„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 19-2021
მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი საავადმყოფო, ასკლეპიონის წმინდა ადგილი
„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 19-2021
მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი საავადმყოფო, ასკლეპიონის წმინდა ადგილი
ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ
პერგამონის სამეფოს დედაქალაქი პერგამონი, რომის იმპერიის აღმოსავლეთ ცენტრი იყო. ის იყო მრავალი ცივილიზაციის აკვანი, დაწყებული ანტიკური პერიოდიდან დღემდე. პერგამენტი პირველად პერგამონში გამოიგონეს, აზიის პირველი და უდიდესი ბიბლიოთეკა ორასი ათასი ტომი წიგნით ამ ქალაქში იყო განთავსებული. ეს არის ადგილი, სადაც წნევის საშუალებით წყალი პირველად თიხის მილებით მოსახლეობას მიეწოდებოდა. პერგამონში ემოციები პირველად აისახება ქანდაკებებზე... ეს შესანიშნავი ქალაქი თანამედროვე ცივილიზაციის პიონერია არქიტექტურის, ხელოვნების, დაგეგმვისა და მედიცინის კუთხით, მაგრამ ის რაც განასხვავებს მას სხვა უძველესი ქალაქებისგან არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი საავადმყოფო, ასკლეპიონის წმინდა ადგილი.
მკურნალობის ღვთაება ასკლეპიოსი იმდენად ნიჭიერი იყო, რომ მისი წყალობით სიკვდილიანობა შემცირდება. აი ამ ღვთაების სახელზე აშენებული ტაძრები და სამკურნალო ცენტრები იყო ასკლეპიონები. ისინი გამოიყენებოდა ელინისტური პერიოდიდან რომის იმპერიის პერიოდამდე და მათი რაოდენობა ორ ათასს აღწევდა. აქ გამოიყენეს პირველად კვართხზე გარშემორტყმული გველი, რომელიც მედიცინის სიმბოლოდ ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ იგი განსხვავდება დღევანდელი საავადმყოფოებისგან, ეს იყო ის ადგილი, სადაც პაციენტები მიდიოდნენ გამოსაჯანმრთელებლად, სადაც ექიმები აფასებდნენ მათ მდგომარეობას და მკურნალობდნენ. მოდით, ერთად განვიხილოთ ის თუ რა განასხვავებდა მათ დღევანდელი გაგებით საავადმყოფოებისგან!
მიუხედავად იმისა, რომ მრავალ დაავადებას მკურნალობდნენ, ყველა პაციენტს არ იღებდნენ ასკლეპიონისში. იქ მომაკვდინებელი დაავადების მქონე პაციენტებს და ორსულ ქალებს შესვლის უფლება არ ჰქონდათ. გადმოცემის თანახმად, შესასვლელ კარიბჭეზე, რომელიც დღეს ვირანის კარიბჭედ არის ცნობილი, ეწერა: ”აქ სიკვდილი ვერ შემოვა”. კარებიდან შესული პაციენტები დაახლოებით ერთ კილომეტრიან "Via Tecta"-ს ანუ "წმინდა გზას" გადიოდნენ და შედიოდნენ ეზოში. ამ ეზოში მათ სასულიერო პირები ელოდებოდნენ, რომლებიც წყვეტდნენ, ვის შეეძლო სამედიცინო ცენტრში შესვლა და ვის არა. პაციენტები, რომელთა განკურნება შეუძლებელი იყო, იძულებულები იყვნენ აქედან გაბრუნებულიყვნენ. სხვები კი შიგნით შეაბიჯებდნენ იმ რწმენით, რომ ამიერიდან ისინი განიკურნებოდნენ. პერგამონის ასკლეპიონი დასავლეთ ანატოლიის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ცენტრი იყო, სადაც სინამდვილეში მკურნალობა ჩაგონების მეთოდით ტარდებოდა.
ჯანმრთელობის ცენტრში მიღებული პაციენტები ჯერ წმინდა აუზებში ბანაობდნენ, იცმევდნენ მათთვის მიცემულ თეთრ ტანსაცმელს და წირავდნენ შესაწირავებს. სამკურნალო და წმინდა აუზების გვერდით იყო საძილე ოთახები. ასკლეპიონში სიზმრების საშუალებით ჩაგონებით თერაპია გამოიყენებოდა. პაციენტები, რომლებიც საძილე ოთახებში გადაჰყავდათ, ვალდებულები იყვნენ თავიანთი სიზმრები სასულიერო პირი ექიმებისთვის მოეყოლათ. სიზმრის გზავნილი ზოგჯერ ძალიან მკაფიო იყო, ზოგჯერ კი ისეთი რთული, რომ მას სასულიერო პირის განმარტება სჭირდებოდა. მას შემდეგ რაც სიზმარი გაიშიფრებოდა, მკურნალობა იწყებოდა. ანტიკურ დროში ითვლებოდა, რომ სიზმრები წარსულისა და მომავლის მაუწყებელი იყო და ისინი სწორი ინფორმაციის მიღების მთავარ ელემენტად ითვლებოდა.
