თურქული პრესა 01.09.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1700571
თურქული პრესა 01.09.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ, სტამბოლში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს უკვე აქვს უპილოტო საფრენი აპარატების მსოფლიო სტანდარტებით აღჭურვილი უძლიერესი ფლოტი: "ჩვენ აღარ ვართ მათხოვრები უპილოტოების მწარმოებელი ქვეყნების კარიბჭესთან, პირიქით, ახლა მრავალი ქვეყანა ჩვენგან ითხოვს დრონებს. ჩვენი სამხედრო დანიშნულების უპილოტოები კარგად გამოიყენეს სირიაში, ლიბიაში და აზერბაიჯანში, ასე რომ, ამიერიდან ჩვენ არავის კარზე ვიქნებით უპილოტოების მათხოვრები," განაცხადა ერდოღანმა, წერს ჰურრიეთი

Sabah-იც ეხება თურქული უპილოტოების მსოფლიო აღიარებას და წერს, რომ აზერბაიჯანის, ყატარის, უკრაინის, ტუნისისა და ნატო-ს წევრი პოლონეთის შემდეგ, ერაყი გახდა მორიგი ქვეყანა, რომელმაც ანკარისგან თურქული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები მოითხოვა. ერაყის თავდაცვის მინისტრ ჯუმა ინადის თქმით, მათ სურთ თურქეთისგან შეიძინონ ისეთი მოწინავე თანამედროვე იარაღები, როგორებიც არის Bayraktar/ ბაირაქტარ-TB2 ტიპის დრონები და T129 ATAK/ატაკის ტიპის მოიერიშე შვეულმფრენები

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ აღმოჩენილია ბუნებრივი გაზის უდიდესი საბადო, რომელიც დაასრულებს თურქეთის საგარეო დამოკიდებულებას უცხო ქვეყნებზე. ამ თემასთან დაკავშირებით იგი აქვე თურქული ნავთობის კორპორაციის (TPAO) სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მესიჯს ანთავსებს, რომელშიც აღნიშნულია: "ჩვენ წარმატებით დავასრულეთ საქარიას გაზის საბადოში მოქმედი თურქალი-2 სახელწოდების საძიებო ჭაში ჭაბურღილების ტესტი მე-2 რეზერვუარის დონეზე და მალე დავიწყებთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაყვანას."

"ინგლისელმა ავადმყოფმა მსოფლიო მოიარა და ბოლოს თურქეთში იმკურნალა," ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს Yeni Şafak-ი და მასში ვკითხულობთ: 13 წლის ბრიტანელმა მოცეკვავემ ოლივია ბაკლიმ, რომელსაც სქოლიოზის დიაგნოზი ჰქონდა დასმული და სამკურნალოდ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ეწვია, მათ შორის გერმანიას, აშშ-ს, საფრანგეთს, იაპონიას და ა.შ. შვებას მხოლოდ თურქეთში მიაღწია, რადგან თურქმა ექიმებმა განკურნეს იგი. “დიახ, შეგროვებული შემოწირულობებითა და ინვალიდის ეტლით თურქეთში სამკურნალოდ ჩამოსულმა ახალგაზრდა მოცეკვავემ, წარმატებული ოპერაციის შემდეგ ცეკვით დატოვა საავადმყოფო“, ხაზს უსვამს იენი შაფაქი

Habertürk-ი ფრენბურთის მოყვარულებს ახარებს, რომ "ფრენბურთის ბადის სულთნებმა," ე.ი. თურქ ფრენბურთელ ქალთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ანგარიშით 3-0 დაამარცხა პოლონეთი და ნახევარფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ თურქმა ქალებმა ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული შვიდივე მატჩი მოიგეს და ახლა ნახევარფინალში, 3 სექტემბერს  სერბეთი-საფრანგეთის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან, აღნიშნავს ჰაბერთურქი



მსგავსი ინფორმაციები