აქტუალური თემის ანალიზი 20-2022

რისკები და შესაძლებლობები

1932368
აქტუალური თემის ანალიზი 20-2022

რისკები და შესაძლებლობები

აქტუალური თემის ანალიზი 20-2022

ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიული პერიოდის ერთ-ერთ კრიტიკულ ზღვარზე. ერთის მხრივ, არსებობს ყოვლისმომცველი ტრანსფორმაციის პროცესი, რომელშიც იზრდება გლობალური გაურკვევლობა, დიდი ძალების კონკურენცია ხდება გლობალური და ეს იგრძნობა ყველა რეგიონალურ ქვესისტემაში. მეორე მხრივ, თურქეთი გლობალური პრობლემების ცენტრშია, როგორც არ უნდა შეხედო მას: უკრაინის ომი, მყიფე სამშვიდობო პროცესი კავკასიაში, ფეთქებადი კონფლიქტის დინამიკა ბალკანეთში,  საბერძნეთის რევიზიონისტული პოლიტიკა და სხვა. ენერგეტიკული კონკურენცია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და აშშ-ის მზარდი ინტერესი რეგიონის მიმართ, ლიბიის დაშლა, ჩრდილოეთ აფრიკის ზოლის ყველაზე მწვავე საკითხი, სირიაში მიმდინარე არასტაბილური გარემო, პოლიტიკური არასტაბილურობა ერაყში და  ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები. როგორც ჩანს, შესაძლებელია ეს სია კიდევ უფრო გაიზარდოს. უკრაინის ომით გამოწვეული ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისი თურქეთისთვის შესაძლებლობებსაც და ახალ რისკებსაც ქმნის. როდესაც ყველა ამ თემას ემატება ისეთი გარემოსდაცვითი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მომავალი გლობალური ეკონომიკური რეცესია, რომელსაც სავარაუდოდ წლის პირველ ნახევარში ვიხილავთ, გასაგებია, რომ თურქეთის გეოპოლიტიკური გარემო ძალიან აქტიური იქნება 2023 წელსაც.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

თემებზე, რომლებზეც ყველაზე მეტად 2023 წელს ვისაუბრებთ, იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი. ომის დასრულება ნაკლებად სავარაუდოა. მოლოდინი, რომ ის გაღრმავდება, საკმაოდ დიდია. ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში აჩვენებს, რომ აშშ გაზრდის სამხედრო დახმარებას უკრაინაში. ამ შემთხვევაში, მზადება იქნება იმ სცენარისთვის, რომლითაც ომი გაგრძელდება. იმ ვითარებაში, როდესაც ომი გრძელდება, თურქეთმა ისევ უნდა შეინარჩუნოს თავისი პოზიცია შუამდგომლის როლში.  ფაქტობრივად, ეს პოზიცია თურქეთს დიპლომატიურად და გეოპოლიტიკურად კიდევ უფრო გააძლიერებს. თურქეთს შეუძლია გააძლიეროს თავისი აქტიური როლი ისეთ საკითხებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ევროპული უსაფრთხოება და სასურსათო უსაფრთხოება. თუ ომი შეიცვლის მიმართულებას ან გაღრმავდება, შესაძლოა გაძნელდეს თურქეთის ამჟამინდელი პოზიციის შენარჩუნება და დაძაბული პროცესი განიცადოს ანკარა-ბრიუსელ-ვაშინგტონის ხაზმა. ალბათ ყველაზე კრიტიკული თემა, რომელზეც 2023 წელს უკრაინის ომთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, არის შავი ზღვა. გასაგებია, რომ შავი ზღვა ომის შემდეგ უფრო აშშ-ს ფარგლებშია და ამ ეტაპზე მას სურს ახალი ანტირუსული პროცესის აგება შავი ზღვის ქვეყნებთან. ამ თვალსაზრისით, სასარგებლოა ყურადღების მიქცევა „გაფართოებული შავი ზღვის პროექტზე“.

2023 წლის პოზიტიური დღის წესრიგის თვალსაზრისით, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ახლო აღმოსავლეთის ნორმალიზაციის პროცესი შენელების გარეშე გაგრძელდება. რეგიონი გადის პროცესს, რომლითაც უკრაინის ომის შემდეგ მსოფლიო ქვეყნები ინტერესდებიან. ნორმალიზებაც ამ ატმოსფეროში მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ნორმალიზაციის პროცესი საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და ისრაელთან კიდევ უფრო კონსოლიდირებული იქნება. ის ნელ-ნელა პროგრესირებს ეგვიპტესთან, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ საბოლოოდ განსხვავებულ პროცესს განიცადოს, ვიდრე 2022 წელს.

რაც შეეხება სირიის საკითხს, ღიაა სიურპრიზებისთვის. გასული წლის ბოლოს მოსკოვში გამართული სამმხრივი სამიტი (რუსეთი-თურქეთი-სირია) ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო 11 წლის შემდეგ. გასაგებია, რომ სამმხრივი მექანიზმი გაგრძელდება 2023 წელს, როგორც მდგრადი სტრუქტურა. ტერორიზმის, ლტოლვილთა დაბრუნების და პოლიტიკურ პრობლემების საკითხების უმოკლეს ხანაში მოგვარებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ აშკარაა, რომ პროგრესი იქნება. არ ვიცი, იქნება თუ არა შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანსა და ასადს შორის, მაგრამ არავის გაუკვირდება, თუ არჩევნებამდე ასეთი შეხვედრა მოსკოვის თაოსნობით გაიმართება. როდესაც ვუყურებთ შესაძლო შედეგებს; გარკვეული პროგრესის მიღწევა შესაძლებელია რეჟიმსა და სირიის ეროვნული არმიას (SMO) შორის სამხედრო დაძაბულობის შემცირების, PKK-ს აქტიური ქმედებების შეზღუდვის, ლტოლვილების თანდათანობით დაბრუნებასა და იდლიბთან დაკავშირებით. ირანის მცდელობებს, შეარყიოს პროცესი და დამასკო, ანკარისგან შორს დაიჭიროს, შესაძლოა გარკვეული შედეგები მოჰყვეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაშინგტონი მხარს დაუჭერს პროცესს. თუმცა ამ მხრივ არც თუ ისე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თუ ყველაფერი კარგად წავა და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით პროგრესი იქნება, წლის პირველ ექვს თვეში უფრო ჰოლისტიკური სურათი შეგვიძლია ვიხილოთ.

კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ყურადღებით უნდა ვუყუროთ 2023 წლის პირველ ექვს თვეში, არის დაძაბულობა თურქეთსა და საბერძნეთს შორის. არჩევნები ტარდება ორივე მხარეს და როგორც ჩანს, ათენი არ თმობს თავის ამჟამინდელ წაქეზების პოლიტიკას. კუნძულების შეიარაღებამ და საზღვაო წყლების 6-დან 12 მილამდე გაფართოებამ შესაძლოა აიძულოს თურქეთი გადადგას შესაბამისი ნაბიჯი საბერძნეთის წინააღმდეგ. თუ საქმე აქამდე მივიდა, მესამე მხარე ვერ შეძლებს ამ პროცესში შუამავლის როლის შესრულებას, ამიტომ, ანკარა-ათენის დაძაბულობა შეიძლება გაღრმავდეს.

ასე, რომ 2023 წელს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ძალიან ბევრი საკითხია. ყველა მათგანის ცალ-ცალკე განხილვა შეუძლებელია. თუმცა, ძნელი არ არის იმის პროგნოზირება, რომ მიმდინარე წელი აქტიური იქნება. 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც „თურქეთის რესპუბლიკა“ მეორე ასწლეულში შედის. თურქეთის გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გარემო ხდება უაღრესად კონკურენტუნარიანი და შემზღუდველი. ასევე იქნება კონკურენცია გეოპოლიტიკურ პროექტებში, რომლებიც დაკავშირებულია თურქეთის სტრატეგიულ მიმართულებასთან. 2023 წელი იქნება თურქეთის რესპუბლიკის მეორე ასწლეულის დასაწყისი არა მხოლოდ საშინაო პოლიტიკის, არამედ რეგიონალური და გლობალური სტრატეგიული ორიენტაციის თვალსაზრისით. ამ ეტაპზე, არჩევნები იქნება ყველაზე დომინანტური დინამიკა, რომელიც ჩამოაყალიბებს თურქეთის გეოპოლიტიკას.



მსგავსი ინფორმაციები