თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 108

პარიზის ტერაქტს სამართლიანად უნდა მივუდგეთ

207965
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 108

 

როგორც ცნობილია 7 იანვარს ფრანგულ სატირულ ჟურნალ “Charlie Hebdo“-ზე და შემდეგ ერთ ერთ მარკეტზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად მთლიანობაში 12 კაცი დაიღუპა. ამ თავდასხმამ თურქეთშიც და მსოფლიოშიც ახალ კამათებს დაუდო სათავე. ისლამოფობიის და მუსლიმანების საკითხების შემცველ ამ დებატებში ძირითადად წინა პლანზე ორი ბრალდება გამოდის. პირველების მიხედვით ტერორიზმის მთავარ წყაროს იმპერიალისტური ქვეყნები წარმოადგენენ, ხოლო მეორეთა მიხედვით კი თვით მუსლიმანები. ასე რომ პირველები დასავლეთის მხარდამჭერებს აკრიტიკებენ, მეორენი მუსლიმანების. მაგრამ, ჩვენი აზრით არც ერთი მხარე არ არის ბოლომდე მართალი და ორივე მხრის მტკიცებულებებში მრავალ ნაკლოვანებას აქვს ადგილი, რადგან ორივე მხარე მოწინააღმდეგეს კატეგორიზებას უკეთებს და ერთ ტაფაში წვავენ ერთურთის მხარდამჭერებს, ე.ი. ისინი ყველაფერს ან თეთრ, ანდა შავ ფერებში აჩვენებენ, როცა სოციალური პრობლემები ხშირად რუხი ფერისაა და ყოველი საზოგადოება თუ კულტურა ჰეტეროგენიულია, ხოლო ამის პარალელურად სოციალური და საერთაშორისო ურთიერთობები კი უფრო კოლექტიურია. აქედან გამომდინარე საჭიროა ღრმად და დეტალურად გაანალიზდეს ყველა ასპექტი, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მომხდარს. ახლა ამ საკითხზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

ისლამოფობიის ან ტერორიზმის პრობლემების ანალიზისას ყველაზე დიდი გადაცდომა ის არის, რომ მუსლიმანებს ან დასავლეთს ისეთ მასაში ხედავენ, რომელსაც მხოლოდ ერთი ფერი გააჩნია და აქედან გამოდინარე ამ მთლიან მასას მიიჩნევენ დამნაშავედ თუ მართლებად, რაც სათავეშივე მცდარი მიდგომაა ორივე მხარისათვის. არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ ამ მასებიდან ერთში, ე.ი. ისლამურ სამყაროში 1,7 მილიარდი ადამიანი, ხოლო მეორეში, ე.ი. დასავლეთში 1 მილიარდი ადამიანი შედის, რომლებთა შორისაც მილიონობით არიან კარგებიც და ცუდებიც. ასე მაგალითად დასავლეთში ზოგიერთები მუსლიმებს ტერორიზმთან აიგივებენ, როცა ზოგიერთები პირიქით ჰუმანიზმთან აიგივებენ. ხოლო ისლამურ სამყაროშიც ერთნი თუ დასავლეთს ყველანაირი ბოროტების წყაროდ მიიჩნევენ, მეორენი მასთან ინტეგრაციას უჭერენ მხარს.

საბოლოო ჯამში რა მაგალითიც არ უნდა დავასახელოთ, მათ ვერ მივაწერთ მთლიან საზოგადოებას. ამ იდეას მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპიც, რომ დანაშაულზე პასუხს დამნაშავე აგებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ერთი ინდივიდუალური ქმედება თუ შეხედულება არ წარმოადგენს ამა თუ იმ მასის თუ საზოგადოების კუთვნილებას, ეს ითქმება როგორც დასავლეთზე, ასევე მუსლიმანებზეც. ე.ი. რომელიმე მუსლიმანის მიერ როგორც წმინდა ყურანის ან ჰადისების გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთან არავითარი კავშირი არ აქვს ყურანს ან მუჰამედს, ასევე რომელიმე ქრისტიანის ან ებრაელის ქმედებასთანაც არავითარი კავშირი არ აქვს არც მოსეს ან იესო ქრისტეს, ანდა ბიბლიას თუ სახარებას. აქაც მაგალითს მოვიყვან და ვიტყვი, რომ როგორც პარიზში მუსლიმან ძმებ კუვაშების მხრიდან ჩადენილ ტერაქტთან არავითარი კავშირი არ აქვს ყურანს და მუჰამედს, ასევე ნორვეგიელი ბრეივიკის მიერ ჩადენილ დანაშაულთან არავითარი კავშირი არ აქვს იესოს და ბიბლიას, ხოლო ისრაელის მთავრობის ქმედებებს არავითარი კავშირი აქვს მოსესთან და სახარებასთან, ე.ი. ამ ჩამოთვლილი პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულობებზე პასუხისმგებლები არ არიან არც მუსლიმები, არც ქრისტიანები და არც ებრაელები

კაცობრიობა ვალდებულია პატივისცემით მიუდგეს და არ დაამციროს ერთმანეთის წმინდა ღირებულებები. როგორც დასავლეთში იკრძალება ქრისტიანობის ქილიკი და დამცირება, ასევე არ შეიძლება ისლამური რწმენის ქილიკი და დამცირება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვისა და რწმენის თავისუფლების თვალსაზრისითაც რა, მათზე დაყრდნობით არ უნდა მოხდეს სხვისი წმინდა ღირებულების დამცირება და იგი არ უნდა შედიოდეს სიტყვის და აზრის თავისუფლებაში, რამეთუ მათაც გააჩნიათ სამანი და საზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან ქაოსი და კულტურათა შორისო დაპირისპირებაც კი შეიძლება გამოიწვიოს
ისლამისტი ტერორისტების მხრიდან საფრანგეთის სამიზნედ არჩევას შეიძლება ისტორიული საფუძველიც ჰქონდეს, რამეთუ 1800-იანი წლებიდან დაწყებული ეს ქვეყანა ისლამური სამყაროს მიმართ კოლონიურ პოლიტიკას ახორციელებდა, ე.ი. ერთის მხრივ ძარცვავდა, ხოლო მეორეს მხრივ ჩაგრავდა მუსლიმანურ ქვეყნებს, რაც რა თქმა უნდა ასევე უარყოფითად მოქმედებს ისლამისტებზე

არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ მრავალი რადიკალისტური ორგანიზაცია თვით დასავლელი იმპერიალისტების მხრიდან არის შექმნილი და მათ სხვადასხვა პერიოდებში თავიანთი მიზნებისათვის იყენებდნენ. ასე მაგალითად თალიბანები მათ ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნეს.

მოკლედ, ტერორიზმის შეფასებისას თვით დასავლეთმაც არ უნდა აუაროს გვერდი თვითკრიტიკას, რამეთუ მათაც ხელი ურევიათ მრავალი უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტაში, წერს თურქი ანალიტიკოსი რამაზან გოზენი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები