თურქული პრესა 12.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1689803
თურქული პრესა 12.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წუხელ, ერთ-ერთ კერძო ტელევიზიაში განცხადება გააკეთა  თურქეთის საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით და თქვა: "ჩვენ სერიოზულად ვამაგრებთ და ვამაღლებთ სასაზღვრო კედლებს ირანისა და ერაყის მიმართულებით. რატომ?, იმიტომ, რომ ამ მაღალი კედლებიდან აღარ მოხდეს უკანონო მიგრაცია ჩვენს ქვეყანაში. ამ მაღალი კედლების მშენებლობა გრძელდება და მალე ჩვენი ქვეყნის საზღვრები სირიასთან, ერაყთან და ირანთან გაუვალი გახდება," განაცხადა ერდოღანმა

Vatan-ი იუწყება, რომ პაკისტანში ოფიციალური ვიზიტით ჩასული თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, პაკისტანელმა კოლეგამ ზობაიდა ჯალალმა მიიღო და შეხვედრაზე აქარმა ისაუბრა და ხაზი გაუსვა ტერორიზმის, განსაკუთრებით კი, FETO/ფეტო-ს წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური თანამშრომლობისა და ერთობლივი მოქმედების აუცილებლობაზე

"პროსომხური ამერიკელი კონგრესმენებისგან სკანდალური განცხადება თურქულ უპილოტოებთან დაკავშირებით," ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: აშშ-ის კონგრესის 27 წევრმა, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებიან სომხურ ლობისთან, სახელმწიფო მდივან ანტონი ბლინკენისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნეს, რომ თურქული კომპანია Baykar/ბაიქარის მიერ წარმოებული თავდაცვითი უპილოტო საფრენი აპარატები, ეწინააღმდეგებიან ამერიკის ინტერესებს სამხრეთ აზიაში, კავკასიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში და ახლო აღმოსავლეთში, ამიტომაც ისინი აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ზეწოლა მოახდინონ ანკარაზე და შეაწყვეტინონ მას უპილოტო შეიარაღებული დრონების ექსპორტი

Star-ის ცნობით, ცნობილმა ჩინურმა სმარტფონების მწარმოებელმა კომპანია Vivo/ვივო-მ, 20 მილიონი დოლარის ინვესტიციით, სტამბოლის მახლობელ ქალაქ გებზეში სმარტფონების მწარმოებელი ქარხანა ააშენა, რომელშიც 2 ათასი ადამიანია დასაქმებული და დაგეგმილია მასში წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი მობილური აღჭურვილობის წარმოება. ამავე ცნობით, სმარტფონების პირველი პარტია უკვე გადმოვიდა კონვეიერიდან და ისინი ჯერ თურქეთში გაიყიდება, შემდეგ კი მსოფლიო ბაზრებზეც გაიტანენ

Sabah-ი ინტერვიუს აქვეყნებს სამსუნ-სინოპის მეთევზეთა ასოციაციის ხელმძღვანელ ოსმან ფარლაქთან, რომლის თქმითაც, თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ზღვის ბასების ექსპორტით, ხოლო  კალმახისა და  ზღვის კაპარჭინების ექსპორტით კი მეორეა



მსგავსი ინფორმაციები