პენტაგონი ჩინეთს აფრთხილებს

“თუ ჩინეთი სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს რუსეთს, ამას მკაცრი შედეგები ექნება“

1795828
პენტაგონი ჩინეთს აფრთხილებს

პენტაგონის მაღალჩინოსანმა, ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებს 24 თებერვალს დაწყებული უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ ინფორმაციები მიაწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის ოპერაციები საგრძნობლად შენელდა, რადგან უკრაინის არმია მათ მედგარ წინააღმდეგობას უწევს. მანვე პასუხი გასცა კითხვას რუსეთის მხრიდან ჩინეთისგან სამხედრო დახმარების თხოვნის შესახებ და თქვა, რომ თუ ჩინეთი სამხედრო და მატერიალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს რუსეთს, ამას მკაცრი შედეგები ექნება პეკინისთვის. “ჩვენც მოგვივიდა ასეთი ინფორმაციები, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამას ძალიან ახლოდან და ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. თუ პეკინი ამ ომში მატერიალური კუთხით მოსკოვს დაუჭერს მხარს, ამას ჩინეთისათვის ექნება მეტად მძიმე შედეგები“. - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

რუსეთმა კი უარყო გავრცელებული ინფორმციები მათ მიერ ჩინეთისგან სამხედრო აღჭურვილობის და დახმარების მოთხოვნის თაობაზე. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ არმიას შეუძლია ჩინეთის სამხედრო დახმარების გარეშე აიღოს უკრაინა.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #რუსეთი , #ჩინეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები