გაეროს საგანგებო ასამბლეაზე უკრაინის საკითხი განიხილეს

გაეროს საგანგებო ასამბლეაზე უკრაინის საკითხი განიხილეს

1787695
გაეროს საგანგებო ასამბლეაზე უკრაინის საკითხი განიხილეს

 

უკრაინის მოთხოვნით საგანგებოდ გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსულმა  უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგი კისლიცამ განაცხადა, რომ რუსეთმა მის ქვეყანაში ომი ისე დაიწყო, რომ პროვოკაცია არ ყოფილა. “ეს ომი აირჩია ვიღაცამ (რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა), რომელიც ამჟამად ბუნკერში ზის. ჩვენ ვიცით, რა დაემართა ადამიანს (ადოლფ ჰიტლერს), რომელიც იჯდა ბერლინის ბუნკერში 1945 წლის მაისში,“ მინიშნებით განაცხადა კისლიცამ და იქვე დაამატა, რომ არის მსგავსება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმასა და მე-2 მსოფლიო ომის დაწყებას შორის (1939 წ.). მანვე პუტინის მხრიდან ბირთვული ძალების მაღალ მზადყოფნაში მოყვანას “სიგიჟე!" უწოდა და თქვა: ”თუ პუტინს სურს თავის მოკვლა, მას არ სჭირდება ბირთვული იარაღის გამოყენება, არამედ მან უნდა გააკეთოს ის, რაც ბერლინის ბუნკერში მყოფმა ადამიანმა გააკეთა 1945 წლის მაისში.” კისლიცას აზრით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აუცილებლად ხმა უნდა აიმაღლოს, რათა დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსეთმა თავდასხმები უკრაინაზე და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები, ხოლო ამის პარალელურად გაერო ასევე ღია უნდა იყოს ბელორუსის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტიურად მონაწილეობს ამ ომში და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას. უკრაინელი დიპლომატის განცხადებითვე, ეს ომი მეტად უარყოფით  გავლენას მოახდენს ასევე ევროპისა თუ მსოფლიოს ქვეყნებზეც და შეიძლება გამოიწვიოს სურსათის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ფინანსური ბაზრებისა და ეკონომიკის კოლაფსი. “თუ უკრაინა ვერ გადაურჩება ამ ომს, მაშინ, საერთაშორისო მშვიდობაც ვეღარ იარსებებს. თუ უკრაინა ვერ გადარჩება, გაეროც ვერ გადარჩება, ნუ იქმნით ილუზიებს. მაგრამ, თუ თქვენ გადაარჩენთ უკრაინას, მაშინ, თქვენ გადაარჩენთ გაეროსაც და დემოკრატიასაც." - ხაზგასმით აღნიშნა კისლიცამ.


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები