თურქული სამზარეულო 33/2019
დესერტი „რევანი“
დესერტი „რევანი“
მოგესალმებით. შემოგთავაზებთ ოსმალეთის სასახლის სამზარეულოს დესერტის რეცეპტს. ეს გახლავთ „რევანი“. იგი მანანის ბურღულით მომზადებულ კექსზე სიროფის დასხმით მზადდება. სასახლის სამზარეულოს ზოგიერთი კერძის მსგავსად რევანი თაროზე შემოდებული და მივიწყებული არ გახლავთ. დღესდღეობით სასადილოებსა და სახლებში მას ისევ დიდი სიამოვნებით მიირთმევენ და მომზადებაც ადვილია. რევანის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. მათგან ერთ-ერთის მიხედვით, მე-17 საუკუნეში სულთან მურად მეოთხემ სომხეთის ქალაქი ერევანი აიღო. სასახლის მზარეულებმა ამ გამარჯვების აღსანიშნავად დესერტი მოიგონეს და სახელად იმ პერიოდში ამ ქალაქის სახელის „რევანი“ დაარქვეს.
რევანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
კექსისთვის:
4 ცალი კვერცხი
1 წყლის ჭიქა შაქარი
1 წყლის ჭიქა მაწონი
1 წყლის ჭიქა ზეთი
1 წყლის ჭიქა მანანის ბურღული
2 წყლის ჭიქა ფქვილი
1 პაკეტი ცომის გასაფხვიერებელი
1 ცალი გახეხილი ლიმონის კანი
სიროფისთვის
4 წყლის ჭიქა შაქარი
5 წყლის ჭიქა წყალი
½ ლიმონის წვენი
2 სუფრის კოვზი გახეხილი ქოქოსი
ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. თავდაპირველად მოამზადეთ დესერტის სიროფი რისთვისაც შაქარი და წყალი ქვაბში ერთმანეთში შეურიეთ. დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 30 წუთი ადუღეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, გამორთეთ და გააგრილეთ. შემდეგ კვერცხი და შაქარი მიქსერით შაქრის გალღობამდე ათქვიფეთ. შემდეგ რიგრიგობით ზეთი, მაწონი, ვანილი, გახეხილი ლიმონის კანი, მანანის ბურღული, გაცრილი ფქვილი და გასაფხვიერებელი დაამატეთ და ისევ ურიეთ. კექსის ყალიბს კარაქი წაუსვით და ცომი მასში ჩაასხით. წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი გამოაცხვეთ. ღუმელიდან გამოღებულ ცხელ კექს ცივი სიროფი დაასხით. მას შემდეგ რაც კექსი მთელ სიროფს შეიწოვს, დაჭერით, ზემოდან გახეხილი ქოქოსი მოაყარეთ და სუფრასთან ისე მიიტანეთ. შეგერგოთ!
მსგავსი ინფორმაციები
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
TRT-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე განაცხადების მიღება გრძელდება
თურქეთმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრირებული პროდუქციის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
თურქეთმა გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრირებული პროდუქციის რაოდენობა 28-მდე გაიზარდა