მაკრონის შემდეგ ტრამპი მერკელსაც შეხვდა

“აშშ-ი და გერმანია მტკიცედ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები"

960186
მაკრონის შემდეგ ტრამპი მერკელსაც შეხვდა

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონის შემდეგ თეთრ სახლში მეორე ევროპელ ლიდერს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მოუწყო შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს და მასზე ტრამპმა თქვა, რომ ბირთვული შეთანხმების საკითხში ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა, არაფერი არ უთქვია იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ამერიკა იმ შემთხვევაში, თუ ეს მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება.

"ჩვენ უნდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს სისხლიანი რეჟიმი არ მიუახლოვდება ბირთვულ იარაღს, ირანი ვერ შეძლებს ბირთვული იარაღის შექმნას", აღნიშნა ტრამპმა.

მანვე მეტად დადებითი ნაბიჯი უწოდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების პირველ შეხვედრას და თქვა, რომ მანამდის გააგრძელებენ  ჩრდილოეთ კორეის მიმართ ზეწოლის პოლიტიკას, სანამ კორეის ნახევარკუნძული მთლიანად არ განიარაღდება ბირთვული იარაღისგან.

მისივე განცხადებით მოუთმენლად ელის შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, რომელიც მომავალ კვირებშია დაგეგმილი. მანვე სწორი უწოდა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და ხაზი გაუსვა, რომ იერუსალიმში გრძელდება ამერიკის საელჩოს შენობის მშენებლობა და მის ერთ ნაწილში მუშაობას 14 მაისიდან გეგმავენ რა, გახსნის ცერემონიას ისიც დაესწრება.

გერმანიის კანცლერმა მერკელმა კი განაცხადა, რომ მათ აქვთ ძლიერი კავშირები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ, სურთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება.

"გერმანია გააგრძელებს ნატოს ფარგლებში სანდო პარტნიორის როლის შესრულებას. ჩვენ აშშ-სთან ერთად ვიბრძვით ირანის  ბირთვული იარაღის, ტერორიზმის, სირიასა და ერაყში დეაშის წინააღმდეგ, ასე რომ, მტკიცედ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულები", ხაზი გაუსვა მერკელმა და დაამატა, რომ ახლო და ერთგულ კავშირებს ამერიკასთან მომავალშიც გააგრძელებენ



მსგავსი ინფორმაციები