ასკლეპიონის ტაძარში მკურნალობდნენ სხვადასხვა დაავადებებს როგორიც იყო თავის ტკივილი, მხედველობის დაკარგვა, უნაყოფობა, ისტერიკა, დამბლა და სხვა. სხვადასხვა დაავადების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობდა. ამ მეთოდების შესახებ ვიგებთ ანტიკური პერიოდის ცნობილი ორატორის არისტიდესის მეშვეობით, რომელიც თავადაც ბევრჯერ მკურნალობდა ასკლეპიონში. იქ ყოფნის დროის მანძილზე ნანახ სიზმრებს, მკურნალობის მეთოდებსა და მკურნალობის პროცესებს თავის ნაშრომში აღწერს, რომლის სახელწოდებაცაა "Hieroi Logoi" ანუ "წმინდა სიტყვები". წიგნიდან ვიტყობთ, რომ მკურნალობის ძირითადი ელემენტია ჩაგონება და სასულიერო პირი ექიმები მათ ღმერთის სახელით ჩააგონებდნენ. პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის დაჯერება, რომ ის გამოჯანმრთელდებოდა და ამას მკურნალები შეძლებდნენ.
მკურნალობის მეთოდებს შორის იყო შიმშილი, წყურვილით განკურნება, ტალახის აბაზანები, სამკურნალო წყლით მასაჟები, მცენარეული ზეთი და მალამოები. ფიზიკური თერაპიის პროგრამაში ასევე შედიოდა მარტივი ვარჯიშები, ფეხშიშველი სიარული მიწაზე და საკურთხევლის გარშემო სირბილი. გამოყენებული მეთოდი განისაზღვრებოდა დაავადების და დაავადების სიმძიმის შესაბამისად.
გარდა ამისა, ასკლეპიონში ასევე ტარდებოდა მზისა და წყლის თერაპიები. წყალს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, რადგან მას წმინდად და დიდ არსებად თვლიდნენ. ფსიქოთერაპიის პრაქტიკაში გამოიყენებოდა წყლის გამაჯანსაღებელი ძალა. წმინდა აუზებში დაბანა და წმინდა შადრევანიდან წყლის დალევა აუცილებელი მოქმედება და მკურნალობის ნაწილიც იყო. ტაძრის უშუალო სიახლოვეს ფუნქციონირებდა აგრეთვე თერმული აბაზანები, რომელიც კანის დაავადებებისთვის იყო სასარგებლო. სამკურნალო წყლების ადგილებს SPA-ს უწოდებდნენ. სიტყვა SPA რომელიც დღესაც გამოიყენება, არის ლათინური სიტყვების "Salus Per Aqua"-ს აბრევიატურა და ნიშნავს " წყლიდან მოსული ჯანმრთელობა".
ასკლეპიონში მზის თერაპია ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც წყლის თერაპია, რადგან იმ დროს ცნობილი იყო, რომ მზე კარგი იყო ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ამ თერაპიის მნიშვნელობაზე გავლენას ახდენს ის ფაქტიც, რომ მზის ღმერთი აპოლონი არის ჯანმრთელობის ღმერთის ასკლეპიოსის მამა... პაციენტები თაყვანს სცემდნენ, აკურთხებდნენ და მკურნალობდნენ მზის აბაზანების მიღებით.
მუსიკა, წიგნების კითხვა და თეატრალური სპექტაკლები ასევე იყო მკურნალობის ნაწილი. პაციენტების ხალისის შენარჩუნების მიზნით, ეწყობოდა ფესტივალები, რომლებზეც ადგილობრივი მოსახლეობასაც იწვევდნენ, ტარდებოდა პოეზიის და მუსიკალური კონკურსები.
ბერგამას ასკლეპიონში ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს პაციენტების სახელებს და სამადლობელო სიტყვებსაც ჯანმრთელობის აღდგენისთვის. ექსპერტების აზრით, ეს ტაბლეტები ტაძარში იყო ჩამოკიდებული და ხალხს მათი დანახვა შეეძლო, რათა ტაძრის საიმედოობა პირველი წყაროს პირით გაეგოთ. გათხრების დროს ასევე აღმოჩენილი იქნა სამედიცინო იარაღები, როგორიცაა ნემსები, დანები, პინცეტები და სხვა. ამასთან, მოსალოდნელი რისკების გამო, ამ ცენტრში ქირურგიული ჩარევის გაკეთება სასურველი არ იყო.