თუ უარს ეტყვიან მას ვალების ჩამოწერაზე, ე.ი. წავლენ თუ არა ათენის მიმართ ეკონომიკურ და ფინანსურ დათმობებზე. თუ სირიზას დადებითი პასუხი გაეცემა ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ისინი ახლა შეიძლება მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ, რადგან, ამ დათმობებმა შეიძლება დომინოს ეფექტი გამოიწვიოს და სხვა ქვეყნებმაც, რომლებიც საბერძნეთის მსგავს მდგომარეობაში არიან, მოითხოვონ მისი მსგავსი პრივილეგიები და საბოლოო ჯამში ამ ქვეყნებშიც სირიზას მსგავსი პარტიები გაიმარჯვებენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ევროკავშირში და ნეო ლიბერალურ მსოფლიო სისტემაში ამ კონტექსტში გარდაუვალი იქნება რადიკალური რეფორმების განხორციელება

მაგრამ, თუ ხსენებული ორგანიზაციები უარს ეტყვიან სირიზას, მაშინ, საბერძნეთი კიდევ უფრო უარეს ეკონომიკურ კრიზისში გადავარდება, მეორეს მხრივ ამომრჩეველიც გაწბილდება და იმედგაცრუებულნი დარჩებიან რა, ამან შეიძლება ქვეყანა უფრო რადიკალური მიმართულებით წაიყვანოს. მოკლედ, ორივე შემთხვევაში საბერძნეთი ძალიან მშფოთვარე პერიოდში შედის, რომელმაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებზეც, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები