თურქული პრესა 16.09.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1706710
თურქული პრესა 16.09.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა გუშინ, "მე-6 ანატოლიური მედიის დაჯილდოების" ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2023 წელი, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავი, ქვეყნის აღორძინების სიმბოლო გახდება

Hürriyet-ი, ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ, "ევროკავშირის მდგომარეობის" შესახებ ტრადიციულ საანგარიშო გამოსვლას და მასში, თურქეთთან ურთიერთობების მიმართ გამოთქმულ გუშინდელ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს: "ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას თურქეთთან, სხვადასხვა სფეროებში ჩვენი ურთიერთობების განსამტკიცებლად."

”ხელმოწერები გაფორმდა მეზობელ საქართველოსთან. ჩვენ მადლობას ვუხდით თურქეთს," ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს Star-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის იუსტიციის მინისტრის, აბდულჰამიტ გიულის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ შეთანხმებას ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქეთს, როგორც მისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტში მხარდაჭერისთვის, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვისაც

Sabah-ი ეკონომიკურ გვერდზე იუწყება, რომ თურქეთში ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი აგვისტოს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და 148 მილიონ დოლარს მიაღწია. “აღსანისნავია, რომ აგვისტოში ყველაზე მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული მეზობელ საბერძნეთში იქნა გატანილი, სადაც ექსპორტი 18-ჯერ გაიზარდა, მას ლიბია და ისრაელი მოჰყვებიან,“ წერს საბაჰი

Haber Türk-ის ეკონომიკური მიმომხილველი, უცხოელების მხრიდან თურქეთში ბინების ყიდვის ბაზარს აშუქებს და წერს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში უცხოელებზე მთლიანობაში 30849 ბინა გაიყიდა. მისივე ინფორმაციით, ამ 8 თვიან პერიოდში 871 ამერიკელმა იყიდა თურქეთში სახლი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5-ჯერ მეტია


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები