ზელენსკიმ დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა

„მჯერა რომ საუკეთესო საჩუქარი ყველასათვის, ერთობლივი გამარჯვება იქნება"

1794953
ზელენსკიმ დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ წარმოებულ ომში დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები საავადმყოფოში მოინახულა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ „პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის დაცვით ბრძოლებში დაჭრილი ჯარისკაცები, საავადმყოფოში მოინახულა“. თუმცა, ამავე განცხადებაში არ არის გაზიარებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქალაქის რომელ საავადმყოფოში მოინახულა პრეზიდენტმა დაჭრილი ჯარისკაცები.  მათთან საუბრისას კი პრეზიდენტმა დაჭრილი ჯარისკაცები ასე გაამხნევა: „ბიჭებო, მალე გამოჯანმრთელდით. მჯერა, რომ საუკეთესო საჩუქარი ყველასათვის ჩვენი ერთობლივი გამარჯვება იქნება“.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ცალ-ცალკე სატელეფონო საუბრები ჰქონდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან.

ერთ სხვა პოსტში კი ზელენსკიმ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს Microsoft-ს, SAP-სა და Oracle-ს მიმართა. "აღარ შეიძლება იყოს ნახევრად გადაწყვეტილებები, ან ნახევარტონები. არსებობს მხოლოდ შავი და თეთრი, კარგი ან ცუდი. ან მშვიდობის მომხრე ხართ, ან  მხარს უჭერთ სისხლიან რუს აგრესორს და ხელს უწყობთ უკრაინელი ბავშვებისა და ქალების მხეცურად მოკვლაში. აქედან გამომდინარე Microsoft-ს, Oracle-ს და SAP-ს მოგმართავთ, შეწყვიტეთ პროდუქციის მიწოდება რუსეთისათვის, რათა, ომი შეჩერდეს.”

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Microsoft-მა 4 მარტს განაცხადა, რომ შეაჩერა ყველანაირი პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა რუსეთში. მანამდე კი, კონკრეტულად 3 მარტს Oracle-მ გამოაცხადა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის გამო,  თავის საქმიანობას რუსეთში აჩერებს.



მსგავსი ინფორმაციები