ზელენსკიმ ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა

მან რუს ჯარისკაცებს იარაღის დაყრისა და დანებებისკენ მოუწოდა

1797265
ზელენსკიმ ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის ახალ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მათი პრიორიტეტია უკრაინის სახელმწიფოს დაცვა: “მოლაპარაკებებში ჩემი პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია. ეს არის ომის დასრულება, უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური გარანტიები და ქვეყნის რეალური დაცვა“. ზელენსკიმ რუსი ჯარისკაცებისადმი ვიდეომიმართვაში უკრაინის ბრძოლის ველზე სიკვდილის მაგივრად, მათ იარაღის დაყრა და დანებება შესთავაზა. "ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც დადებს იარაღს, ექნება შანსი გადარჩენისა. მე სპეციალურად მოვუწოდებ რუს ჯარისკაცებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ ინსტინქტი თვითგადარჩენისა, დააგდონ იარაღი და დანებდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, რათა არ დაეცნენ უკრაინის ბრძოლის ველზე, ჩვენს მიწაზე“. - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსულმა თვითმფრინავებმა განზრახ ჩამოაგდეს მძლავრი ბომბი ალყაში მოქცეულ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს და ეს შენობა მთლიანად განადგურდა. "დაღუპულთა რიცხვი ჯერ-ჯერობით  უცნობია. გული მწყდება იმის გამო, რაც რუსეთმა გაუკეთა ჩვენს ხალხს, ჩვენს მარიუპოლს, დონეცკის რეგიონს. რუსეთის მოქალაქეებო, რით განსხვავდება თქვენი მარიუპოლის ბლოკადა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ლენინგრადის ბლოკადისგან?" - ლოგიკური კითხვა დასვა ზელენსკიმ და იქვე დაამატა, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა კვლავ აგრძელებს “ომის მანქანის“ სახის შენარჩუნებას უკრაინაში, რისთვისაც საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, უფრო ძლიერი პაკეტი.  

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ დღის განმავლობაში ტელეფონით ესაუბრა უკრაინის მეგობრებს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს და ამ საუბრების დროს განიხილეს შესაძლო სამშვიდობო ნაბიჯები და მან  ორივე ლიდერს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები