თურქული პრესა 08.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1943492
თურქული პრესა 08.02.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქაჰრამანმარაშში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 10 პროვინციაში 3 თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტის თქმით, 10 პროვინცია კატასტროფის ზონად გამოცხადდა.

„პრეზიდენტი ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს მადლობას უხდის“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებმაც მიწისძვრის გამო მათ ტელეფონით დაურეკეს და სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადეს. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს, ყველა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურს, რომლებმაც დაგვირეკეს, გამოგვიგზავნეს მესიჯები ამ მძიმე დღეებში. საერთაშორისო თანამეგობრობის, როგორც მორალური ასევე მატერიალური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ღირებულია“.

გაზეთ „Vatan“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „მსოფლიოში ცნობილი ხელოვანებისგან თურქეთის მხარდაჭერის გზავნილები“ და მასში ვკითხულობთ: ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად ნანგრევების ქვეშ მყოფთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მსოფლიოში ცნობილმა სახელებმა თურქეთისადმი სამძიმრის და მხარდაჭერის გზავნილები გამოაქვეყნეს. ამ ცნობილ სახეებს შორის გახლდათ, რასელ კროუ, ანტონიო ბანდერასი, ევგენი გრინკო, დუა ლიპა, მარკ ელიაჰუ და სხვები.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ანტალიაში ტურიზმის პროფესიონალებმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის 9450 ოთახი მოამზადეს. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 15 ათას ადამიანს ოთახები დაეთმობა. ასევე გრძელდება ოთახების რაოდენობის გაზრდის მცდელობები. ათასობით მოხალისემ მოითხოვა რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად წასვლა. სისხლის დონაციის მსურველმა მოქალაქეებმაც დიდი რიგები შექმნეს სისხლის ბანკებთან.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ მრავალმა ქვეყანამ შექმნა დახმარების ფონდები ქაჰრამანმარაშში  მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შაჰბაზ შარიფის დავალებით შეიქმნა ფონდი თურქეთისთვის, ტაივანმა კი გამოაცხადა 2 მილიონი დოლარის დახმარება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ასევე განაცხადა, რომ ისინი ჰუმანიტარულ დახმარებას თურქეთსა და სირიას გაუწევენ. ყირგიზეთმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების კამპანია დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები